თურქეთში განვითარებულ პროცესებსა და იმაზე, ვითარებაში, როცა ევროპას სჭირდება თურქეთი, სავარაუდოდ, როგორ დასრულდება პრეზიდენტ ერდოღანის ბრძოლა მის კონკურენტ „სახალხო რესპუბლიკურ“ პარტიასთან, ასევე იმაზე, რას შეიძლება ნიშნავდეს აშშ–რუსეთის მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელად რუსი დიპლომატის, კარასინის დანიშვნა, რა მოლოდინები არსებობს აშშ-ს სენატში საქართველოსთან დაკავშირებული საკითხის განხილვასთან დაკავშირებით, „ინტერპრესნიუსი“ აღმოსავლეთმცოდნეს, ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა.
– ბატონო ზურაბ, გასულ კვირას, თურქმა სამართალდამცავებმა სტამბულის მერი და პრეზიდენტ ერდოღანის პოლიტიკური ოპონენტი იმამოღლუ და მისი თანაგუნდელები დააკავეს.
დაკავებულებს ბრალად ედებათ ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირი და კორუფცია. დაკავების წინა დღეებში იმამოღლუს ალმა-მატერმა, სტამბულის მერს უნივერსიტეტის დამთავრების დამადასტურებელი დიპლომი გააუქმა.
იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთის პრეზიდენტი ვერ გახდება პირი, რომელსაც უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი არ აქვს, ერდოღანის ოპოზიცია ამტკიცებს, რომ იმამოღლუს წინააღმდეგ დაწყებული მოვლენები მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე სტამბულის მერის იმამოღლუს საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებას უკავშირდება.
მომხდარის გამო საპროტესტო აქციები იმართება სტამბულსა და ქვეყნის რეგიონების დიდ ქალაქებში. ვიცით, რომ უკვე დაკავებულია 1200-ზე მეტი სტამბულის მერის მხარდამჭერი. სავარაუდოდ, როგორ განვითარდება თურქეთში დაწყებული პოლიტიკური პროცესები?
– თურქეთი სპეციფიკური ქვეყანაა და არ ჰგავს სხვა ქვეყნებს. ის კიდევ უფრო არ ჰგავს პოსტსაბჭოთა-პოსტსოციალისტურ ქვეყნებსა და იქ განვითარებულ მოვლენებს. თუ პოსტსაბჭოთა-პოსტსოციალისტურ სივრცეში მთავარი დაპირისპირება პრორუსულ და პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებს შორის ხდება, ეს ასე არაა თურქეთში, სადაც მთავარი მამოძრავებელი ძალა შიდაპოლიტიკური დღის წესრიგია.
საგარეო პოლიტიკური საკითხები თურქულ პოლიტიკურ დებატებში წინა პლანზე ნაკლებადაა ხოლმე. ამიტომ ამ დღეებში სტამბოლსა და თურქეთის სხვა დიდ ქალაქებში გამართულ მიტინგებზე ვერსად დაინახავთ ევროკავშირის, აშშ-ს ან უკრაინის დროშებს.
რაც შეეხება ბრალდებას, დაკავებისას სტამბოლის მერს ექრემ იმამოღლუს ბრალად ედებოდა კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობა და ტერორიზმთან კავშირი. თუმცა, მოგვიანებით ეს უკანასკნელი ბრალდება მას მოუხსნეს.
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა კადრები, სადაც ნაჩვენებია დაკავებულთა სახლებიდან მტკიცებულების სახით ამოღებული ათეულ მილიონობით თურქული ლირა, აშშ დოლარი და ევრო, ასევე ოქრო და სხვა სახის ძვირფასეულობები და აცხადებს, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება და დაკითხვები გრძელდება.
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა კადრები, სადაც ნაჩვენებია დაკავებულთა სახლებიდან მტკიცებულების სახით ამოღებული ათეულ მილიონობით თურქული ლირა, აშშ დოლარი და ევრო, ასევე ოქრო და სხვა სახის ძვირფასეულობები და აცხადებს, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება და დაკითხვები გრძელდება
იმამოღლუს დაკავების შემდეგ დაიწყო ყოველდღიური საპროტესტო გამოსვლები თითქმის მთელი თურქეთის მასშტაბით, გარდა ქურთული წარმოშობის მოქალაქეებით დასახლებული სამხრეთ-აღმოსავლეთი რეგიონისა.
