სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) იდავებს სახის ამომცნობი ტექნოლოგიის გამოყენების უკანონობაზე მოქალაქეების დაჯარიმების მიზნით
ორგანიზაციის განცხადებით, მიმდინარე უწყვეტი პროევროპული აქციების ფონზე, „ქართული ოცნება“ დემონსტრანტების წინააღმდეგ აქტიურად იყენებს სახის ამომცნობ ტექნოლოგიას.
როგორც სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების მასობრივი დამუშავება პროტესტის ჩახშობისა და მოქალაქეთა დაშინების სტრატეგიის ნაწილია.
„ამით „ქართული ოცნება“ ცდილობს მოქალაქეებს დაანახოს, რომ მათი ნებისმიერი ქმედება შენახული და დოკუმენტირებულია, რაც სამომავლოდ შეიძლება გახდეს პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობა.
ადმინისტრაციული ჯარიმების გამოსაწერად ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება არღვევს მონაცემთა მინიმიზაციის, სამართლიანად და ღირსების შეულახავად დამუშავების პრინციპებს, აგრეთვე ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს“, – აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
ორგანიზაციის განცხადებით, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების გარდა, პროტესტის ფარგლებში სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენება საფრთხეს უქმნის შეკრების, გამოხატვის, გადაადგილების, დისკრიმინაციის აკრძალვისა და სხვა ფუნდამენტური უფლებების დაცვას.
„მნიშვნელოვანია, რომ იმ მოქალაქეებმა, რომლებსაც გზის გადაკეტვის საქმეზე შსს ფოტო-ვიდეომასალების შემცველ მასალებს ჩააბარებს, საკუთარი უფლებების დასაცავად პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართონ“, – აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოქალაქეებს სთავაზობს, განცხადების წარდგენისთვის გამოიყენონ მოცემულ ლინკზე თანდართული შაბლონი.
