რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ “დანაშაულის ნიშნები” აღმოაჩინა ოპოზიციონერი გარი კასპაროვის და “თავისუფალი რუსეთის ფორუმის” თანადამფუძნებლის ივან ტიუტრინის ქმედებებში. ეს ხდება მას შემდეგ, რაც მათ გამართეს აუქციონი რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების დასახმარებლად, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძვიან. რუსული სახელმწიფო, პროპაგანდისტული მედია “ტასი” ინფორმაციას დუმის დეპუტატ ანდრეი ალშევსკიზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელმაც დეპარტამენტიდან მიღებული პასუხი “ტელეგრამზე” გამოაქვეყნა.
შსს ამბობს, გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, რომელიც ეხება ე.წ. არასასურველი ორგანიზაციის საქმიანობის მხარდაჭერას. მუხლის სანქცია, სხვა საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 5 წლამდე ვადით.
უწყება ამბობს, რომ შეგროვებული მასალები გადაეგზავნა რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მთავარ საგამოძიებო განყოფილებას ქალაქ მოსკოვში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გადაწყვეტილების მისაღებად.
დეპუტატმა ალშევსკიმ შსს-ს მიმართა და მოითხოვა გამოძიება ჩატარებული “თავისუფალი რუსეთის ფორუმისა” და Action4.life-ის მიერ აუქციონის ჩატარების თაობაზე. ღონისძიება 9 ნოემბერს ვილნიუსში გაიმართა.