რეპრესიები უკვე დაწყებულია – ისინი უკვე დაუპირისპირდნენ არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ საქართველოს ყველა მოქალაქეს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად „ქართული ოცნება“ მიმართავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, „ნაციონალური მოძრაობის“ და „მისი სატელიტი“ პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით.
როგორც წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, აღნიშნული განცხადება არის „ქართული ოცნების“ პასუხი იმაზე, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე ვერ დაარწმუნეს პოლიტიკური ოპონენტები.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის მხრიდან პასუხს 31 მარტს მიიღებს.
„ეს განცხადებები, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკურ ცხოვრებასთან, დემოკრატიასთან და კიდევ უფრო ამყარებს ერთპარტიულობას, სინამდვილეში არის „ქართული ოცნების“ მხრიდან საკუთარი საბრალდებო დასკვნის დაწერა. მათ არ აღმოაჩნდათ უნარი დიალოგი ეწარმოებინათ პოლიტიკურ პარტიებთან, მათ არ აღმოაჩნდათ უნარი ჩაეტარებინათ თავისუფალი, მრავალპარტიული არჩევნები და შესაბამისად, არ აღმოაჩნდათ უნარი მართონ ქვეყანა.
როდესაც მთლიანად არის ტორპედირებული დემოკრატიული სისტემა, მიხვდნენ, რომ არავინ აპირებს „ქართული ოცნებისთვის“ კარის გაღებას და მონაწილეობის მიღებას თვითმმართველობის არჩევნებში, ყველასთვის ცხადია, რომ იზოლაცია ამ პოლიტიკური პარტიის, უკანონო რეჟიმის, სულ უფრო და უფრო ღრმავდება.
ეს არის კლასიკური ავტოკრატიული რეჟიმის ფინალი. ცხადია, რომ მმართველი პოლიტიკური კლასის მორალური და პოლიტიკური დეგრადაცია მოხდა. ისინი არ ლაპარაკობენ ქართველი ხალხის სახელით. ისინი ქართველი ხალხის მხრიდან პასუხს ნახავენ 31 მარტს, როდესაც, ჩემი აზრით, უმაგალითო მასშტაბის დემონსტრაცია იქნება.
ეს არის გარკვეული პასუხი იმაზე, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ვერ დაარწმუნეს და დააშინეს პოლიტიკური ოპონენტები და ვერ მიაღებინეს მონაწილეობა. ეს არის პასუხი იმაზე, რაც მოხდა დღეს ავსტრიაში, როდესაც სრულიად ცხადად განუმარტეს საქართველოს ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ არანაირი კონტაქტები მასთან არ იქნება. ეს არის პასუხი „მეგობარ აქტზე“. ეს არის პასუხი იმაზე, რომ „ქართულ ოცნებაზე“ არავინ საუბრობს, რადგან ის არის აღიარებული უკანონო ხელისუფლებად.
რეპრესიები უკვე დაწყებულია. 50 ადამიანი თავისუფალი აზრის გამოთქმისთვის, საქართველოს სიყვარულისთვის დღეს ციხეში ზის. ათობით ადამიანი ნაცემია. ასობით ადამიანია დაჯარიმებული. ასე რომ, რეპრესიები დაწყებულია, თუ ეს რეპრესიები შეგვეხება ჩვენ, როგორც პოლიტიკურ პარტიის წარმომადგენლებს, ეს იქნება ნიშანი იმისა, რომ ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად მივიღებთ ყველა იმ დარტყმას, რაც ამ რეჟიმისგან მოდის. ისინი უკვე დაუპირისპირდნენ არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ საქართველოს ყველა მოქალაქეს“,- განაცხადა წიკლაურმა.
