გარედან მიღებული დავალებები იყო? – რა კითხეს ვაშაძეს წულუკიანის კომისიაში აგვისტოს ომზე

დღეს, 26 მარტს, „ქართული ოცნების” პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გრიგოლ ვაშაძეს მოუსმინეს.
„ქართულმა ოცნებამ“ კომისია 2003-2012 წლებში მოქმედი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისა და იმდროინდელი თანამდებობის პირების საქმიანობის შესასწავლად შექმნა და მას ხელმძღვანელობს.
დღევანდელი სხდომის განსახილველი საკითხი 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი იყო.
გრიგოლ ვაშაძე 2008 წელს ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, შემდეგ კი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო 2008-2012 წლებში.
გრიგოლ ვაშაძისთვის დასმული კითხვები ძირითად იმას შეეხებოდა, იყო თუ არა შესაძლებელი 2008 წლის აგვისტოს ომის აცილება და ხომ არ მოქმედებდა მაშინდელი პრეზიდენტი გარედან მიღებული დავალებებით.
გრიგოლ ვაშაძის მოსმენამდე სხდომაზე დისტანციურად მოუსმინეს მიხეილ ქარელს, 2004-2007 წლებში შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულს. მიხეილ ქარელი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას, 2007 წელს სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო ჩარევისა და ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.
ქარელის თქმით, „სააკაშვილს ისეთი რიტორიკა ჰქონდა, თითქოს ყველაფერი უკვე შეთანხმებული იყო დიდ სახელმწიფოებს შორის უბრალოდ, პატარა ბიძგი და ჩამოიშლებოდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება, აღდგებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა“. მისივე განცხადებით, სააკაშვილმა მას ბოლო შეხვედრისას უთხრა, რომ „ამერიკელები მიხედავენ რუსეთს“.
სწორედ ქარელის ამ განცხადებასთან დაკავშირებით დაუსვა გრიგოლ ვაშაძეს ერთ-ერთი კითხვა თეა წულუკიანმა. ის დაინტერესდა, ვაშაძესთანაც ხომ არ უთქვამს სააკაშვილს მსგავსი რამ.
„მიხეილ ქარელმა თქვა, რომ სააკაშვილი მის კაბინეტშიც, როდესაც შეხვედრები იმართებოდა, ამბობდა, რომ ორ დიდ სახელმწიფოსთან არის შეთანხმებული ის, რომ ჩვენ ცხინვალი ძალისმიერი მეთოდით დავიბრუნოთ. მან სააკაშვილის ციტატა მოიყვანა, რომ „ამერიკელები მიხედავენ რუსებს“. ყველას მინდა შევახსენო, რომ სააკაშვილი იმავდროულად მთავარსარდალიც იყო.
„რას გულისხმობს ეს, რომ ამერიკელები მიხედავენ რუსეთს და მე ავიყვან ჩემს ჯარს და შევიყვან ცხინვალში?“, – ჰკითხა წულუკიანმა ვაშაძეს.
ვაშაძემ ქარელის აღნიშნულ განცხადებას სისულელე უწოდა.
„ამ კომისიას ვცემ პატივს, ქალბატონო თეა, ამიტომ არ გამოვიყენებ იმ სიტყვებს, რა სიტყვებიც გამოყენებაც მინდა [ქარელის მიმართ]. ამისთანა სისულელე არ გამიგია არც პრეზიდენტისგან, არც ადმინისტრაციის სხვა წევრისგან“, – განაცხადა ვაშაძემ წულუკიანის პასუხად.
წულუკიანი ასევე დაინტერესდა, თუ ენმ-ის ხელისუფლებამ იცოდა ს გეგმების საომარი და საოკუპაციო შესახებ, რატომ არ გააფრთხილა რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა მოსახლეობა.
ამასთან, წულუკიანს კითხვები ჰქონდა იმასთან დაკავშირებითაც, თუ საიდან ჰქონდა მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ინფორმაცია რუსეთის მასირებული თავდასხმისა და მისი სამხედრო ტექნიკის განლაგების შესახებ.
