საბავშვო ბაღთან ახლოს, ძაღლის გამო დაწყებული კონფლიქტი მამაკაცის დაჭრით დასრულდა – რას ყვებიან თვითმხილველები ჟვანიას ქუჩაზე მომხდარი სროლის შესახებ

თბილისის ცენტრში, ზემო ვერაზე დღეს სროლა იყო. დანაშაულის ადგილზე სისხლის კვალი ახლაც შესამჩნევია. შემთხვევა დღეს ჟვანიას ქუჩაზე, საბავშვო ბაღთან მოხდა. ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელმაც რამდენიმე წუთით ადრე მცირეწლოვანი შვილი სააღმზრდელო დაწესებულებაში დატოვა. თვითმხილველების თქმით, ჟვანიას ქუჩაზე მოვლენები იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ ადგილზე ჩხუბი და დაპირისპირება თითქმის არავის შეუმჩნევია.
ჟვანიას ქუჩაზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. დაჭრილი უცხოელი მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დაჭრის ფაქტზე სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს 41 წლის გურამ ელიზბარაშვილი. წარსულში განზრახ მკვლელობისა და სხვა მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევ მამაკაცს ახალი ბრალი დღის ბოლოს ოფიციალურად წარუდგინეს.
თამაზ ელიზბარაშვილმა შვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია “კურიერისგან” შეიტყო. მოგვიანებით კი ბიზნესმენმა “რუსთავი 2-თან” დაადასტურა, რომ დანაშაულის მოტივი ძაღლთან დაკავშირებული კონფლიქტი გახდა.
შემთხვევის დროს გურამ ელიზბარაშვილს დაზიანება, სავარაუდოდ, ფეხის არეში თავადაც მიადგა. “კურიერის” კამერამ დააფიქსირა კადრები, თუ როგორ გადაჰყავთ ბრალდებული პოლიციის განყოფილებიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადით. ადგილზე ექიმების გამოძახება დღის ბოლოს გახდა საჭირო. მანამდე კი დაკავებული სამართალდამცველებს ჩვენებას რამდენიმე საათის განმავლობაში აძლევდა.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით მიმდინარეობს. ელიზბარაშვილის მიმართ აღკვეთი ღონისძიების საკითხზე სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართულმა ოცნებამ“ შეუძლებელი შეძლო, მათ შორის ევროინტეგრაციის კუთხით, ოპოზიციამ კი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გაუგზავნა დოკუმენტი, სადაც ამბობენ, რომ საქართველოსთან ყოველგვარი თანამშრომლობა უნდა შეჩერდეს

დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია – ლიბერალური ფაშიზმის გადატრიალებიდან 21 წლისთავია. ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას