დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ახსარ ჯიოევის თქმით, “რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმება ახალი ეტაპია ორი ქვეყნის თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების განვითარების კუთხით”.
მისი განცხადებით, აღნიშნული შეთანხმება მოიცავს ყველა შესაძლო ასპექტს, რომლის განხორციელებასა და განვითარებასაც ორივე მხარე ერთობლივად გეგმავს.
„ამ პროცესში წამყვანი და გადამწყვეტი როლი ეკავა და კვლავ ეკისრება რუსეთს. სწორედ მისი მხარდაჭერით ჩვენ დღეს დიდ ნაბიჯს ვდგამთ წინ, პრაქტიკულად ყველა სფეროს გაუმჯობესების თვალსაზრისით, რომლებსაც ეს შეთანხმება ეხება. ამ შეთანხმების ფარგლებში ყველა მიმართულებით ხორციელდება სხვადასხვა შეთანხმებები“ ,— განაცხადა მინისტრმა.
ჯიოევის თქმით, აღნიშნული შეთანხმება სოციალურ-ეკონომიკური სფეროების, განათლების, კულტურის, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების გარდა, მოიცავს საგარეო პოლიტიკური კავშირების განვითარების ცალკე მუხლს.
„შეთანხმების პრეამბულაში აღნიშნულია, რომ ჩვენი ურთიერთობები ეფუძნება ღრმა ისტორიულ და სულიერ კავშირებს, რაც ორივე სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს პასუხობს. ამ ფრაზაში ჩადებულია ჩვენი თანამშრომლობის ის სიღრმე, რომელიც უნდა შევინარჩუნოთ. ჩვენ ვიმოქმედებთ და გავაფართოებთ ჩვენს თანამშრომლობას არა მხოლოდ ამ შეთანხმების ფარგლებში, არამედ ყველა სხვა მიმართულებითაც“, — აღნიშნა ჯიოევმა.
რუსეთმა სამხრეთ ოსეთი, ისევე როგორც აფხაზეთი, დამოუკიდებელ რესპუბლიკად 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა.