„ვინ შეგატყობინათ მასირებული თავდასხმის შესახებ სოფელ ნულზე, საიდან იცოდით საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ 7 აგვისტოს სად იყო რუსული ტექნიკა? თუ ეს ყველაფერი იცოდით, რატომ არ გააფრთხილეთ მოსახლეობა, რომელიც აღმოჩნდა მახეში?… იცოდით, რომ მინიმუმ 4 აგვისტოდან იმ რეგიონში მოსახლეობას აქვს ეგზისტენციალური საფრთხე, რატომ არ გააფრთხილეს? რა იმსჯელეს უშიშროების საბჭოზე“, – ჰკითხა წულუკიანმა ვაშაძეს.
წულუკიანის პასუხად გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებდა, რათა ომი არ დაწყებულიყო.
„თქვენ 4 აგვისტო ახსენეთ, 31 ივლისიდან მიდიოდა უკვე ქართული სოფლების პერიოდული დაბომბვა, თან იმ კალიბრის იარაღით, 82 და 122 არტილერიით, რომლის შეტანაც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კატეგორიულად აკრძალული იყო. ინფორმაცია მოდიოდა რამდენიმე წყაროდან: მოკავშირეები, დაზვერვა, თავდაცვის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო, რაც შეეხებოდა დიპლომატიურ ასპექტს ამ უკვე დაწყებული ომის. როდესაც დავხურავთ სხდომას, მე თქვენ 2 დოკუმენტს მოგცემთ ინგლისურად და აგიხსნით საიდან რა ვიცოდით. რაც შეეხება გაფრთხილებას, ეს ჩემი პირდაპირი ფუნქცია არ იყო და მე რამდენჯერმე ეს საკითხი უშიშროების საბჭოზე ვახსენე და მითხრეს, რომ ამას საჭიროების შემთხვევაში მივხედავთო. მეორე მხრივ, საქართველო ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ომი არ დაწყებულიყო. მაშინ, როცა რუსეთის ფედერაციას დემონსტრაციულად გაჰყავდა მოსახლეობა, სრული შთაბეჭდილება შეიქმნებოდა, რომ ჩვენც ომისთვის ვემზადებით და გაგვყავს მოსახლეობა. ეს იყო ერთ-ერთი მოსაზრება, რომელიც მაშინ გამოითქვა“, – განაცხადა ვაშაძემ წულუკიანის პასუხად.
ამის შემდეგ წულუკიანმა სამდივნოს მიმართა, რომ ვაშაძის „ეს პასუხი განსაკუთრებული ყურადღებით მოინიშნოს“
წულუკიანის კითხვები ასევე შეეხებოდა იმას, მოქმედებდა თუ არა მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის გარედან მიღებული დავალებებით.
„როდესაც გაქვს მილიტარისტული რიტორიკა, იცნობ რუსეთს, იცი რა შეიძლება ამას მოჰყვეს, არ გინდა შერიგება შენივე თანამემამულეებთან, რომლებიც დროებით გამყოფი ხაზის იქით დაგრჩა, თქვენი აზრით, ეს უბრალოდ, ბოდიში გამოთქმისთვის, სიგიჟეა? გაუწონასწორებელი ადამიანის სიშლეგეებია, რომელმაც მის გარშემო, 2004-2007 წლებში განსაკუთრებით, ისეთი ხალხი შემოიკრიბა, 2-3 კაცთან ერთად იჯდა და ღამე გადაწყვეტილებებს იღებდა, ამის ბრალია? სიშლეგეა თუ ეს არის გარედან, საიდანღაც, აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან მიღებული დავალებები, რომ შეასრულეთ, მიზანმიმართულად დაშალეთ ქვეყანა და ჩააბარეთ ტერიტორიები რუსეთს?“ – იკითხა წულუკიანმა.
მიუხედავად იმისა, რომ თეა წულუკიანს არ დაუკონკრეტებია „გარედან მიღებულ დავალებებში“ დასავლეთს გულისხმობდა თუ არა, გრიგოლ ვაშაძემ მისი ეს განცხადება სწორედ ასე აღიქვა და უპასუხა, რომ მსგავსი რამ აბსოლუტურად გამორიცხულია.
