„ქვეყანაში ხორბლის დეფიციტია. შარშანდელი ხორბლის მოსავლიდან სულ რაღაც 10% იქნება დარჩენილი“ – ნიკოლოზ ბენიაიძე

ფქვილზე, ქერსა და ქატოზე საიმპორტო გადასახადის გახანგრძლივებას მიესალმებიან ,,მარცვლის მწარმოებელთა ასოციაციაში.” ორგანიზაციის თავმჯდომარე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ დამატებითმა გადასახადმა ფერმერებს წარმოების გაზრდის სტიმული მისცა. ნიკოლოზ ბენიაიძე აცხადებს, რომ 2 წლის წინ ქვეყანაში კრიზისი შეიქმნა, საიდანაც გამოსვლის პროცესი დაიწყო და საჭიროა ამ რეგულაციის ძალაში დატოვება. ,,მარცვლის მწარმოებელთა ასოციაციის” თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ აუცილებელია სასურსათო უსაფრთხოებისა და ბაზრის დაცვა. მას ის მაგალითები მოჰყავს, რომლითაც სხვადასხვა ქვეყანა საკუთარი ბაზრის დაცვას ცდილობს.
,,დამატებითი გადასახადის შემოღებამ წაახალისა ხორბლის წარმოება ანუ ფერმერები და პარალელურად აამუშავა წისქვილები. ფქვილი შემოდიოდა ძალიან დაბალ ფასად და ფერმერები და წისქვილები გაჩერდნენ ფაქტობრივად. 2 წელი იყო დიდი კრიზისი. ამიტომ მიიღო ეს გადაწყვეტილება მთავრობამ. (ფქვილზე, ქერსა და ქატოზე საიმპორტო გადასახადი დააწესა). დაცული უნდა იყოს ბაზარი, როგორც ამას აკეთებენ სხვა ქვეყნები. მთელს მსოფლიოში ხედავთ რა ხდება. მაგალითად, თურქეთმა შარშან იმპორტს 130 %-ით დაუწესა გადასახადი. ევროპამ არ გაატარა უკრაინული ხორბალი და არ შეუშვა, ყველა თავის ბაზარსა და სასურსათო უსაფრთხოებას იცავს. პირველ რიგში, უნდა მოხდეს ბაზრის დაცვა, რომ ადგილობრივი ფერმერები და ადგილობრივი წარმოება იყოს დაცული, რომ ფერმერებმა გააგრძელონ წარმოება და რეალურ ფასში გაყიდონ. რეალური ფასები არის თვითღირებულებაზე 10-15%-ით მოგება. ეს მოგება თუ არ დარჩა არ მოიყვანს ხორბალს ადამიანი. ვერ მოიყვანს ფიზიკურად. ყველა ფერმერს სესხები აქვს აღებული. ის ორი წელი ჩავარდნა იყო. კრიზისიდან გამოსვლა იწყება. თუ ნორმალური, საშუალო ფასები შენარჩუნდება და გაგრძელდება რა თქმა უნდა გაიზრდება მოსავლიანობა და სასურსათო უსაფრთხოება იქნება დაცული.’’- აცხადებს ნიკოლოზ ბენიაიძე.
,,მარცვლის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე’’ ამბობს, რომ ქვეყანაში ხორბლის დეფიციტია, რადგან ფერმერებს საჭირო რაოდენობის მხოლოდ 15-20% მოჰყავთ, საიდანაც სასურსათო დანიშნულების მაქსიმუმ 10%-ია. ნიკოლოზ ბენიაიძე აცხადებს, რომ შესაძლებელია წარმოების 50%-მდე გაზრდა. თუმცა, ამისთვის საჭიროა ქვეყანაში ხარისხიანი სათესლე მასალის შემოტანა და დამუშავებული მიწის ფართობის გაზრდა. ის მიიჩნევს, რომ ნათესების ფართობის გასაზრდელად მცირე ფერმერებმა კოოპერატივები უნდა შექმნან, რაც აგროტექნიკური ღონისძიებების სრულყოფილად ჩატარებისა და მოსავლიანობის გაზრდის შესაძლებლობას მოგვცემს.
