ნიკა ჩერქეზიშვილი – ეშინიათ უნივერსიტეტებიდან სკოლებშიც არ შევიდეს უფრო მძლავრად წინააღმდეგობის იმპულსები და ცდილობენ, გაამრავლონ მაკონტროლებელი რგოლები

ეშინიათ უნივერსიტეტებიდან სკოლებშიც არ შევიდეს უფრო მძლავრად წინააღმდეგობის იმპულსები და ცდილობენ, გაამრავლონ მაკონტროლებელი რგოლები , – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ნიკა ჩერქეზიშვილმა განაცხადა.
როგორც ნიკა ჩერქეზიშვილმა აღნიშნა, “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, სკოლებში მიავლინოს “ოდერები” და „ამ ოფიცრებსა თუ გენერლებს“, ევალებათ „ტოტალური მეთვალყურეობის ქვეშ მოაქციონ“ დირექტორები და უფრო მეტად – მასწავლებლები.
“ჩვენ ყოველდღიურად ვუყურებთ “ქართული ოცნების” ე.წ. ხელისუფლება, როგორ ზღუდავს ადამიანებს, პროფესიულ ჯგუფებს, ინსტიტუციებს. როგორ ცდილობს, დააწესოს ტოტალური კონტროლი ყველგან და „კაგებეშნიკური“ მეთოდებით მოაშთოს თავისუფალი საზოგადოება. ამჯერად, მიადგნენ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, კერძოდ სკოლებს. “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, სკოლებში მიავლინოს “ოდეერები”. ამ ოფიცრებსა თუ გენერლებს, ევალებათ ტოტალური მეთვალყურეობის ქვეშ მოაქციონ დირექტორები და უფრო მეტად – მასწავლებლები. ამ ყველაფერს განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი და მინდა, ყურადღება გავამახვილო მათგან ზოგიერთზე. პირველია ის, რომ რეჟიმმა იმდენად ანტიეროვნული ნაბიჯები გადადგა, ისე დაარღვია ყველა „წითელი ხაზი“, რომ სადაც აქამდეც ჰქონდა კონტროლის მექანიზმები, იქაც აღარ ენდობა საკუთარ სისტემას და დამატებითი ზომების მიღება ჩათვალა საჭიროდ.
ჩვენ კარგად ვიცით, როგორ ტარდება კონკურსები, როგორ შეირჩევიან თანამდებობის პირები, ძირითადად პარტიული ნიშნით, ვინც მორჩილია “ქართული ოცნების”, მაგრამ უკვე აღარავის ენდობიან, იმდენად ანტიქართულ ძალად იქცნენ. მეორე ფაქტორია ის, რომ, როცა პროტესტი ჯანსაღია, სამართლიანია, ის არის გადამდები.
ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ, რომ რეჟიმს ხელიდან გაექცა კონტროლი თეატრალურ უნივერსიტეტში, სადაც საკუთარი გადაწყვეტილების უკან წაღება მოუწიათ, ჯერ გაუუქმეს სტუდენტებს სტატუსი და შემდეგ, როცა დიდ წინააღმდეგობას წააწყდნენ, ეს გაუქმებული სტატუსები აღუდგინეს. ახლა ეშინიათ უნივერსიტეტებიდან სკოლებშიც არ შევიდეს უფრო მძლავრად წინააღმდეგობის იმპულსები და ცდილობენ, გაამრავლონ მაკონტროლებელი რგოლები.
მესამე ფაქტორია ის, რომ “ქართულ ოცნებას” დაკარგული აქვს პიროვნული ნებელობა, დამოუკიდებლად მართვის უნარი, ისინი პირდაპირ ემსახურებიან რუსეთს, ასრულებენ მათ დავალებებს და უნდათ, რომ საქართველოს მოქალაქეებიც ამ რეჟიმში გადაიყვანონ, რომ გარშემო ყველა და ყველაფერი იყოს დამორჩილებული. კიდევ ერთი უმთავრესი ფაქტორია, პარტიული აქტივის დასაქმება. გამოიგონეს ახალი პოზიცია, პირადი მონაცემთა დაცვის ოფიცერი, სადაც დაასაქმებენ საკუთარ აქტივისტებს, პარტიულ აგიტატორებს. არავის დააინტერესებს მათი ცოდნა, განათლება, კომპეტენცია. სამსახურში აყვანისთვის განმსაზღვრელი იქნება, ეს ადამიანები იყვნენ პარტიული მუშაკები. ძალიან არასერიოზული და სასაცილო იყო განათლების სამინისტროს განმარტება, სადაც საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს ევროკავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებენ ამ დანიშვნებით. რეალურად, მთელი ქვეყანა ხედავს და თვითონაც პირდაპირ განაცხადეს, რომ გააჩერეს ევროინტეგრაციის პროცესი. ეს არის უსუსური თავის მართლება, რისიც უკვე აღარავის სჯერა. აქედან გამოსავალი არის ერთადერთი, სხვა ვერაფერი განმუხტავს და დაასრულებს იმ კრიზისს, რაც ქვეყანაშია. უნდა ჩაინიშნოს ხელახალი, სამართლიანი , რომ ერთხელ და სამუდამოდ გაიწმინდოს საგანმანათლებლო სისტემა პოლიტიკური წნეხისგან, რომ დირექტორებსა და მასწავლებლებს მიეცეთ სრული თავისუფლება“, – წერს ნიკა ჩერქეზიშვილი.