გამოსვლებს თან სდევს შეტაკებები პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის. პოლიცია იყენებს ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლს.
დემონსტრანტები კი აქტიურად იყენებენ ფოერვერკებს. პირველ დღეს იყო მოლოტოვის კოქტეილის გამოყენების ერთეული შემთხვევებიც, წყლის ბოთლებსა და ქვებს, ასევე ცეცხლმოკიდებულ ნაგვის ურნებს;
დღეის მონაცემებით, პოლიციამ დააკავა 1 418 მოქალაქე. დაშავებულები არიან ორივე მხარეს. შსს-ს მონაცემებით, შეტაკებებისას სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო 123-მა პოლიციელმა. დაშავებული მომიტინგეების ზუსტი რაოდენობის შესახებ კი ინფორმაცია არ გავრცელებულა.
რაც შეეხება მოვლენების შემდგომ განვითარებას, ახლოვდება რამადანის დღესასწაული. წელს 30 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით პერიოდში აღინიშნება, რომელსაც ტრადიციულად წინაპრების საფლავზე გასვლა ახლავს ხოლმე თან. მისი აღნიშვნა წმინდაა მუსლიმებისთვის. ამ დროს თურქები დიდი ქალაქებიდან სოფლებში ბრუნდებიან. საპროტესტო აქციების მომავალი დამოკიდებულია იმაზე, რამადანის დღესასწაულებზე ქალაქებიდან გასვლის ფონზე შეწყდება თუ არა ეს გამოსვლები და თუ შეწყდება, განახლდება თუ არა ის უკან დაბრუნების შემდეგ.
საპროტესტო აქციების მომავალი დამოკიდებულია იმაზე, რამადანის დღესასწაულებზე ქალაქებიდან გასვლის ფონზე შეწყდება თუ არა ეს გამოსვლები და თუ შეწყდება, განახლდება თუ არა ის უკან დაბრუნების შემდეგ
პოლიტიკურ პროცესში კი ბევრი რამ იმაზეც იქნება დამოკიდებული, რამდენად შეძლებს ან ვერ შეძლებს ოპოზიცია კონსოლიდაციასა და მომხრეების მობილიზებას. ამ მხრივ კი პრობლემები არაერთია. მაგალითად, ოპოზიციამ კი შეძლო ქემალისტური ძალების, მათ შორის, ნაციონალისტების ნაწილის შემოკრება, მაგრამ სირთულეებია პროქურთულ ძალებთან ურთიერთობებში.
იგივე ეხება მომხრეთა მობილიზებას. თურქეთის მოსახლეობა 85 მილიონია. „სახალხო-რესპუბლიკურმა პარტიამ“ ერთი მილიონი მომხრე რომ გამოიყვანოს ქუჩებში, ეს მთელი მოსახლეობის 1%-ზე ოდნავ მეტი გამოდის. ეს კი პროცენტული გადასახედიდან არც თუ ისე დიდი ციფრია.
– იმის გათვალისწინებით თუ როგორ მოექცა პოლიტიკურ ოპონენტებს პრეზიდენტი ერდოღანი 2016 წელს და შემდეგ წლებშიც, არაა გამორიცხული ერდოღანის პოლიტიკურ ოპონენტებს ისეთივე ბედი ეწიოთ, ვინც უკანასკნელი, როგორც მინიმუმ 10 წელის ებრძვის პრეზიდენტ ერდოღანსა და მმართველობას.
მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა პრაქტიკულად უარი თქვა ევროპის უსაფრთხოებაზე თანხები ხარჯოს, აშშ-სა და ევროპას შორის ურთიერთობებში სერიოზული კრიზისი და გაუგებრობაა. ფაქტია, რომ ევროპამ ევროპის უსაფრთხოების ახალი სისტემის შექმნაზე დაიწყო ფიქრი, რომელშიც ანკარისაგან და პირადად ერდოღანისგან სრული მხარდაჭერა მიიღო.
როგორც ჩანს, პრეზიდენტმა ერდოღანმა იგრძნო, რომ ევროპას თურქეთი სჭირდება, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი დევნა-შევიწროება დაიწყო. ევროპაში თურქეთის სახალხო-რესპუბლიკურ პარტიასა და მის ლიდერებს კარგად იცნობენ, რადგან ისინი უფრო პროევროპულ პოლიტიკოსებად მიიჩნევიან, ვიდრე ერდოღანი.
