რომელი ევრიპული ქვეყნები აპირებენ სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენას?

უკრაინაში მიმდინარე ომმა ზოგიერთ ქვეყანაში დღის წესრიგში დააყენა საკითხი იმის შესახებ, უნდა აღდგეს თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახური. ბელგიაში სავალდებულო სამხედრო სამსახური (ანუ, გაწვევა) 1995 წლიდან გაუქმებულია, თუმცა, თავდაცვის მინისტრმა, თეო ფრანკენმა წამოაყენა ნებაყოფლობით საფუძველზე გარკვეული ფორმის სამხედრო სამსახურის იდეა: ყველა ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი მალე მიიღებს შეტყობინებას, რომლითაც მათ თავდაცვის სფეროში ერთი წლით ჩართვას შესთავაზებენ. ამჟამინდელი გეგმა, სახელწოდებით STAR (უსაფრთხოება – ტექნოლოგია – ამბიცია – მედეგობა) ითვალისწინებს სამხედრო პერსონალის გაზრდას 26 ათასიდან (2021 წ.) 29 ათასამდე (2030 წლისთვის). ბარტ დე ვივერის მთავრობას სურს, ეს სარეკრუტო კამპანია გააგრძელოს და საკანონმდებლო ვადის ბოლოსთვის, თავდაცვის ბიუჯეტი ბელგიის მშპ-ს 2%-მდე გაზარდოს. პროფკავშირების განცხადებით, მოხალისეების დასაქირავებლად აუცილებელია ინფრასტრუქტურასთან და საზედამხედველო პერსონალთან დაკავშირებული სირთულეების გადაჭრა.
ბელგია არ არის ერთადერთი ევროპული ქვეყანა, რომელმაც სამხედრო სამსახური აღადგინა ან ამის გაკეთებას აპირებს.
გერმანია
გერმანიაში 2011 წლიდან სავალდებულო სამხედრო სამსახური აღარ არსებობს, თუმცა, ფრიდრიხ მერცის მთავრობა მისი აღდგენის საკითხს განიხილავს.
ავსტრია
ავსტრიაში არსებობს სავალდებულო 6-თვიანი სამხედრო სამსახური 18 წლის და უფროსი ასაკის მამაკაცებისთვის, ხოლო ქალებს შეუძლიათ, არმიაში სამსახურისთვის ნებაყოფლობით დარეგისტრირდნენ.
ბელგია
ბელგიაში სავალდებულო სამხედრო სამსახური 1995 წლიდან შეჩერებულია, თუმცა, ამჟამინდელი მთავრობა მოხალისეების რეკრუტირებას გეგმავს (იხილეთ ზემოთ).
ბულგარეთი
ბულგარეთმა სავალდებულო სამხედრო სამსახური 2007 წელს გააუქმა და მისი არმია მხოლოდ პროფესიონალი სამხედროებისგან შედგება.
კვიპროსი
კვიპროსში მამაკაცებისთვის სამხედრო სამსახური სავალდებულოა და 14 თვე გრძელდება.
ხორვატია
ხორვატიაში სავალდებულო სამხედრო 2008 წლიდან შეჩერებული იყო და არმია მოხალისეებისგან შედგებოდა. თუმცა, 2025 წლის 1 იანვრიდან ორთვიანი სავალდებულო სამხედრო სამსახური აღდგა.

დანიაში სამხედრო სამსახური 18 წელს გადაცილებული მამაკაცებისთვის სავალდებულოა და 4-დან 12 თვემდე გრძელდება. თუმცა, კანონმდებლობა იცვლება და 2026 წლიდან გაწვევას ქალებიც დაექვემდებარებიან, ოღონდ – მამაკაცებისგან განსხვავებული პირობებით. ასევე შეიცვლება სამხედრო სამსახურის ხანგრძლივობა.
ესპანეთი
ესპანეთმა სავალდებულო სამხედრო სამსახური 2001 წელს გააუქმა და ის პროფესიული არმიით ჩაანაცვლა.

