“ჩემი ნამდვილი სახელი არის როდამი – მამამ ასე დამარქვა. სულ ვეჩხუბებოდი, რატომ დამარქვი-მეთქი, ბავშვობაში სულ მრცხვენოდა. თვითონ ამბობდა, რომ ეს სახელი მაშინ ყველაზე ლამაზ ქალს – როდამ ამირეჯიბს ერქვა და მინდოდა, ჩემი შვილიც ასეთი ლამაზი ყოფილიყოო. სულ კომპლექსი მქონდა ამ სახელის, ბავშვები დამცინოდნენ და სხვადასხვანაირად მეძახდნენ. პიროვნული მთლიანობა ამ სახელთან ვერასდროს დავამყარე. დაბადების მოწმობაში, პირადობის მოწმობაში, პასპორტში – ყველგან შევიცვალე სახელი, ასე რომ, მე ორი სახელი მქვია – როდამი და ია:, – ამბობდა მსახიობი ია ფარულავა გოგი გვახარიას საავტორო გადაცემაში „შვილი“.
“ვარ ერთი გიჟი ქალი, მაგრამ არა სულელი” – ასე ახასიათებს საკუთარ თავს მსახიობი ია ფარულავა. ია უკვე მრავალი წელია, მაყურებლისთვის საყვარელი და, ამავდროულად, საინტერესო ფიგურაა. მას საკუთარი ცხოვრების, განვლილი გზისა თუ ოჯახის შესახებ არაერთხელ უსაუბრია საჯაროდ. საინტერესო ამბებსა და ისტორიებს ია ფარულავას შესახებ კიდევ ერთხელ გაგაცნობთ.
ია ფარულავა დაიბადა 1967 წლის 5 თებერვალს თბილისში, სკულპტორისა და მხატვრის, ოთარ ფარულავას ოჯახში. მისი სამსახიობო კარიერა 12 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც რეჟისორ ნანა ხატისკაცის ფილმში „ძნელი დასაწყისი“ (1981) ობოლი გოგონას, თიკოს როლი შეასრულა.
მამამისი, ოთარ ფარულავა, ცნობილი ქართველი მხატვარი და მოქანდაკე იყო. მისი პირველი მეუღლე ოპერის მომღერალი მედეა ამირანაშვილი გახლდათ, რის გამოც ია ბავშვობაში ხშირად სტუმრობდა ოპერის თეატრს და კულისებიდან ადევნებდა თვალს წარმოდგენებს.
ია ფარულავას ბავშვობა ფერად და მხიარულ პერიოდად ახსოვს, სადაც ხელოვნება და კულტურა მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. მამის გავლენით, ის და მისი ძმა ხშირად ათვალიერებდნენ რენესანსის მხატვრების ნამუშევრებს და უსმენდნენ კლასიკურ მუსიკას, რაც მათ ესთეტიკურ აღქმაზე დიდ გავლენას ახდენდა. ია ფარულავას ერთ-ერთ ინტერვიუში დედასაც იხსენებდა და ამბობდა, რომ განსაკუთრებული გარეგნობის ქალი იყო: “დედა ძალიან ლამაზი ქალი იყო – მოდელი და მოცეკვავე. დედასაც ვგავარ და მამასაც. როდესაც მოსკოვში მოდის ჩვენება გაიმართა, ამ ჩვენებაში მონაწილეობას დედაჩემიც იღებდა. ტოქსიკური დედა იყო – თვითონ ვერ განახორციელა თავისი დიდი ოცნებები, არაჩვეულებრივად მღეროდა. ეგზოტიკური გარეგნობა ჰქონდა. თავისი თავის რეალიზება ვერ შეძლო და ამიტომ ცოტა ტოქსიკური იყო. თავისი მიზნები შვილებს გადასცა – და ჩვენც ისეთები გავხდით, როგორიც მას სურდა”…გაგრძელება