თუ პრეზიდენტმა ერდოღანმა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გააგრძელა აკრძალული ილეთების გამოყენება, საინტერესოა, როგორი იქნება ამგვარ ქმედებაზე ბრიუსელისა და ევროპის სხვა დედაქალაქების პასუხი?
– ვახსენე, რომ თურქეთი განსხვავდება სხვა ქვეყნებისგან, ამიტომ ზუსტი პარალელების გავლება არასწორი იქნებოდა. ეს ეხება ხელისუფლება-ოპოზიციის ურთიერთდამოკიდებულებისა და ლეგიტიმაციის თემასაც. მაგალითად, ერდოღანის ხელისუფლებას, იგივე „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, არ აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, რაც ართულებს ოპოზიციის მდგომარეობას.
იმამოღლუს დაკავებამდე 3 დღით ადრე (16 მარტს) გაიმართა თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის სატელეფონო საუბარი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მათ კარგი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. მათი ურთიერთობები ჯერ კიდევ ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროიდან იწყება.
ერდოღანის ხელისუფლებას, იგივე „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, არ აქვს ლეგიტიმაციის პრობლემა არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, რაც ართულებს ოპოზიციის მდგომარეობას
აღსანიშნავია, რომ აპრილის ბოლოს იგეგმება ერდოღანის ვიზიტი ვაშინგტონში. მანამდე კი სხვადასხვა უწყებების ხელმძღვანელები ხვდებიან ერთმანეთს. არ მგონია, რომ მათ შორის უკვე გამართული ან მომავალში გასამართი მოლაპარაკებების მთავარი თემა იმამოღლუს საკითხი იყოს.
რაც შეეხება ევროპელებს, იქიდან გარკვეული ხმები კი გაისმა, მაგრამ მათი რეაქცია მოზომილი იყო. საქმე იმაშია, რომ ევროპას ამ ეტაპზე მზარდი რუსული საფრთხისა და ვაშინგტონის გვერდზე გაწევის ფონზე სასიცოცხლოდ სჭირდება თურქეთის არმიის მონაწილეობა-ჩართულობა ევროპის ახალი უსაფრთხოების არქიტექტურაში.
საქმე იმაშია, რომ ევროპას ამ ეტაპზე მზარდი რუსული საფრთხისა და ვაშინგტონის გვერდზე გაწევის ფონზე სასიცოცხლოდ სჭირდება თურქეთის არმიის მონაწილეობა/ჩართულობა ევროპის ახალი უსაფრთხოების არქიტექტურაში
– მას შემდეგ რაც უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების პირობა ტრამპმა როგორც აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა გასცა და გაპრეზიდენტების შემდეგ ამ პირობის შესრულებას შეუდგა, ამ მიმართულებით ტრამპის ნაბიჯები მოულოდნელი აღმოჩნდა ევროპისთვის და ევროკავშირისთვის.
შეიძლება ითქვას, რომ მიუნხენის კონფერენციაზე ვიცე-პრეზიდენტ ვენსისა და ტრამპის თანაგუნდელების განცხადებებისგან ევროპა დღემდე შოკირებულია. შოკის მიუხედავად, ევროპელმა პოლიტიკოსებმა ვაშინგტონისაგან განსხვავებული ნაბიჯების გადადგმა დაიწყეს ერთი მხრივ უკრაინის დასახმარებლად, ხოლო მეორე მხრივ ევროპის უსაფრთხოების ახალი სისტემის შესაქმნელად.
ამ ყველაფრის გახსენება იმის გამო დამჭირდა, რომ შემეხსენებინა ჩვენი მკითხველისთვის, რომ მეორე დღეა საუდის არაბეთში დაწყებულია აშშ-უკრაინის, აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები უკრაინა-რუსეთის ომის დასრულების თუ არა, ამ ეტაპზე ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე.
ცეცხლის შეწყვეტის უკრაინულ და რუსულ პირობებზე ბევრი ითქვა და დაიწერა. ბევრი თვლის რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები წინასწარ რუსული სცენარითაა დაწყებული. თქვენ როგორ შეაფასებდით ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებულ რუსულ და უკრაინულ პირობებს?
ასევე ორივეს მიმართ ტრამპის გუნდის დამოკიდებულებას?
