აზერბაიჯანის მოთხოვნით საქართველოში დაპატიმრებული ჟურნალისტის აფგან სადიგოვის ცოლის, სევინჩ სადიგოვას ცნობით, 161 დღიანი შიმშილობის შემდეგ მის ქმარს “ჯანმრთელობისთვის შეუსაბამო” საკვებს აძლევენ ციხეში.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების შემდეგაც საქართველოს საერთო სასამართლოებმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი უკანონოდ საექსტრადიციო პატიმრობაში დატოვეს.
“წინა კვირასაც მითხრა ამის შესახებ, მაგრამ ხმამაღლა არ მითქვამს, ვიფიქრე, გამოსწორდებოდა სიტუაცია. დღესაც ვესაუბრე და იგივეა. ფაქტობრივად მხოლოდ წყალზე და ჩაიზეა 161 შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ, საერთოდ ვერ ჭამს იმ საკვებს, რასაც აძლევენ. მისი თქმით, ამ საკვების მიღების შემდეგ, ჯანმრთელი ადამიანიც კი დაავადდება, არათუ მის მდგომარეობაში მყოფი პატიმარი, რომელსაც ამდენხნიანი შიმშილობის შემდეგ ჯანმრთელობა აღარ უვარგა. ციხეში არსებულ მაღაზიაში კი, მხოლოდ წვენის და ორცხობილას მსგავსი საკვების ყიდვაა შესაძლებელი. არ ვიცი, რატომ აკეთებენ ამას, ადამიანმა ამდენი ხანი იშიმშილა და ამ მიდგომით ისევ რისკის ქვეშ აყენებენ მის ჯანმრთელობას. ილჰამ ალიევის და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ყველაფერს აკეთებენ, რომ სრულად გაანადგურონ ის ციხეში”, – უთხრა სევინჩ სადიგოვამ ნეტგაზეთს.
სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. ქართული მხარის განცხადებით, სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი და უფლებადამცველი ორგანიზაციები, ასევე დამოუკიდებელი მედია, მის დაკავებას ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.
