აშშ-სა და რუსეთს ნებისმიერი საკითხის განხილვა შეუძლიათ, მაგრამ უკრაინა პუტინისთვის მენიუში არ უნდა იყოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, აშშ-სა და რუსეთს თავიანთი საკითხების ფართო წრე აქვთ და შეუძლიათ, განიხილონ ის, რაც სურთ.
“უფრო ფართოა საკითხთა წრე, ეს იმისთვის, რომ უკრაინა მაქსიმალურად გაირიცხოს ამ პროცესიდან, ვინაიდან, მხარეებს ნამდვილად აქვთ თავიანთი თემების ფართო წრე. ეს გასაგებია, ამერიკა დამოუკიდებელი სახელმწიფოა, მთელი პატივისცემით ამერიკისადმი, პრეზიდენტისადმი – მათ რაც უნდათ იმის განხილვა შეუძლიათ… მეჩვენება, რომ ეს მათი ორმხრივი ურთიერთობებია. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს გავლენას ახდენს ჩვენს ვითარებაზეც”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან ამერიკელებს უთხრა, რომ მას არ სურს, რომ უკრაინა იყოს “პუტინისთვის მენიუს სიაში”.
“ჩვენ სალათები არ ვართ, კომპოტი არ ვართ ამ ადამიანისთვის, მისი მადის მიუხედავად. დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ. ამიტომ ჩვენს გარეშე ჩვენს შესახებ – ვთვლი, რომ არასწორია შეთანხმება, ვინაიდან ყველასთვის სასურველი შედეგი არ იქნება”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბრის შემდეგ მას აშშ-ის პრეზიდენტთან ჯერ არ უსაუბრია.
“ვთვლი, რომ საუბარი გვექნება პრეზიდენტ ტრამპთან, დეტალებს გავიგებთ. ყოველთვის მხარს ვუჭერდით პოზიციას, რომ არავითარი იარაღით არ ყოფილიყო დარტყმები ენერგეტიკაზე”,-განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინელებისთვის აშკარაა, რომ ტრამპისა და პუტინის შეთანხმებები ჯერ არ მუშაობს, ვინაიდან, მათი საუბრის დასრულების შემდეგ უკრაინაში საჰაერო განგაში ისმოდა.
“ვფიქრობ, უკრაინელებისთვის გასაგებია რა ხდება. ახლა უკრაინაში განგაშია. ანუ ეს, პრინციპში, არის კიდევაც პასუხი იმაზე, თუ რა ხდება. ანუ, რუსებმა, როგორც ჩემთვის ცნობილია, თქვეს, რომ პრეზიდენტ ტრამპთან საუბრის დროს ისინი ბრძანებას გასცემენ ენერგეტიკაზე ან შორი მანძილის იარაღით დარტყმების შეწყვეტის თაობაზე, “შაჰედებით” მათ შორის. მაგრამ ახლა არის განგაში, ანუ ახლა ეს ყველაფერი არ მუშაობს”,-განაცხადა ზელენსკიმ.
