21 დეკემბერს ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მორიგი პროცესი გაიმართება

21 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7-8 მარტის აქციებზე დაკავებული ს საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება. სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.
პროცესის პარალელურად კი სამოქალაქო აქტივისტები საქალაქოსთან შეკრებას გეგმავენ. ამის შესახებ მოძრაობა “სირცხვილია” წერს.
ხვალ, 21 დეკემბერს, 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო სხდომა გაიმართება. კანდიდატის სტატუსის მიღება საქართველოს საბოლოო გამარჯვებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამ გზაზე წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა ლაზარესა და სხვა პატრიოტი მოქალაქეების ბრძოლის გარეშე. გავაგონოთ მხარდაჭერა ლაზარეს სასამართლო დარბაზში!, – წერს “სირცხვილია”.
შეგახსენებთ, რომ 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, მან 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მიმართ, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
იხილეთ ასევე:
· ლაზარე გრიგორიადისის თქმით, განაჩენის შემდეგ, ოჯახი პრეზიდენტს მისი შეწყალების თხოვნით მიმართავს