რა მოცულობის ელექტროენერგია გაიყიდა 2024 წელს ენერგეტიკულ ბირჟაზე?

რა მოცულობის ელექტროენერგია გაიყიდა 2024 წელს ენერგეტიკულ ბირჟაზე?
2024 წლის ბოლოსთვის, საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟის დღით ადრე ბაზარზე რეგისტრირებული იყო 21 მონაწილე – ამის შესახებ აღნიშნულია ბირჟის ანგარიშში.
რეგისტრირებული მონაწილეების უდიდესი ნაწილი – 9 მონაწილე ელექტროენერგიის მწარმოებელი კომპანია იყო, 7 – საბოლოოდ მომხმარებელი, 3 – სისტემის ოპერატორი და 2 – მიმწოდებელი.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2024 წელს ბირჟაზე ჯამურად ნავაჭრი რაოდენობა შეადგენს 17,490 მგვტ.სთ. ხოლო, საშუალო შეწონილი ფასი – 134.55 ლარი/მგვტ.სთ-ს (13.455 თეთრი/კვტ.სთ).
„ყველაზე მეტი ელექტროენერგიის ვაჭრობა მოხდა გასული წლის ივლისში – 11,624.6 მგვტ.სთ საბალანსო ელექტროენერგიის თვის ფასი ყოველთვის იყო უფრო მაღალი, ვიდრე ბირჟაზე ამ თვის განმავლობაში დაფიქსირებული უმაღლესი ფასი. შესაბამისად, ელექტროენერგიის მყიდველებმა, ჯამურად 17,490 მგვტ.სთ ელექტროენერგიის შესყიდვით დაზოგეს დაახლოებით 440 000 ლარი“, – ვკითხულობთ ანგარიშში.
გარდა ამისა, გასულ წლის ივლისი-დეკემბრის განმავლობაში ბირჟაზე ელექტროენერგიაზე მოთხოვნა მიწოდებას მკვეთრად აჭარბებდა.
„ბაზარი თვის/წლის ჭრილში არის მუდმივად დეფიციტური – მოთხოვნა ყოველთვის აჭარბებს მიწოდებას. შესაბამისად, ელექტროენერგიის გამყიდველისთვის უფრო მარტივია მყიდველის პოვნა, ხოლო ელექტროენერგიის მყიდველებისთვის არ არის საჭირო რაოდენობა ხელმისაწვდომი.
2024 წლის ივლისი-დეკემბრის განმავლობაში ბირჟაზე მოთხოვნა მკვეთრად მეტი იყო მიწოდებაზე. ამ პერიოდში ბირჟაზე დაფიქსირდა ჯამურად 1,545,806.24 მგვტ.სთ ელექტროენერგიის შესყიდვის სურვილი (მოთხოვნა), ხოლო გამყიდველებმა შესთავაზეს 67,723.2 მგვტ.სთ-ს (მიწოდება)“, – აღნიშნულია ენერგეტიკული ბირჟის ანგარიშში.
შეგახსენებთ, საქართველოში ელექტროენერგიის პირველმა ბირჟამ 2024 წლის 1-ლი ივლისიდან პერიოდულად გახსნა დაიწყო. ამ ეტაპზე ვაჭრობა დღით ადრე და დღიური მოდელით არის შესაძლებელი. რაც შეეხება საათობრივ ვაჭრობას, მისი, ისევე როგორც საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების პერიოდი 2025 წლის 1-ელ ივლისამდე გადავადდა.
ვაჭრობაში ჩართვა ნებაყოფლობითია და შეუძლიათ გენერაციის ობიექტების მფლობელებსა და ელექტროენერგიის მომხმარებლებს. თუმცა „მომხმარებლებში“ მოსახლეობა და მცირე ბიზნესი არ არის გათვალისწინებული, აქ საუბარია ენერგეტიკულ ბირჟაზე წარმოდგენილ საშუალო და მსხვილ ბიზნესებზე.