„შანსი, რომელიც შეიძლება დაიკარგოს: რატომ არ აწერენ ხელს ბაქო და ერევანი მზა შეთანხმებას?“

სამხრეთ კავკასიაში ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე კონფლიქტის – სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირების მშვიდობიანი გადაწყვეტა კვლავ გაურკვევლად რჩება. ოფიციალურად, მხარეებმა სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა ხელმოწერის პროცესი კვლავ ჭიანურდება. რა წინაღობები არსებობს, რა დათმობებზე წავიდა სომხეთი და რა გავლენას მოახდენს ეს ქვეყნის პოლიტიკურ მომავალზე? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ნეტგაზეთთან ანალიტიკოსი ოლესია ვართანიანი საუბრობს.
– სამშვიდობო შეთანხმების ტექსტი მხარეებმა შეათანხმეს, მაგრამ ფაშინიანმა კვლავ საჯაროდ მიმართა ალიევს, რომ დაიწყონ ხელმოწერის პროცედურა. რა ხდება, რა უშლის ხელს? პარალელურად, ბაქოს მხრიდან ს დადანაშაულება ესკალაციებში რას ნიშნავს?
გასულ კვირას სომხეთმა და აზერბაიჯანმა განაცხადეს, რომ მათ დაასრულეს მუშაობა სამშვიდობო შეთანხმების ტექსტზე. თუმცა სულ რამდენიმე საათში გაირკვა, რომ ეს არ ნიშნავს მზადყოფნას ხელმოსაწერად. სომხეთი დაინტერესებულია პროცესის დასრულებით, მაგრამ აზერბაიჯანს აქვს გარკვეული წინაპირობები, რომელთა შორის ერთ-ერთი საკვანძო მოთხოვნა სომხეთის კონსტიტუციის ცვლილებაა.
სომხეთის ხელისუფლების განცხადებით, იმ ნაწილების შესაცვლელად, რასაც აზერბაიჯანი ითხოვს, აუცილებელია რეფერენდუმის ჩატარება. თუ მხარეები თავიანთ პოზიციებზე დარჩებიან, შეთანხმება ვერ გაფორმდება.
გაურკვეველია, რამდენ ხანს გასტანს ეს მდგომარეობა, რაც ზრდის დაძაბულობის ესკალაციის რისკს ფრონტის ხაზზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ -სა და რუსეთს შორის მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები გავლენას მოახდენენ.
მოკლედ, იმის მიუხედავად, რომ სიახლემ სამშვიდობო პროექტის შეთანხმებაზე, რომელიც თავდაპირველად პოზიტიურად და იმედისმომცემად ჟღერდა, ჯერჯერობით, სამწუხაროდ, არაფერი შეცვალა.
– რატომ თქვეს, რომ ყველაფერი შეთანხმებულია, თუ ასეთი საკითხები ისევ პრობლემად რჩება? კონსტიტუციის საკითხი ადრე არ განხილულა?
მხარეები ამ შეთანხმებაზე მუშაობენ 2020 წლის ომის შემდეგ. მოლაპარაკებები სწორედ 2020 წლის ომის შემდეგ დაიწყო და ყველაზე რთული საკითხები დროთა განმავლობაში განზე დარჩა. მაგალითად, მთიანი ყარაბაღის სტატუსი 2023 წელს საბოლოოდ გაქრა დღის წესრიგიდან. დარჩენილ საკითხთა უმეტესობა უკვე ერთი წელია შეთანხმებულია, მაგრამ ხელმოწერის დაყოვნება ბაქოს მხრიდან შესაძლოა პოლიტიკურ ნებას უკავშირდებოდეს.
აქ ორი ძირითადი ფაქტორი მოქმედებს: პირველი, უკრაინის ომი, რომელიც ს გავლენას განსაზღვრავს რეგიონში; და მეორე, სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმების შესაძლებლობა, რაც სომხეთისთვის თურქეთთან ურთიერთობების დალაგების და საზღვრის გახსნის წინაპირობა გახდება. ამ მიზეზით, ამ შეთანხმების საბოლოო გაფორმებაზე დიდწილად გარე ფაქტორებიც მოქმედებს.
ასე რომ, თუ დავუბრუნდებით შენს კითხვას, რატომ გაიჟღერა ახლა ამ განცხადებამ, ვფიქრობ, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ დიდხანს ელოდნენ, დიდხანს მუშაობდნენ ამ დოკუმენტზე და უკვე საჭიროება შეიქმნა რაიმეს თქმის. და მეორე, მოლოდინები იმაზე, რომ რაღაც გარე ფაქტორებმა შეიძლება შეუშალოს ხელი სამშვიდობო პროცესებს.
