თეთრი სახლი ელის, რომ კონგრესი უკრაინისთვის დამატებით დაფინანსებას იანვრის დასაწყისში დაამტკიცებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის სენატში რესპუბლიკელებთან მოლაპარაკებებზე გარკვეული პროგრესი მიღწეულ იქნა, რაც, სავარაუდოდ, იანვრის დასაწყისში უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების პაკეტის დამტკიცებას შესაძლებელს გახდის
“გარკვეული პროგრესი [მოლაპარაკებებზე] მიღწეულ იქნა, მოვლენებს არ გავუსწრებ, მაგრამ უნდა ვნახოთ თუ როგორ განვითარდება ვითარება…
ამ დაფინანსების რაც შეიძლება სწრაფად მიღება გვსურს. როგორც ჩანს, ეს სადღაც იანვარში მოხდება, მაგრამ რაც უფრო ადრე – მით უკეთესი”, – განაცხადა კირბიმ.
მან აღნიშნა, რომ აშშ-ის მთავრობას უკრაინისთვის წლის ბოლომდე კიდევ ერთი სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდების საშუალება გააჩნია, მაგრამ კონგრესის გადაწყვეტილების გარეშე მომავალში ამის საშუალება არ იქნება.
ცნობისთვის, ოქტომბერში თეთრმა სახლმა აშშ-ის კონგრესს დამატებითი დაფინანსების დამტკიცების მოთხოვნით მიმართა, რომელშიც უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარიც შედის. თუმცა დაფინანსების დამტკიცება სენატში პარტიებს შორის მექსიკასთან საზღვრის უსაფრთხოების საკითხის გამო გაიჭედა.