საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პარტიებს ერთიანი სიის შექმნას ურჩევს.
როგორც მან კლინიკა „ვივამედიდან“ სასამართლო სხდომაზე ჩართვისას განაცხადა, საერთო სია პარტიებმა არა რომელიმე პარტიის ქვეშ უნდა შეიმუშაონ, არამედ ნეიტრალურ პლატფორმაზე.
„ჩვენი პოლიტიკოსების ამოცანაა გავერთიანდეთ. მე მხარს ვუჭერ ერთიანი სიის შექმნას. ახლა მთავარია რუსული რეჟიმი მოვიშოროთ და რუსეთის აქ შემოსვლის საფრთხე გავანეიტრალოთ. იმიტომ, რომ რუსეთი ცდილობს შიგნიდან გამოგვჭამოს, ჩვენს ოჯახებშია შემოსული და შიგნიდან გვანგრევს. ეს უნდა განეიტრალდეს ჩვენი ერთიანობით. ყველამ გვერდით უნდა გადავდოთ ყველანაირი ამბიციები, ყველანაირი კუდაბზიკობა, ცხვირაწეულობა, წყენა. მეც ბევრი მაქვს საპრეტენზიო, ბევრთან, ვინც ხელი შეუწყო ამ უბედურების ხელისუფლებაში მოსვლას, მაგრამ ახლა პრეტენზიების დრო არ არის, იმიტომ, რომ ყველანი ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართ. ამიტომ გთავაზობთ საერთო სიის გზით სიარულს ნეიტრალურ პლატფორმაზე, არა რომელიმე პარტიის ქვეშ, არამედ ნეიტრალურ პარტიაზე. რა თქმა უნდა, ჩვენი პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ მუშაობს საკუთარი ძალების გაძლიერებაზე. რა თქმა უნდა, თუ საერთო სია არ გამოვიდა, ჩვენ მაინც ვითანამშრომლებთ სხვებთან და მაინც გვეყოლება ძალიან ძლიერი კანდიდატურები ყველა თანამდებობაზე. უახლოეს პერიოდში უნდა ვიმუშაოთ საერთო სიაზე და ამჯერად აუცილებლად უნდა გამოგვივიდეს. ყველაფერი გვერდით უნდა გადავდოთ, არ ვაპირებ დავას არც ჩემს ჯანმრთელობაზე, ახლა უნდა ვკონცენტრირდეთ არა საკუთარ თავზე, არა საკუთარ ჯანმრთელობაზე, არამედ სხვა რამეზე. ყველაფერს გავაკეთებ ერთიანობისთვის, იმისთვის, რომ საქართველო ვერ ჩაითრიონ ამ ტალახსა და მორევში, საიდანაც ამოსვლა, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.