The Atlantic-მა გამოაქვეყნა იემენში ჰუსიტებზე თავდასხმის გეგმები, რომელიც აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა Signal-ში ჯგუფურ ჩატში გააზიარა.
ჟურნალმა თავდაპირველად არ გამოაქვეყნა ჯგუფური ჩატის მიმოწერის სრული დეტალები, არ სურდა რა სენსიტიური საიდუმლო ინფორმაციის გავრცელება. მაგრამ მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციის წევრებმა გამოცემა სიცრუეში დაადანაშაულეს და უარყვეს, რომ ჩატში რაიმე საიდუმლო იწერებოდა, გამოცემაში გადაწყვიტეს გაავრცელონ მანამდე დაფარული მიმოწერაც. The Atlantic-ის თანახმად, ერთადერთი, რასაც ახლაც არ აზიარებენ, ჩატში მყოფი უშიშროების აგენტის ვინაობაა.
ახლადგამოქვეყნებული შეტყობინებები აჩვენებს, რომ თავდაცვის მდივანი ჯგუფის წევრებს უზიარებს უპილოტო და სარაკეტო თავდასხმების გეგმებს, რომლებიც მოიცავს ინფორმაციას სამიზნეების, მათი ადგილმდებარეობის და იერიშის მიმტანი თვითმფრინავებისა და დრონების შესახებ.
შემდეგ ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკლ უოლცი აფასებს დარტყმების შედეგებს.
„როგორც წესი, ჩვენ არ ვაქვეყნებთ ინფორმაციას სამხედრო ოპერაციების შესახებ, თუ ამ ინფორმაციამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ამერიკელი პერსონალის სიცოცხლეს. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ [თავდაპირველ სტატიაში] დახასიათებულიყო გაზიარებული ინფორმაციის ბუნება და არა თავდასხმების კონკრეტული დეტალები. ჰეგსეტის, გაბარდის, რეტკლიფის და ტრამპის განცხადებებმა — შერწყმულმა ადმინისტრაციის მრავალი მაღალჩინოსნის მტკიცებასთან, რომ ჩვენ ვიტყუებით სიგნალის ტექსტების შინაარსზე — გვაფიქრებინა, რომ ადამიანებმა უნდა ნახონ ტექსტები, რათა საკუთარ დასკვნები გამოიტანონ. აშკარაა საჯარო ინტერესი იმ სახის ინფორმაციის გამჟღავნებაში, რომელიც ტრამპის მრჩევლებმა არაუსაფრთხო საკომუნიკაციო არხებში განიხილეს, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენლები ცდილობენ შეამცირონ გაზიარებული გზავნილების მნიშვნელობა. ექსპერტებმა არაერთხელ გვითხრეს, რომ სიგნალის ჩატის გამოყენება ასეთი მგრძნობიარე დისკუსიებისთვის საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას. მაგალითად, გოლდბერგმა მიიღო ინფორმაცია თავდასხმების შესახებ ჰუსიტების პოზიციების დაგეგმილი დაბომბვის დაწყებამდე ორი საათით ადრე. თუ ეს ინფორმაცია არასწორ ხელში ჩავარდებოდა ამ გადამწყვეტ ორსაათიან პერიოდში, ამერიკელი მფრინავები და სხვა ამერიკული პერსონალი შესაძლოა უფრო დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩენილიყვნენ, ვიდრე ჩვეულებრივ“, — წერს „ატლანტიკი“.
თეთრი სახლის პრესსპიკერი კეროლაინ ლევიტი გამოეხმაურა The Atlantic-ის ახალ სტატიას და თქვა, რომ ეს არის „კიდევ ერთი ტყუილი დაწერილი ტრამპის მოძულე კაცის მიერ“. მისივე მტკიცებით, ახლად გამოქვეყნებულმა ჩატის შინაარსმა დაადასტურა, რომ ეს არ იყო ომის გეგმები.
შეგახსენებთ, ამერიკული გამოცემა The Atlantic-ის მთავარი რედაქტორი ჯეფრი გოლდბერგმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა მაიკლ უოლცმა ის სავარაუდოდ შემთხვევით დაამატა Signal-ის დახურულ ჩატში სახელწოდებით “Houthi PC small group”, სადაც ადმინისტრაციის წევრები ჰუსიტებზე თავდასხმის გეგმას განიხილავდნენ.
გოლდბერგი ამბობს, რომ უყურებდა ჯგუფური ჩატის განხილვას სამხედრო დარტყმების მიზნებსა და ვადებზე. და ეს გეგმები ზუსტი აღმოჩნდა, როდესაც შეერთებულმა შტატებმა 15 მარტს დაიწყო იემენში ჰუსიტებზე საჰაერო თავდასხმები, რომლებიც ემთხვეოდა ჯგუფური ჩატში განხილულ გეგმებს.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს გამოესარჩლა და თქვა, რომ ის არაა გაბრაზებული მაიკლ უოლცზე და ეს მისი ერთადერთი იაღლიშია ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თანაც არასერიოზული.
„გაკვეთილი ისწავლა. ის კარგი კაცია“, — თქვა ტრამპმა NBC-სთან, როდესაც მას ჰკითხეს, ისევ ენდობოდა თუ არა უსაფრთხოების საკითხებში თავის მრჩეველს.
ტრამპმა მომხდართან დაკავშირებით, საიდუმლო მიმოწერაში გარეშე პირი, თანაც ჟურნალისტი რომ აღმოჩნდა, უოლცს დაქვემდებარებული დაბალი რანგის პერსონალი დაადანაშაულა, თუმცა აღნიშნა, რომ ჟურნალისტის მოხვედრას მიმოწერაში არაფერი შეუცვლია.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერმა დაადასტურა სიგნალის მიმოწერის ავთენტურობა, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციისთვის მიუღებელი იყო გოლდბერგისეული განმარტებები, რომ ეს ომის გეგმები იყო.
„საომარი გეგმების შესახებ იქ არავინ წერდა“, — განაცხადა ჰეგსეტმა. იგივე გაიმეორა თეთრი სახლის პრესმდივანმაც, რასაც თავის მხრივ ისევ გამოეხმაურა გოლდბერგი და ამგვარ თავის მართლებას ტყუილი უწოდა.
Signal-ის დახურულ ჩატში იყვნენ: აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვანსი, თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი, CIA-ის ხელმძღვანელი ჯონ რეტკლიფი, ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი და სხვები, სულ 18 ადამიანი.
ამ თემაზე:
ტრამპი უოლცს გამოესარჩლა სიგნალის ჩატთან დაკავშირებულ სკანდალზე