,,მსოფლიოში ნათესების 40-დან 60%-მდე არის სასურსათო. დანარჩენი არის საფურაჟე. ანალოგიურია საქართველოში. საქართველო ქვეყნისთვის საჭირო მთლიანი მოცულობის 15-დან 20%-მდე ხორბალს აწარმოებს, სადღაც 7-10% გამოდის სასურსათო. (მსოფლიო სტატისტიკაა ასეთი, წარმოებული ხორბლის საშუალოდ 50% არის სასურსათო) ქვეყანაში არის ხორბლის დეფიციტი და აუცილებლად შემოსატანია ხორბალი. 100% სასურსათო რომ აწარმოონ ფერმერებმა, რაც ბუნებაში არ არსებობს, ამ შემთხვევაშიც არ არის საკმარისი ჩვენი ქვეყნისთვის. თუ ხელშეწყობა იქნება არის ამის დასკვნები, რომ 50%-მდე შეგვიძლია ავიდეთ. საჭიროა ხარისხიანი თესლი შემოვიდეს ქვეყანაში და სწორი ტექნოლოგიები დავნერგოთ. ერთ და ორ ჰა.-იანი მიწების კოოპერატივი უნდა გაკეთდეს აუცილებლად, რომ აგროტექნიკური ღონისძიებები სრულყოფილად ჩატარდეს. 2 ჰექტარში წარმოუდგენელია ყველაფრის ნორმალურად გაკეთება. ჯამში ალბათ 30 000 ფერმერია. პირველი პრობლემა არის კარგი სათესლე მასალა, რომელიც ქვეყანაში არ შემოდის და თუ შემოდის არის ძალიან დაბალი %. ფერმერების 5, მაქსიმუმ 10% თუ თესავს ხარისხიან სათესლე მასალას. მეორე პრობლემაა ნაკვეთების გამასივება, რაც ხელს შეუწყობს პატარ-პატარა ფართობების ათვისებას. დიდი პროცენტი რჩება დაუმუშავებელი.’’- აცხადებს ნიკოლოზ ბენიაიძე.
,,მარცვლის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარეს“ უჭირს წლევანდელი წლის მოსავლის მოცულობის პროგნოზირება. ნიკოლოზ ბენიაიძე განმარტავს, რომ შარშან ქვეყანაში ხორბლის მოსავალი დაახლოებით 150 000 ტონა იყო. რაც ჰექტარზე მაღალმა მოსავლიანობამ განაპირობა, რადგან შარშან ფერმერებმა არსებული ნაკვეთები სრულად ვერ დაამუშავეს. ამას კი თავისი ახსნა აქვს. შარშან წინ ფერმერებმა ხორბალი ვერ გაყიდეს, სარეალიზაციო ფასი კი ძალიან დაბალი იყო, რის გამოც მომდევნო წელს უფრო ნაკლები მიწა დაამუშავეს.
,,რთულია ამის თქმა, როგორი წელი იქნება მოსავლიანობის თვალსაზრისით. ნათესები დათესილია. სადღაც 100 000 ჰა.-მდე ფართობზე ითესება ჯამში. დედოფლისწყარო და სიღნაღი არის ხორბლის ძირითადი მომყვანი. რომ ვთქვათ, რომ 150 000 ტ. მოვა წელს რთულია, წესით ალბათ უნდა იყოს ამდენი მოსავალი. მოსავლიანობას გადაწყვეტს გაზაფხულის წვიმები და დაავადებები. ალბათ ერთ თვეში უფრო შესაძლებელი იქნება სავარაუდო პროგნოზის გაკეთება. შარშან დაახლოებით 150 000 ტონამდე იყო მოსავალი. სტატისტიკა არ არის ზუსტი. გასულ წელს ჰა.-ზე მოსავალი იყო მაღალი, თუმცა ფართობები შემცირებული დაითესა. რადგან შარშან წინ ხორბალი ვერ გაყიდეს ფერმერებმა და თვითღირებულებაზე 30%-ით ნაკლები იყო, ამიტომ ბევრმა ვეღარ დათესა. წელს დათესილია შედარებით, რადგან შარშან ცოტა წამოიწია ფასმა. წელს ნორმალური ფასია ამ ეტაპისთვის. შარშანდელი ხორბლის მოსავლიდან სულ რაღაც 10% იქნება დარჩენილი. ფაქტობრივად აღარ არის. ახალი მოსავლის მოლოდინშია ფერმერიც, წისქვილიც და საცხობიც.’’- აცხადებს ,,მარცვლის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე’’ ნიკოლოზ ბენიაიძე.