ნაპოვნია ბავშვი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ცოფიანმა ძაღლმა დაკაწრა

ნაპოვნია მოზარდი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ცოფიანმა ძაღლმა დაკაწრა თბილისში. ბავშვი მშობელთან ერთად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია.
არსებული ინფორმაციით, მოზარდს ცოფის საწინააღმდეგო სამი ვაქცინა აქვს გაკეთებული. ბოკერიას კლინიკაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მშობელს არ სურს მედიასთან კომუნიკაცია და სწორედ ამის გამო დეტალებზე ვერ საუბრობენ.
რადიო თავისუფლება ცდილობს შესაბამის სახელმწიფო უწყებასთან დეტალების დაზუსტებას.
ბავშვის დაკაწვრის შესახებ ინფორმაცია სურსათის ეროვნულ სააგენტოში 18 დეკემბერს შევიდა. შემტყობინებელი აცხადებდა, რომ მოკვდა ძაღლი, რომელმაც რამდენიმე დღით ადრე ბავშვი დაკაწრა. ის ითხოვდა ჩასტარებოდა მიუსაფარ ძაღლს ლაბორატორიული კვლევა.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პასუხის მიღებიდან მალევე, 19 დეკემბრის გვიან საღამოს, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ძაღლს ცოფი დაუდასტურდა და მოზარდის მოძებნაში დახმარება ითხოვა.
ბავშვის იდენტიფიცირებას ართულებდა ის ფაქტი, რომ კამერების ხედვის არეალში არ ექცევა კახეთის გზატკეცილზე “გალფის” ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორია, სადაც შემთხვევა მოხდა.
ცოფის ვაქცინის გაკეთება აუცილებელია ყველა შემთხვევაში, როცა ადამიანს ცხოველი დაკბენს, დაკაწრავს ან დანერწყვავს ღია ჭრილობაზე. ვაქცინა ერთჯერადად არ კეთდება, რიგ შემთხვევაში აუცილებელია 3 ინიექცია, ზოგჯერ კი – 5. გადაწყვეტილებას იღებს ექიმი. ცოფი იწვევს სიკვდილს, თუ ინფიცირებული ვაქცინას არ გაიკეთებს.

ასევე დაგაინტერესებთ