– ბაქოს ახალი განცხადებები ესკალაციის შესახებ ამ პროცესს უკავშირდება?
ზოგდად, როგორც წესი, გაზაფხულზე და შემოდგომაზე ყველაზე ბევრი ცნობა ვრცელდება ესკალაციებზე და ინციდენტებზე. წლების განმავლობაში ყველაზე მეტი დაძაბულობა გაზაფხულსა და შემოდგომაზე ფიქსირდებოდა, ამიტომ ახალი ბრალდებები მოსალოდნელი იყო. ამჟამად საუბარია მხოლოდ მცირე ინციდენტებზე, თუმცა ასეთი განცხადებები დიპლომატიურ ზეწოლადაც გამოიყენება ხოლმე მხარეებს შორის როცა პოლიტიკური პრობლემები იჩენს თავს – ერთი მხარე მეორეს სიგნალს უგზავნის, რომ არსებობს საფრთხე.
– როგორ იცვლებოდა სამშვიდობო შეთანხმება ამ ოთხი წლის განმავლობაში? ვინ დათმო მეტი?
წლების განმავლობაში ეს სამშვიდობო შეთანხმება ხელიდან ხელში გადადიოდა და სხვადასხვა საერთაშორისო მედიატორის გავლენის ქვეშ იცვლებოდა. თავდაპირველად, მოლაპარაკებებს მინსკის ჯგუფი, შემდეგ ევროკავშირი, რუსეთი და აშშ წარმართავდნენ. საბოლოოდ, პროცესი მხოლოდ ორ ქვეყანას შორის ფორმატში გადავიდა. ისე მოხდა, რომ დასავლეთის მონაწილეობით მოლაპარაკებები უფრო ნელი და რთული იყო, მაგრამ ის გულისხმობდა გრძელვადიან და მდგრად სტაბილურობას, მნიშვნელოვანი დათმობების გარეშე. ორმხრივი მოლაპარაკებები კი, სომხეთს რთულ მდგომარეობაში აყენებს – ან უნდა დათმოს, ან ომის განახლების რისკი გაიზრდება.
ამ ფონზე ვხედავთ რომ სომხეთი ძალიან დიდ დათმობებზე მიდის. ისეთ საკითხებზე, რომელიც რთული წარმოსადგენი იყო თუნდაც წელიწადნახევრის წინ. მაგალითად, სომხეთი უკვე ხელს აწერს, რომ მთიანი ყარაბაღი აღარ არსებობს და ამ საკითხზე აღარ იქნება საუბარი. ასევე ის, რომ დღის წესრიგში არ იქნება ხალხის დაბრუნება ყარაბაღში. ასევე, აზერბაიჯანის წინააღმდეგ წარდგენილი ყველა საერთაშორისო საჩივარი იხსნება. გარდა ამისა, სომხეთი დათანხმდა აზერბაიჯანის დიდხნიან მოთხოვნას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესაძლო შეწყვეტაზეც თუ საბოლოოდ გაფორმდება სამშვიდობო ხელშეკრულება. ეს სერიოზული დათმობებია, რომლებიც, შესაძლოა, გრძელვადიან პერსპექტივაში სომხეთისთვის არახელსაყრელი აღმოჩნდეს.
– როგორია სომხეთში საზოგადოების განწყობები ამ სამშვიდობო შეთანხმებაზე? შეიძლება ამან გავლენა იქონიოს ფაშინიანის ხელისუფლების მომავალზე?
შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებას ცინიკური დამოკიდებულება აქვს მიმდინარე მოვლენებთან. იმ საკითხებზე, როგორიცაა აღიარება იმისა, რომ მთიანი ყარაბაღი არასოდეს არსებულა. ანდა, იცი, რომ ბევრი წელია უკვე აზერბაიჯანი მტერია და ახლა უნდა მიიღო “კარგ მეზობელად”.
შემიძლია საკუთარ შთაბეჭდილებებზეც ვისაუბრო, რამდენადაც მიწევს ხოლმე სამსახურებრივად ჩასვლა, განსაკუთრებით რეგიონებში, ფრონტის ხაზთან. ადამიანები მუდმივად იმაზე საუბრობენ, როგორ ეშინიათ ახალი ომის. ისინი ხედავდნენ, რა ხდებოდა 2020 წელს, როდესაც მთიან ყარაბაღში სრულიად განადგურდა სომხური არმია, მერე კი ნახეს საკუთარი თვალით რა ბედი ეწია თავად მთიან ყარაბაღს და რომ ათობით ათას ადამიანს მოუწია სახლის დატოვება და დევნილად ყოფნა.
