ადამიანის უფლებადაცვითი საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, უარი თქვას კანონპროექტზე, რომელიც სისხლისსამართლებრივი სასჯელს ითვალისწინებს სამოქალაქო აქტივისტებისა და არასამთავრობო ჯგუფებისთვის, რომლებიც უარს აცხადებენ „უცხოურ აგენტებად“ დარეგისტრირებაზე.
„კანონპროექტი არღვევს ადამიანის უფლებათა ფუნდამენტურ ნორმებს და მისი მიღების შემთხვევაში სერიოზულად დააზარალებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და კიდევ უფრო გაამწვავებს ადამიანის უფლებათა კრიზისს, რომელიც ხელისუფლებამ ბოლო თვეებში გამოიწვია“, — ნათქვამია HRW-ის განცხადებაში.
Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორი ჰიუ უილიამსონი ამბობს, რომ ეს კანონპროექტი დამოუკიდებელ აქტივისტებსა და ჯგუფებს აძლევს „ცრუ არჩევანს“, მიიღონ უცხოური აგენტის უსაფუძვლო და სტიგმატიზებული იარლიყი, ციხეში ან გადასახლებაში აღმოჩნდნენ, ან საერთოდ მიატოვონ თავიანთი საქმიანობა“.
„ეს შეიძლება, საქართველოს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების დასასრული იყოს“, — თქვა უილიამსონმა.
HRW ხაზს უსვამს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის მთავარმა ავტორიტეტულმა ორგანოებმა დაადგინეს, რომ 2024 წლის უცხოური გავლენის კანონი არღვევს ადამიანის უფლებათა ნორმებს.
„მთავრობას სულ უფრო ღრმად ჩაჰყავს საქართველო ადამიანის უფლებათა კრიზისში. ხელისუფლებას შეუძლია თავიდან აიცილოს კრიზისის გაუარესება და უცხოელი აგენტების კანონპროექტის გაუქმებით აჩვენოს, რომ ინარჩუნებს გარკვეული პატივისცემას ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობისადმი”, — დასძინა უილიამსონმა.
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც მმართველი პარტიის თქმით, ამერიკული უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ასლია.
კანონის აღმასრულებელი ორგანო ანტიკორუფციული ბიურო იქნება, რომლის ხელმძღვანელიც რაჟდენ კუპრაშვილია.
„FARA-ს ასლით“ ნებისმიერი საქმიანობა შეიძლება ჩაითვალოს უცხოური ძალის ჩარევად და ასევე ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი – აგენტად.
წყარო: ნეტგაზეთი