ესტონეთში სამხედრო სამსახური სავალდებულოა და ის, სპეციალიზაციის მიხედვით, 8-დან 11 თვემდე გრძელდება.
ფინეთი
ფინეთში სამხედრო სამსახური სავალდებულოა 18-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცებისთვის და 6-დან 12 თვემდე გრძელდება, თუმცა, შესაძლებელია მისი სამოქალაქო სამსახურის სახით გავლა. 18-დან 29 წლამდე ქალებს მოხალისეებად მსახურობა შეუძლიათ.
საფრანგეთი
საფრანგეთმა სავალდებულო სამხედრო სამსახური 1996 წელს გააუქმა, თუმცა, არსებობს ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახური, რომელიც 18-დან 25 წლამდე უმუშევარ ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, პროფესია შეისწავლონ ან სამუშაო გამოცდილება მიიღონ.
საბერძნეთი
საბერძნეთში სამხედრო სამსახური 19 წლის და უფრო მეტი ასაკის მამაკაცებისთვის სავალდებულოა და 12 თვე გრძელდება.
უნგრეთი
უნგრეთში სამხედრო სამსახური ნებაყოფლობითია, თუმცა, ომის დროს შესაძლებელია, სავალდებულო გაწვევა გამოცხადდეს.
ირლანდია
ირლანდიაში სამხედრო სამსახური სავალდებულო არ არის; არმია მოხალისეებისგან შედგება.
იტალია
იტალიაში სავალდებულო სამხედრო სამსახური 2005 წელს გაუქმდა. თუმცა არსებობს კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს 18-დან 26 წლამდე ასაკის პირებისთვის ექვსთვიანი სავალდებულო სამხედრო ან სამოქალაქო სამსახურის შემოღებას.
ლატვია
2024 წელს ლატვიამ ხელახლა შემოიღო სავალდებულო სამხედრო სამსახური, ლატარიის პრინციპით, 18-დან 27 წლამდე ასაკის მამაკაცებისთვის. ქალებს ნებაყოფლობით შეუძლიათ სამსახური.
ლიეტუვა
2015 წელს ლიეტუვამ ხელახლა შემოიღო სავალდებულო 9-თვიანი სამხედრო სამსახური 19-დან 26 წლამდე ასაკის მამაკაცებისთვის.
ლუქსემბურგი
ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში სავალდებულო სამხედრო სამსახური 1967 წლიდან აღარ არსებობს. თუმცა, მისი ხელახლა შემოღების საკითხზე პოლიტიკურ წრეებში დებატები მიმდინარეობს.
მალტა
მალტაში სამხედრო სამსახური სავალდებულო არ არის, არმია მოხალისეებისგან შედგება.
ნიდერლანდები
სავალდებულო სამხედრო სამსახური 1997 წლიდან შეჩერებულია, თუმცა ოფიციალურად არ გაუქმებულა. შესაძლებელია მისი ხელახლა შემოღება 17-დან 45 წლამდე ასაკის მამაკაცებისთვის და 17-დან 23 წლამდე ასაკის ქალებისთვის, თუ ხელისუფლება ამას გეოპოლიტიკური სიტუაციის გაუარესების გამო გადაწყვეტს.
პოლონეთი
პოლონეთში სავალდებულო სამხედრო სამსახური 2008 წელს გაუქმდა, თუმცა 2027 წლიდან მთავრობა იწყებს პროგრამას 18-დან 60 წლამდე ასაკის 100 ათასი მოხალისის გადასამზადებლად.
პორტუგალია
პორტუგალიაში სავალდებულო სამხედრო სამსახური 2004 წლიდან გაუქმებულია.
ჩეხეთი
ჩეხეთის რესპუბლიკამ სავალდებულო სამხედრო სამსახური 2004 წელს გააუქმა.
რუმინეთი
რუმინეთმა სავალდებულო სამხედრო სამსახური 2006 წელს გააუქმა.

სლოვაკეთმა სავალდებულო სამხედრო სამსახური 2004 წელს გააუქმა.
სლოვენია
სლოვენიამ სავალდებულო სამხედრო სამსახური 2003 წელს გააუქმა.
შვედეთი
დან მომდინარე საფრთხის საპასუხოდ, შვედეთმა 2017 წელს სავალდებულო სამხედრო სამსახური აღადგინა, რომელიც 9-დან 15 თვემდე გრძელდება. ის შერჩევითია და ეფუძნება ჯანმრთელობისა და სამხედრო მოტივაციის შესახებ კითხვარში გაცემულ პასუხებს, ასევე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტესტებს.
წყარო: 1 არხი