აფხაზეთში საზოგადოებრივი გაერთიანება „Ахьаца“-ს განცხადება ავრცელებს, სადაც დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი შამბას გადადგომას მოითხოვს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ბოლო დროს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებამ პერსონალური სანქციები დააწესა აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების წინააღმდეგ და ჟურნალისტები აგენტებად გამოაცხადა.
“საზოგადო მოღვაწეებს, ლევან მიქაასა და კან კვარჩიას ჩამოერთვათ მეორე – რუსეთის მოქალაქეობა, ხოლო თურქეთიდან დაბრუნებული აფხაზეთის მოქალაქეები, მათ შორის ახალგაზრდა მუსიკოსი ბარას კუჯბა, დეპორტირებულნი იქნენ. აფხაზი ჟურნალისტები ინალ ხაშიგი, იზიდა ჩანია და ნიზფა არშბა უცხოეთის აგენტებად გამოცხადდნენ, თუმცა ნიზფა არშბა საერთოდაც არ არის რუსეთის მოქალაქე. ჩვენი ღრმა რწმენით, აღნიშნული სანქციები არ უკავშირდება ზემოხსენებული პირების საზოგადოებრივ ან პროფესიულ საქმიანობას. ისინი უსამართლო, დაუსაბუთებელი ხასიათის მატარებელია და ზიანს აყენებს რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობებს”.
განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ “გაუგებრობას იწვევს აფხაზეთის ხელისუფლების დუმილი, რომლის პირდაპირი მოვალეობაა საკუთარი მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვა, ასევე, რუსეთსა და აფხაზეთს შორის არსებულ გაუგებრობათა მოგვარება, რათა არ მოხდეს დაძაბულობის ზრდა მეგობრულ ქვეყნებს შორის”.
“ზემოთ თქმულის საფუძველზე, მივმართავთ აფხაზეთის არჩეულ პრეზიდენტს, ბესლან გუნბას, მოთხოვნით, თანამდებობიდან გაათავისუფლოს აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა, ვინაიდან მან უგულებელყო თავისი სამსახურებრივი ვალდებულებები”.
