Edison Research ფორმულას დაკვეთით ჩატარებული ბოლო გამოკითხვის შედეგების გაყალბებასთან დაკავშირებით იმედის, რუსთავი 2-სა და POSTV ბრალდებებს ეხმაურება და განმარტავს დამრგვალების წესს, რის საფუძველზეც, პარტიების რეიტინგებმა 100%-ს გადააჭარბა.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ დამრგვალებულ მონაცემებს არ შეუცვლია არცერთი პარტიის რეიტინგი, შესაბამისად, მას კვლევის სანდოობასთან კავშირი არ აქვს.
“Edison საქართველოში გამოკითხვებს 13 წელია ატარებს, ჩვენ მუდმივად ვატარებთ მათ სრული სიზუსტით. საქართველოში ჩვენი კლიენტები გვქირაობენ იმ გაგებით, რომ ჩვენ სრულიად დამოუკიდებლად ვმუშაობთ. ჩვენი საარჩევნო გამოკითხვები არის ძალიან ზუსტი და თითქმის ყოველთვის უფრო მეტად ახლოს საბოლოო შედეგებთან, ვიდრე გამოკითხვები, რომლებსაც ის მედიები ატარებენ, რომლებიც ახლა თავს გვესხმიან.
აშშ-ში Edison Researcher 2004 წლიდან არის ერთადერთი მიმწოდებელი საარჩევნო მონაცემების, პროგნოზებისა და ანალიზის ეროვნული საარჩევნო ფონდისთვის (ABC News, CBS News, CNN და NBC News) როგორც საპრეზიდენტო პრაიმერისთვის, ასევე, საყოველთაო არჩევნებისთვის. ჩვენს პროგნოზებს Reuters მსოფლიოს გარშემო კლიენტებისთვის ავრცელებს. ეროვნული საარჩევნო ფონდი 20 წლის განმავლობაში ეყრდნობა Edison-ს, რადგან ისინი ენდობიან ჩვენს მეთოდებსა და მონაცემებს.
ჩვენზე თავდასხმების საფუძველი არის აბსურდი – იმედი, რუსთავი 2 და POSTV აცხადებენ, რომ პარტიული რეიტინგების 101% დამრგვალების გამო, ჩვენი კვლევები გაყალბებულია. ისინი ამტკიცებენ, რომ დამრგვალებული მონაცემი არის TV ფორმულას მიერ მონაცემების გაყალბების შედეგი.
Edison Research-მა ჩვენს კლიენტს, TV ფორმულას მიაწოდა როგორც დაუმუშავებელი, ასევე, დამრგვალებული მონაცემები. ეს დამკვიდრებული პრაქტიკაა ჩვენი მედია კლიენტებისთვის, მათ შორის CNN, ABC, CBS და NBC-სთვის, რომ გამოაქვეყნონ დამრგვალებული მონაცემები, რათა მაყურებლისთვის მისი გაგება ათწილადების გარეშე უფრო მარტივია.
დამრგვალების წესის თანახმად, ციფრი, რომელიც მეათედის შემდეგ მოდის დამრგვალების განმსაზღვრელი ხდება, მაგალითად, თუ ასეთია 5 ან მეტი, ის დამრგვალდება შემდეგ მთელ რიცხვამდე. ამ შემთხვევაში, მიწოდებული რიცხვები მთელებამდე დამრგვალდა. მაგალითად, ალექსანდრე ელისაშვილის პარტია მოქალაქეების დაუმუშავებელი მონაცემი იყო 2,75828215304044%, რომელიც დამრგვალდა 3%-მდე. უნდა აღინიშნოს, რომ დამრგვალებას არ შეუცვლია არცერთი პარტიის რეიტინგი, შესაბამისად, არც გამოკითხვის კონტექსტი. ეს არის მიზეზი, რის გამოც, მონაცემებმა, შესაძლოა, 100%-ს გადააჭარბოს, რასაც არ აქვს კავშირი გამოკითხვის სანდოობასთან”, – აღნიშნულია განცხადებაში.
სამთავრობო მედიები აქტიურად აშუქებენ დეზინფორმაციას, თითქოს ფორმულას დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგები გაყალბებული იყო. ამაზე ისაუბრა ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, რომელმაც თქვა, რომ “102 პროცენტს რომ დაწერ და ვერ დაიანგარიშებ, საშინელ აგონიას ნიშნავს სიყალბესთან ერთად”.