„აბსოლუტურად გამორიცხულია, რომ ვიღაცას ჩვენთვის დასავლეთიდან ეთქვას, რაღაც სამხედრო ავანტიურაში ჩაებითო. იმისათვის, რომ ჩვენ შევაფასოთ ეს განცხადებები, მე პირადად უნდა მქონდეს იმ ხარისხისა და რაოდენობის ინფორმაცია, რომელიც მქონდა როგორც მოადგილეს და მინისტრს. ტერმინებში ვერ დაგეთანხმებით, ქალბატონო თეა, სიგიჟე და სიშლეგე ნამდვილად არ ახასიათებდა [მიხეილ სააკაშვილს], ემოციურობა შეიძლება ხანდახან, მაგრამ კარგად მოფიქრებული იყო ყველაფერი, რასაც აკეთებდა. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რაც მე, როგორც დიპლომატს, საქართველოს მოქალაქეს, ადამიანს, რომელსაც წვდომა ჰქონდა უზომოდ ხარისხობრივ და უზომო რაოდენობის ინფორმაციაზე – საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის ჯერ პროქსი, შემდეგ კი პირდაპირი ომი არ შეწყვეტილა 1990-იანი წლებიდან. ეს განპირობებული იყო რუსეთის ფედერაციის იმპერიალისტური ინტერესებით. არასოდეს, ისევე როგორც დღეს, რუსეთის ფედერაციას არ სჭირდებოდა თანასწორი, საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული ურთიერთობა სუვერენულ საქართველოსთან“, – განაცხადა ვაშაძემ წულუკიანის პასუხად.
გრიგოლ ვაშაძესთან კითხვები ჰქონდა „ქართული ოცნების“ განაყოფის „ხალხის ძალის“ წევრს, სოზარ სუბარსაც.
სუბარმა ვაშაძეს ჰკითხა სთავაზობდა თუ არა სააკაშვილი რუსეთს საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე უარს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხების გადაჭრის სანაცვლოდ.
„მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთს შევუთვალე მე უარს ვამბობ ნატოზე თუ დავლაგდებით სა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებითო. იყო თუ არა ასეთი შეთვლა, რადგან ამის დოკუმენტი ვერ ვნახეთ. რა იცით ამის შესახებ, სტრატეგიული ობიექტების გადმოცემაზე იყო ლაპარაკი? აეროპორტებზე? მმართველობის ნებისმიერ ფორმას ვთავაზობთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხელისუფლებებს და პლუს ნატოზე უარს? რა დონის მოლაპარაკება იყო?“ – იკითხა სოზარ სუბარმა.
სოზარ სუბარის პასუხად გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ არასდროს სააკაშვილის ადმინისტრაციაში საქართველოს სუვერენიტეტის ნაწილზე უარის თქმა არავის აზრად არ მოსვლია.
„არასოდეს არსად არცერთ საუბარში, პრეზიდენტ სააკაშვილს ფიქრადაც არ გაუვლია ჩვენი სუვერენიტეტის ნაწილზე უარის თქმა. პარლამენტის წევრები ბრძანდებით და დამეთანხმებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ არჩევანზე უარის თქმა ნიშნავს სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას. არსად არასდროს, ოფიციალურად და არაოფიციალურად, არ გამიგია, არ მინახავს, არ დავსწრებივარ და არ მჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილს ასეთი განცხადება გაეკეთებინოს. თეორიულად შეიძლება სატელეფონო საუბარში ეკითხა, რა რაში იცვლება, მაგრამ მე ამას არ დავსწრებივარ. თუმცა, როგორც გესმით, დიპლომატიაა და უხეშად რომ ვთქვათ, აღებ-მიცემობაა. მაგრამ არასდროს, საქართველოს სუვერენიტეტის ნაწილზე უარის თქმა არავის იმ ადმინისტრაციაში თავში არ მოსვლია. იმ მიზეზითაც არ მოსვლია არავის თავში, როცა რუსებმა თქვეს, რომ „ნატოზე ვაჭრობაც კი არ შეიძლება, იმიტომ, რომ თქვენი ნების მიუხედავად, შეგათრევენ, რაკეტებს დააყენებენ თქვენს ტერიტორიებზე და დაუმიზნებენ რუსეთის ფედერაციას“, – განაცხადა ვაშაძემ სოზარ სუბარის პასუხად.
ამასთან, დღევანდელ სხდომაზე თეა წულუკიანმა არ გამორიცხა, რომ კომისიაზე გამოსაკითხად მიხეილ სააკაშვილიც მიიწვიონ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ძაბირაძე – წინააღმდეგობის პლატფორმა სალომე ზურაბიშვილის მესამე აქტია ახალი სათაურით, ძველი თემებით, თუმცა მას რა მოწოდებაც არ უნდა გაეკეთებინა, მხარდაჭერა სჭირდებოდა და ვინ იყო მისი მხარდამჭერი?