Korea Airports Corp. (KAC) და Hyundai Engineering & Construction Co. ხელი მოაწერა წინასწარ შეთანხმებას უკრაინის მთავარი აეროპორტის – ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტის რეკონსტრუქციის პროექტში მონაწილეობის შესახებ. ამის შესახებ En.yna.co.kr წერს.
ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტთან გაფორმებული სამმხრივი ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, სამხრეთ კორეის სახელმწიფო აეროპორტის ოპერატორი – KAC, უზრუნველყოფს უსაფრთხოების სანავიგაციო აღჭურვილობას და აეროპორტის მართვის საკონსულტაციო მომსახურებას კიევის აღმოსავლეთით მდებარე აეროპორტში.
Hyundai, სამხრეთ კორეის სიდიდით მეორე მშენებელი, პასუხისმგებელი იქნება პროექტის ინჟინერიაზე, შესყიდვასა და მშენებლობაზე. მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია პოლონეთში, ვარშავაში გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ ომის გამო ბორისპოლის აეროპორტისთვის მიყენებულმა ზარალმა დაახლოებით 3,5 მლრდ UAH (დაახლოებით 100 მლნ დოლარამდე) შეადგინა.