თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის ს მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციაზე იმყოფებიან პარტია „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები. ისინი აღნიშნავენ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკანონოდ არის პატიმრობაში და „ქართული ოცნების“ ტყვეა.
7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე ჩატარდება.
სავარაუდოდ, პროცესს კლინიკა “ვივამედიდან” დისტანციურად დაესწრება სააკაშვილი.
სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.