– ტრამპს კი სურს თავისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო პირობის შესრულება, რომელიც ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტას რუსეთ-უკრაინის ომში, მაგრამ შექმნილ სიტუაციაში ეს პუტინს არ აწყობს. კრემლში თვლიან, რომ მათ ომში დასახული გეგმები ჯერ არ შეუსრულებიათ და მიაჩნიათ, რომ მათ ჯერ კიდევ გააჩნიათ რესურსები, რათა განაგრძონ დაწყებული ომი.
ამასთან, უკვე ყველასთვის ცხადია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში უკრაინაში გამოჩნდებიან ევროპული ქვეყნების სამხედრო ნაწილები, რისი მზაობა ევროპაში უკვე არსებობს. ეს კი საბოლოოდ დაასამარებდა პუტინის გეგმებს.
ტრამპს კი სურს თავისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინასაარჩევნო პირობის შესრულება, რომელიც ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტას რუსეთ-უკრაინის ომში, მაგრამ შექმნილ სიტუაციაში ეს პუტინს არ აწყობს. კრემლში თვლიან, რომ მათ ომში დასახული გეგმები ჯერ არ შეუსრულებიათ და მიაჩნიათ, რომ მათ ჯერ კიდევ გააჩნიათ რესურსები, რათა განაგრძონ დაწყებული ომი
პუტინის მიზანი, როდესაც უკრაინასთან ომს იწყებდა, არასოდეს ყოფილა მხოლოდ დონეცკისა თუ ლუგანსკის ოლქების ხელში ჩაგდება. მას მთელი უკრაინის ოკუპაცია სურს, რათა აღადგინოს საბჭოთა კავშირი. მოსკოვში მიაჩნიათ, რომ უკრაინის დაპყრობის შემთხვევაში დანარჩენ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს უფრო ადვილად ჩაიგდებენ ხელში. ამიტომ, პუტინს არ აწყობს ცეცხლის შეწყვეტა და თვლის, რომ ომის გაგრძელება შეუძლია სასურველი მიზნის მიღწევამდე. ამიტომაა სწორედ, რომ კრემლი აყენებს წინაპირობებს – უკრაინის მიერ ყირიმისა და 4 ოლქის დათმობას, კიევისთვის იარაღის მიწოდების შეჩერებას, უკრაინის ნეიტრალურ სტატუსს, მობილიზაციის შეჩერებას და ა.შ., რომელთა შესრულება კიევის კაპიტულაციას ნიშნავს და რომელზეც არასოდეს დათანხმდება უკრაინა. უბრალოდ, ახლა პუტინს აშშ-თან მოლაპარაკებების გამართვის ილუზიის შექმნა სურს, რათა ერთის მხრივ, დრო გაწელოს და პარალელურად, აშშ-ში გადაწყვეტილებების მიღებაზე პასუხისმგებელ წრეებში ბუნდოვანება შექმნას.
კრემლი აყენებს წინაპირობებს – უკრაინის მიერ ყირიმისა და 4 ოლქის დათმობას, კიევისთვის იარაღის მიწოდების შეჩერებას, უკრაინის ნეიტრალურ სტატუსს, მობილიზაციის შეჩერებას, რომელთა შესრულება კიევის კაპიტულაციას ნიშნავს და რომელზეც უკრაინა არასოდეს დათანხმდება. ახლა პუტინს მოლაპარაკებების გამართვის ილუზიის შექმნა სურს, რათა ერთის მხრივ, დრო გაწელოს და პარალელურად, აშშ-ში გადაწყვეტილებების მიღებაზე პასუხისმგებელ წრეებში ბუნდოვანება შექმნას
მეორე საკითხია, რამდენად გამოუვა მას ეს ამბავი. მე არ მგონია, რომ ვინმე, ვინც მეტ-ნაკლებად იცნობს რუსეთს, პუტინმა დააჯეროს საკუთარი თავის „მშვიდობის მტრედობაში“.
რუსეთი მხოლოდ მაშინ შეწყვეტს ცეცხლს, თუ დაინახავს მოკლე დროში ომში დამარცხების საშიშროებას. ასეთი საშიშროება კი კრემლის გადმოსახედიდან ახლა არ არსებობს. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, პირადად მე ამ ეტაპზე სკეპტიკურად ვუყურებ მხარეთა შორის ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობას.
– საუდის არაბეთში მიმდინარე მოლაპარაკებები ჩვენთვის იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ აშშ-რუსეთს შორის მოლაპარაკებებზე რუსულ დელეგაციას ხელმძღვანელობს ქართული საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი რუსი დიპლომატი კარასინი.
