ომის დაწყებაზე გადაწყვეტილებას ვინ იღებს? ვის სურდა ომის დანაშაულის სამხედროებზე გადაბრალება? დაასახელეთ კონკრეტული პირები – სოზარ სუბარი მამუკა ყურაშვილს
რამდენად იკვეთება პოლიტიკოსების როლი იმაში, რომ 2008 წლის ომის დანაშაულის გადაბრალება მომხდარიყო სამხედრო პირებზე, ამ თემაზე 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კომისიის მდივანმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა ისაუბრა, როცა კომისიის მიერ მოწვეულ პირს, გენერალ მამუკა ყურაშვილს დაუსვა შეკითხვები და ის საგაზეთო პუბლიკაციები შეახსენა, სადაც გენერალი თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის შესახებ საუბრობს.
„კეზერაშვილზე როცა საუბრობთ, თქვენი სიტყვებია რუსულად რომ ვთქვათ „ზა ვსიო ბალეეტ, პერეჟივაეტ, ნო ნი ზა შტო ნე ოტვეჩატ“, ანუ არაფერზე პასუხს არ აგებდაო. რას გულისხმობდით ამ სიტყვებში? ამ ინტერვიუს თქვენ იძლევით ომიდან 5 წლის შემდეგ და ემოციები აქ აღარ ჭარბობს. ამავე ინტერვიუში ამბობთ, რომ „ჩემი აზრით, დიდი მსხვერპლი სჭირდებოდათ („სჭირდებოდათში“ ხელისუფლება იგულისხმებოდა), რომ „ბომჟები“ მილიონერები გამხდარიყვნენ. მეტს ვერაფერს ვიტყვი და დანარჩენს გამოძიება დაადგენს”. გამოძიებაა ის, რასაც დღეს ესწრებით და რას გულისხმობდით ამ სიტყვებში? ვინ არიან ის „ბომჟები”, რომელთაც დიდი მსხვერპლი სჭირდებოდათ იმისთვის, რომ მილიონერები გამხდარიყვნენ?
აქ რუსებს არ გულისხმობდით, ვის გულისხმობდით კონკრეტულად – მიხეილ სააკაშვილს, მერაბიშვილს, ადეიშვილს, უგულავას? აბა ომის დაწყებაზე გადაწყვეტილებას ვინ იღებს? ამავე ინტერვიუში თქვენ ამბობთ, რომ ომის დანაშაულის თქვენზე გადაბრალება სურდათ და ვის გულისხმობდით ამაში?” – იკითხა სოზარ სუბარმა. კომისიის მდივნის მხრიდან პუბლიკაციებიდან ამონარიდების წაკითხვის შემდეგ, მამუკა ყურაშვილმა მისი სიტყვების ადრესატებად ჯერ რუსი მაროდიორები დაასახელა და როცა საუბარი ქვეყნის მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეეხო, მასზე პასუხი აღარ ჰქონდა, რის გამოც კომისიის წევრებს მოუბოდიშა კიდეც.
Previous: გამორიცხული არ არის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სხვა თანამშრომლებიც ფინანსდებოდნენ, ამიტომ უპრიანი იქნებოდა ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა გააკეთოს შესაბამისი განმარტება