რა თქმა უნდა ამ ფონზე, ყველაფერ ცუდზე იწყებ ფიქრს. რომ შენც თუ შეგეხო ეს, დაკარგავ სიცოცხლესაც და ქვეყანასაც. ამ მხრივ, ცოცხალი შიში ახალი კონფლიქტისა, ახალი ომისა, აიძულებს გაჩუმებას მათაც, ვისაც რაღაც კითხვები აქვს დათმობებზე და იმაზე, რამდენად სწორად იქცევა დღევანდელი ხელისუფლება სომხეთის. შესაბამისად, ამ ფონზე უფრო მეტად აპათიას ვხედავთ სომხეთში, და თუ არ მოსწონთ რას აკეთებს დღეს ხელისუფლება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მზად არიან ახალი ოპოზიციური ძალები შექმნან რაიმე შესაცვლელად.
როგორ განვითარდება მოვლენები, დამოკიდებული იქნება იმაზე, რა მოხდება თავად სომხეთში, ან რეგიონში ან გლობალურად. დღეს კი ხელისუფლება ხალხს უსაბუთებს ამ გადაწყვეტილებებს იმით, რომ სხვა შემთხვევაში, ახალი ომი მოხდება.
– თუკი რეფერენდუმი დაინიშნება კონსტიტუციის შესაცვლელად, როგორი შეიძლება იყოს მისი შედეგი?
მიუხედავად იმისა, რომ ფაშინიანის ხელისუფლება ალიევის მოთხოვნის პასუხად ამბობს, ეს პრეტენზიები საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ დღევანდელი რეალობისთვის არარელევანტურია, აზერბაიჯანი მაინც თავის მოთხოვნაზე დგას. თუ რეფერენდუმის პროცესი დაიწყება, არავინ იცის, რა შედეგით დასრულდება და როგორი იქნება იმ დროისთვის გარე ფაქტორები. ამიტომ რთულია თქმა და პროგნოზი, რა იქნება შედეგი.
– რამდენად რეალისტურია, რომ 2025 წლის ბოლომდე სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოეწეროს?
ამჟამად ხელმოწერისთვის შესაძლებლობების ფანჯარა ღიაა. თუ პოლიტიკური ნება არსებობს, დრო აღარ ითმენს. დოკუმენტი მზადაა, მაგრამ გაურკვევლობა და გარე ფაქტორები შესაძლოა ხელს უშლიდეს პროცესს. შესაბამისად, თუ შეთანხმება ახლო მომავალში არ გაფორმდა, ეს იქნება ხელიდან გაშვებული ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც რეგიონზე დიდ გავლენას მოახდენს.
სიმართლე ისაა, რომ სწორედ დღეს არის არის შესაძლებლობების ფანჯარა ხელმოწერიათვის. თუ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ ეს გაკეთდეს, დრო აღარ ითმენს. სიმბოლურად მაინც მოეწეროს ხელი და შემდეგ უკვე ყველა საკითხი დაიხვეწოს. როდესაც არსებობს კონფლიქტი, შეუძლებელია ერთი დოკუმენტით მოგვარდეს.
და რატომაა სწორედ ახლა მნიშვნელოვანი მოეწეროს ხელი? პირველ რიგში, იმიტომ რომ დოკუმენტი მზადაა, და არავინ იცის, რა ესკლაცია შეიძლება მოხდეს, რომელმაც შემდეგ შესაძლოა რაღაც პუნქტები არარელევანტური გახადოს. მეორე, რუსეთი, რომელსაც სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების დარეგულირება არ აწყობს, შეიძლება შემაფერხებელ ფაქტორად იქცეს მას შემდეგ რაც უკრაინის საკითხი გადაწყდება, რადგან ვიცით, რომ დღეს რუსეთი და აშშ ცდილობენ უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებას. მესამე, და მნიშვნელოვანი ისაა, რომ რუსეთს საერთოდაც არ უხარია სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზება. ამიტომაც, თუ რაიმეს ხელი უნდა მოეწეროს, ეს უნდა გაკეთდეს უკვე დღესვე. ახლა მოზაიკის ყველა ელემენტი დაწყობილია. თუ ეს ახლა არ გაკეთდა, ეს იქნება ძალიან დიდი შესაძლებლობის ხელიდან გაშვება, რომელიც აისახება არა მხოლოდ ამ ისტორიულ კონფლიქტზე, არამედ მთელ რეგიონზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ძაბირაძე – წინააღმდეგობის პლატფორმა სალომე ზურაბიშვილის მესამე აქტია ახალი სათაურით, ძველი თემებით, თუმცა მას რა მოწოდებაც არ უნდა გაეკეთებინა, მხარდაჭერა სჭირდებოდა და ვინ იყო მისი მხარდამჭერი?