გვახსოვს აბაშიძე-კარასინის შეხვედრები, რომელთა დასრულების შემდეგ ბატონი კარასინი ქართულ მხარეს მოუწოდებდა 2008 წლის ომის შემდეგ ჩამოყალიბებული რეალობის აღიარებას. ანუ, იმას, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს საქართველოს რესპუბლიკა, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკები.
მეტიც ის მუდმივად გვახსენებდა, რომ მოსკოვსა და თბილის შორის დაახლოება არანაირად არ აისახება მოსკოვსა და სოხუმსა და მოსკოვსა და ცხინვალს შორის უკვე არსებულ ურთიერთობებზე.
გასაგებია, რომ ბატონი კარასინი დიდი გამოცდილების კარიერული დიპლომატია და გასაკვირი არაა, რომ ამ ურთულეს ვითარებაში მას დაევალა რუსული დელეგაციის ხელმძღვანელობა.
შესაძლოა, ვცდებოდე, მაგრამ, მე რატომღაც მგონია, რომ ბატონი კარასინის მიერ რუსული დელეგაციის ხელმძღვანელობა გარკვეულ წილად საქართველოსაც უკავშირდება.
ვითარებაში, როცა ტრამპის ადმინისტრაცია კიევისგან ითხოვს რუსების მიერ ოკუპირებული ყირიმის, დონბასისა და ლუგანსკის ოლქების პუტინისთვის გადაცემას, არაა გამორიცხული, ამ მოლაპარაკებებზე ბატონმა კარასინმა აშშ-ს რუსეთისთვის კიდევ ორი რეგიონის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიკუთვნების საკითხი დააყენოს.
რადგან რუსულ დელეგაციას ბატონი კარასინი ხელმძღვანელობს, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ საუდის არაბეთში აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე რუსებმა გაკვრით მაინც დააყენონ რუსების მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების რუსეთის გავლენის ქვეშ დარჩენის საკითხი?
– რუსეთს შეიძლება ბევრი რამ სურდეს, მაგრამ საბედნიეროდ ეს სამყარო არაა ისე მოწყობილი, როგორც მათ გაუხარდებოდათ. ცივილიზებული სამყაროსთვის აფხაზეთიცა და ცხინვალის რეგიონიც საქართველოს შემადგენელი ნაწილებია, რომელიც დროებით ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. არავინ იცის ზუსტად როდის, მაგრამ ერთ დღესაც მათ აუცილებლად მოუწევთ ოკუპირებული ტერიტორიებიდან წასვლა.
ცივილიზებული სამყაროსთვის აფხაზეთიცა და ცხინვალის რეგიონიც საქართველოს შემადგენელი ნაწილებია, რომელიც დროებით ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. არავინ იცის ზუსტად როდის, მაგრამ ერთ დღესაც მათ აუცილებლად მოუწევთ ოკუპირებული ტერიტორიებიდან წასვლა
რაც შეეხება რუსულ დელეგაციაში შემავალ პირებს, ამ დელეგაციაში გენერალი ბესედაცაა, რომელიც ფე-ეს-ბე-ს მეხუთე განყოფილებას ხელმძღვანელობდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის მომენტში და რომელიც მაშინ პუტინს არწმუნებდა, რომ მას უკრაინელები ყვავილებით შეხვდებოდნენ.
როგორც შეხვდნენ პუტინსა და მის არმიას უკრაინაში, ყველამ კარგად ვიცით. ამიტომ ბესედა ჯერ შიდა პატიმრობაში აიყვანეს უკრაინაში ხალხის გადმოსაბირებლად გამოყოფილი თანხების მითვისების ბრალდებით, შემდეგ კი მაინც აპატიეს, მაგრამ „ჩამოალაბორანტეს“ და მრჩევლად დანიშნეს.
კარასინი კი უკვე დიდი ხანი აღარაა აღმასრულებელ ხელისუფლებაში და ის, ბესედას მსგავსად, რეალურად არაფერს წყვეტს. დელეგაციის ასეთი დონის კადრებით დაკომპლექტება როგორც გენერალი ბესედა და კარასინია, იმისი ნიშანია, რომ პუტინი არაა მზად სერიოზული მოლაპარაკებებისთვის და ამავე დროს დასცინის მეორე მხარეს.
დელეგაციის ასეთი დონის კადრებით დაკომპლექტება როგორც გენერალი ბესედა და კარასინია, იმისი ნიშანია, რომ პუტინი არაა მზად სერიოზული მოლაპარაკებებისთვის და ამავე დროს დასცინის მეორე მხარეს
– მას შემდეგ რაც აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი გახდა, ქართულ პოლიტიკაში ტრამპის თემა ხშირად განიხილება და გვესმის.
