2024 წლის იანვრიდან თბილისის მერია ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების პროგრამით მოსარგებლე ყველა ადამიანს სრულად დააფინანსებს. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
“პროგრამის ფარგლებში, ძვირადღირებული სამკურნალო მედიკამენტები სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოქალაქეების მსგავსად, პროგრამის ყველა მოსარგებლეს 100%-ით დაუფინანსდება. ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, აღნიშნულ ცვლილებამდე, პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას სოციალურად დაუცველის სტატუსის არ მქონე პირებს მხოლოდ 80%-ით, რიგ შემთხვევაში კი – 50%-ით უფინანსებდა”. – თქვა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის შემთხვევაში, ერთ პაციენტს მერია წლის განმავლობაში მინიმუმ 21 600 და მაქსიმუმ 61 150 ლარით აფინანსებს, ხოლო მეტასტაზური ფორმის შემთხვევაში, მინიმუმ 40 500 და მაქსიმუმ 65 340 ლარით.