საქართველოში მიმდინარე პროევროპული აქციებისას ასობით ადამიანია დაკავებული. მათ ნაწილს სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა ტელეკამერების წინ. მიყენებული დაზიანებების გამო დემონსტრანტების ნაწილი ჯერ კლინიკებში გადაიყვანეს, შემდეგ კი სასამართლომ მათი დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო.
რადიო თავისუფლებამ მოიპოვა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში პოლიციელთა წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მასალები, რომლებიდანაც რამდენიმე დეტალი ხდება ცნობილი. მათ შორის, ვინ იწერებოდა დაკავების ოქმებში „დამკავებლად“. მოქალაქეთა ნაწილი სასამართლო სხდომებზე ამბობდა, რომ სპეცრაზმის თანამშრომლებმა დააკავეს, თუმცა მათ ნაცვლად ოქმში რიგითი პოლიციელების სახელები და გვარებია ჩაწერილი.
დოკუმენტები 2024 წლის 28 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს ეხება. ამ 10 დღის განმავლობაში პოლიციის მხრიდან ძალადობაზე 99-მა ადამიანმა ისაუბრა.
შედგენილი ოქმების უმრავლესობაში წერია, რომ დემონსტრანტები ტურისტული და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურის პატრულ-ინსპექტორებმა დააკავეს, შედარებით მცირე ნაწილში კი გლდანი-ნაძალადევის, ისანი-სამგორის, მთაწმინდა-კრწანისის სახაზო-საპატრულო სამსახურის პატრულ-ინსპექტორები არიან მითითებული.
იმის მიუხედავად, რომ ყველა მათგანს სამხრე კამერები აქვს, რადიო თავისუფლების მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, სამხრე კამერებით გადაღებული ჩანაწერები საქმეში არ დევს.
2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ, უკვე ოთხი თვეა, რაც საქართველოში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები. ხალხმრავალი აქციები გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, „2028 წლამდე“ დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
აქციების დაწყების შემდეგ, დემონსტრაციების შესაზღუდად „ქართულმა ოცნებამ“ კანონები გაამკაცრა – შეკრებებზე აკრძალა ლაზერების გამოყენება და სახის დაფარვა, გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვასა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. ასევე 15-დან 60 დღემდე გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც.
აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულია ათობით ადამიანი, მათ რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.