ამ თემაზე პრემიერმა ირაკლი კობახიძეს ტრამპთან დაკავშირებით აქვს ნათქვამი – „როგორც ტრამპი იტყვის, ისე იქნება“. თუ ამ შეხვედრაზე არა, მაგრამ შემდეგ დღეებში პრეზიდენტმა ტრამპმა რომ თქვას – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რუსეთის გავლენის სფეროში უნდა დარჩესო, თქვენი ვარაუდით, როგორი იქნება საქართველოს ოფიციალური ხელისუფლების პოზიცია?
– “ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს იმისთვის, რათა დარჩეს ხელისუფლებაში. დანარჩენი მას ნაკლებად ან საერთოდ არ აინტერესებს. ასეთი პრიორიტეტები აქვთ მათ. ქვეყნისთვის სასიკეთო რამ რომ სურდეთ, მაშინ ხომ არც რუსულ კანონს მიიღებდნენ, არც პოლიტპატიმრები ეყოლებოდათ და არც ევროინტეგრაციაზე იტყოდნენ უარს?!
„მეგობარი“ აქტის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა სწორედ იმის მაჩვენებელია, რომ შეერთებული შტატები საქართველოს მეგობარია და არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკოსის ან პოლიტიკური პარტიის. ამიტომ ამ მიმართულებით ოპტიმისტურად ვარ განწყობილი
ამიტომ, ვფიქრობ, რომ რას მოიმოქმედებენ ისინი ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, დამოკიდებული იქნება სწორედ ამ გათვლაზე. მე არ ვამბობ, რომ მათი ეს გათვლები ყოველთვის სწორი იქნება. მაგალითად, ამ მიზნისთვის მათთვის წამგებიანი იყო 28 ნოემბერს ევროინტეგრაციაზე უარის თქმასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება. მათ აშკარად არასწორი გათვლა გააკეთეს. რომ სცოდნოდათ, რამხელა უარყოფითი რეაქცია მოჰყვებოდა ამას საზოგადოების მხრიდან, ასეთ ხისტ ნაბიჯს არ გადადგამდნენ და უარის თქმის პროცესს დროში გაწელავდნენ.
– 27 მარტს აშშ-ს სენატში საქართველოს საკითხის განხილვაა დაგეგმილი. გავრცელებული ინფორმაციით სენატი იმსჯელებს „მეგობარი აქტის“ კანონპროექტზე.
ვიცით, რომ ეს აქტი საკმაოდ კრიტიკულია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისადმი, რომელიც ორპარტიულია და რომლის ერთ-ერთ ავტორს, სენატორ ჯიმ რიშს საჯარო მხარდაჭერა პრეზიდენტმა ტრამპმა გამოუცხადა.
სენატორ ჯიმ რიშზე „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა – „ჯიმ რიში ან მკაფიოდ გაემიჯნება თავისივე პოლიტიკურ წარსულს, ან გამყარდება ეჭვი, რომ დიფ სტეითი აშშ-ში თავის პოზიციებს ინარჩუნებს“.
გაქვთ მოლოდინი, რომ სენატი „მეგობარი აქტის“ კანონპროექტს კანონად აქცევს?
თქვენ როგორ აღიქვით სენატის მიერ „მეგობარი“ აქტის სავარაუდო მიღების წინ სენატორ რიშის წინააღმდეგ მამუკა მდინარაძის ეს განცხადება?
– ყველაფერი, მათ შორის, სენატში საქართველოზე მისაღებ კანონპროექტზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების წინმსწრები განცხადებები იმაზე მიუთითებს, რომ ეს კანონი გავა. ამიტომ ლაპარაკობენ ასეთი გამწარებით deep state-სა და „გლობალური ომის პარტიაზე“. მაგრამ ამათმა რაც არ უნდა ლანძღონ ესა თუ ის ამერიკელი კანონმდებელი, ამით რეალობა არ იცვლება. პირიქით, იმძიმებენ მდგომარეობას.
„მეგობარი“ აქტის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა სწორედ იმის მაჩვენებელია, რომ შეერთებული შტატები საქართველოს მეგობარია და არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკოსის ან პოლიტიკური პარტიის. ამიტომ ამ მიმართულებით ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი
