საგადასახადო დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებების აღსრულება ჭიანურდება – ზურაბ ძნელაშვილი (BMG)

საგადასახადო სპეციალისტების ნაწილი აცხადებს, რომ ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოსთან დაკავშირებით ბიზნესს შენიშვნები რჩება.
როგორც BMG-სთან იურიდიული კომპანია Tax & Legal Solutions-ის მმართველი პარტნიორი და ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ამბობს, ბოლო პერიოდში დავების საბჭოში ბიზნესის მიერ შეტანილი საჩივრების განხილვის ვადები დაჩქარდა.
თუმცა ზურაბ ძნელაშვილი ამბობს, რომ გამოწვევად რჩება საბჭოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების გაჭიანურებული ვადები. მისი თქმით, ხშირად ბიზნესი შესაბამისი გადაწყვეტილებების აღსრულებას ერთი წელიც ელოდება.
“ამ ბოლო პერიოდში განხილვის ვადები ნამდვილად შემცირებულია, საჩივრის შეტანიდან თითქმის 2-3 თვეში ხდება მისი განხილვა, გადაწყვეტილების მიღება და გაგზავნა, რაც მისასალმებლია. თუმცა ისევ გამოწვევად რჩება გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი. ვისურვები, რომ კანონში პირდაპირ ჩაიწეროს საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების ვადა, იმ შემთხვევაში, თუკი საჩივარი სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მაგალითად, ჩაიწეროს, რომ გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს ერთ თვეში. გადასახადის გადამხდელს არ უნდა უწევდეს აუდიტორის დევნა, რომ მისი დარიცხვა გადაიანგარიშოს. შეიძლება აუდიტორს არ ეცალოს ან შეიცვალოს და ყოფილა შემთხვევა, რომ ერთი წელიც გაჭიანურებულა დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულება“, – განაცხადა ზურაბ ძნელაშვილმა.
ცნობისთვის, საგადასახადო დავების განხილვის საბჭო ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ორგანოა, რომელსაც გადასახადის გადამხდელი მიმართავს მაშინ, როდესაც შემოსავლების სამსახურმა მას დააკისრა გარკვეული საგადასახადო თუ საბაჟო გადასახადი, თუმცა სუბიექტი არ ეთანხმება და ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს ჯერ შემოსავლების სამსახურშივე, შემდეგ კი ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ ორგანოში.
აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს რეფორმირებაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო.
bm.ge