ბარიატრიულ ოპერაციებზე მომართვიანობა წელს 20%-ითაა გაზრდილი – დავით აბულაძის კლინიკა

ბარიატრიულ ოპერაციებზე მომართვიანობა წელს 20%-ითაა გაზრდილი – დავით აბულაძის კლინიკა
„ბარიატრიული ოპერაცია უკვე საკმაოდ პოპულარულია საქართველოში, შესაბამისად გასულ წელთან შედარებით, წელს მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზრდილია“, – ამის შესახებ „კომერსანტს“ დავით აბულაძის კლინიკის მენეჯერმა მაგდა აბულაძემ განუცხადა.
მისი თქმით, კლინიკა თვის განმავლობაში ბარიატრიული ოპერაციისთვის საშუალოდ 50-მდე პაციენტს ამზადებს. რაც შეეხება ოპერაციის ღირებულებას, გასულ წელთან შედარებით, ის არ შეცვლილა.
„თვეში საშუალოდ 40-იდან 50 პაციენტამდე ვამზადებთ ოპერაციისთვის. ჩვენთან მიმდინარეობს კონსულტაციები, წინასაოპერაციო კვლევების ჩატარება და ა.შ. ხოლო მომზადების შემდეგ პაციენტები ოპერაციას კლინიკა „ინოვაში“ იკეთებენ.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ პაციენტებისგან თითქმის ყველა იკეთებს ოპერაციას, თუ რა თქმა უნდა, კვლევის ეტაპზე რაიმე ონკოლოგიური პათოლოგია ან სხვა ხელის შემშლელი ფაქტორი არ გამოვლინდება. ჯამში მომართვიანობა წინა წელთან შედარებით, წელს 20%-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება ბარიატრიული ოპერაციის ფასს, ის არ შეცვლილა. 2022 წელს მისი ოდენობა 12 000 ლარი იყო და წელსაც ეს ფასია“, – განმარტა მაგდა აბულაძემ.