„ბიზნესსექტორში ემიგრაციისაგან გამოწვეულ პრობლემებს უკვე ვხედავთ, ბაზარზე სამუშაო ძალისა და კვალიფიციური კადრების მწვავე პრობლემაა“ – გიორგი ხიშტოვანი

საქართველო „ტვინების გადინების“ დაჩქარებული რისკის წინაშე დგას.
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ცნობით, 2023 წელს 163,480 ქართველი წავიდა ემიგრაციაში, 91,896 კი დაბრუნდა ქვეყანაში, რამაც გამოიწვია 71,584 ადამიანის წმინდა გადინება. ეს წარმოადგენს 54%-იან ზრდას 2022 წელთან შედარებით და 75.3%-იან ზრდას 2021 წელთან შედარებით, რაც ბოლო 12 წლის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე დიდი უარყოფითი მიგრაციული ბალანსია.
ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მოლოდინთან ერთად ბოლო წლებში, პოლიტიკური გაურკვევლობა ემიგრაციის მთავარი მიზეზია.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანის შეფასებით, „ტვინების გადინების“ პრობლემა ბიზნესსექტორში უკვე აისახა. როგორც ის „კომერსანტთან“ ამბობს, ამის ერთ-ერთი მაგალითი ადგილობრივ მიტანის სერვისში უცხოელი კურიერების მზარდი რაოდენობაა, რაც თავის მხრივ, ხელფასების გაზრდას აფერხებს.
„ეს პრობლემა წლებია დგას, საქართველოს მოქალაქეების ემიგრაცია მკვეთრად იზრდება. შესაბამისად, მზარდი ემიგრაციისაგან გამოწვეულ პრობლემებს უკვე ვხედავთ. ბინზეს სექტორის თითქმის ყველა გამოკითხვა გვიჩვენებს, რომ სამუშაო ძალის პრობლემა მწვავედ დგას. აგრეთვე, სახელდება ვიწრო სპეციალიზაციის მქონე კადრების ნაკლებობა.
უკანასკნელი წლებია, საშუალო ხელფასი მკვეთრად იზრდება, რაც შესაძლოა „ტვინების გადინების“ ირიბი ეფექტიც იყოს, რადგან დამსაქმებელს კადრების მოსაზიდად მეტის გადახდა უწევს. კარგი კვალიფიკაციის მქონე კადრების რაოდენობა უფრო და უფრო ნაკლებია და შესაბამისად, ე.წ სავაჭრო ძალაუფლება დასაქმებულის მსურველს უფრო მეტი აქვს, ვიდრე დამსაქმებელს.
აშკარაა, რომ სერვისების მესაკუთრეები სამუშაო ძალის ნაკლებობის პრობლემას აწყდებიან და გადაჭრის გზად უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება მიიჩნიეს. ფაქტია, რომ სხვა თანაბარ პირობებში, დამსაქმებლისთვის უმჯობესი ადგილობრივი კადრების პოვნა იქნებოდა, უპირველესად, ენის ბარიერიდან გამომდინარე, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ვერ ხერხდება. ამავდროულად, დამსაქმებლები ხედავენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები მზად არიან უფრო დაბალ ხელფასზე იმუშაონ“,- აღნიშნა გიორგი ხიშტოვანმა.