მწერალთა სახლის დირექტორის, ქეთევან დუმბაძის მტკიცებით, მას უკრაინულ არასამთავრობო ორგანიზაცია სვიტანოკისთვის თანამშრომლობაზე უარი არ უთქვამს. დუმბაძემ მთავარ არხთან სატელეფონო ინტერვიუში თქვა, რომ ორგანიზაციის წერილი მასთან არ მისულა და “ვიღაც საბოტაჟნიკი ჰყავს”.
“არაფერზე უარი არ მითქვამს, მით უმეტეს უკრაინაზე, როგორ ვიტყოდი უარს, ადამიანობიდან გამომდინარე. […] საერთოდ არანაირი წერილიც კი არ მომსვლია მსგავსი…
[თუ ოფიციალური წერილი არსებობს], ესე იგი, ვიღაც მყავს, ვიღაცა “საბოტაჟნიკი” მყავს აქ იმიტომ, რომ მსგავსი წერილი ჩემამდე არ მოსულა. ეს არის სპეციალურად გაკეთებული. მე მაგას გავარკვევ და ძალიან სერიოზულად დავსჯი მასეთ ადამიანს, ვისაც ეგ აქვს გაკეთებული. ბოდიშს გიხდით, მაგრამ, ძალიან გთხოვთ, გამირკვიეთ, ვინ გააკეთა ეს. […] მე კი გავარკვევ, მაგრამ გამოძიება უნდა ჩავატარო და მერე მოგცემთ ინტერვიუს” – თქვა დუმბაძემ.
მთავარი არხის ცნობით, მწერალთა სახლმა უკრაინულ არასამთავრობო ორგანიზაცია სვიტანოკს (Ukrainian Youth Organization of Georgia “Svitanok”) თანამშრომლობაზე უარი უთხრა, მიზეზი კი არ განუმარტავთ.
“ივლისსა და აგვისტოში ორი გამოფენა გვქონდა მწერალთა სახლში. ამის შემდეგ ჩვენ ვეღარ შევთანხმდით პარტნიორობის გაგრძელებაზე. ახალი დირექტორის მოსვლის შემდეგ წერილი მივწერეთ მწერალთა სახლის ოფისს პარტნიორობის გაგრძელების შესახებ და გარკვეული პერიოდის შემდეგ მათი სამსახურიდან შეგვატყობინეს, რომ სამწუხაროდ ვერ გავაგრძელებთ თანამშრომლობას. ამის შესახებ ჩვენ სატელეფონო საუბრისას გვაცნობეს, მაგრამ რა გახდა ამის მიზეზი არ ვიცით” – მისწერა ორგანიზაციამ მთავარ არხს.
ტელევიზიის ცნობით, უკრაინულ ორგანიზაციას ამ ეტაპზე მწერალთა სახლში ეუბნებიან, რომ თანამშრომლობა აუცილებლად გაგრძელდება, მაგრამ რა ფორმით, უცნობია.