საახალწლო პერიოდი ჩვენთვის სრული კოლაფსი იყო – “ლორუკა”

“საახალწლო პერიოდი ჩვენთვის სრული კოლაფსი იყო”, – ამის შესახებ BM.GE-სთან რაჭული ლორის მწარმოებელი კომპანიის „ლორუკა“ დამფუძნებელმა, მარიამ ლებანიძემ ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ გასულ წელს, საწარმო ევროსტანდარტების მიხედვით გადააიარაღა. გადაიარაღების პროცესი მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 130 000 ლარის ინვესტიცია ჩაიდო. პროექტის განხორციელებისთვის კომპანიამ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, Mercy Corps-ისა და UNDP – ის გრანტები მოიპოვა. ინვესტიციის ნაწილი კი საკუთარი რესურსებით უზრუნველყო. შესაბამისად, კომპანია ახალი სეზონიდან წარმადობის ზრდას გეგმავდა.
მარიამ ლებანიძის განმარტებით, კომპანიები, მათ შორის „ლორუკაც“ საახალწლო პერიოდისთვის აქტიურად ემზადებიან, რადგან ამ პერიოდში გაყიდვები ათმაგდება და ზოგი კომპანიისთვის ასმაგდება კიდეც. თუმცა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე, კომპანიის დამფუძნებლის თქმით, ახალი წლის ხალისი არავის არ ჰქონდა. შესაბამისად მათი გაყიდვები მნიშვნელოვნად შემცირდა.
„ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე დიდი არაფერი ცვლილებები არ გვაქვს, მაშინ როდესაც ახალი წლისთვის მზადება უნდა დაგვეწყო, სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა.
საახალწლო პერიოდი იყო სრული კოშმარი, რადგან არავის ეახალწლევებოდა. სრული კოლაფსი იყო ჩვენთვის როგორც ბევრი დიდი ბიზნესისთვის, რადგან ბიზნესების შემოსავლების დიდი წილი, სწორედ საახალწლო პერიოდში გაყიდულ პროდუქციაზე მოდის. ზოგი ბიზნესის შემთხვევაში, გაყიდვები ასმაგდება ხოლმე, თუმცა წელს ასე არ მოხდა. ზუსტად არ დამითვლია, მაგრამ დეკემბერში გაყიდვების დაახლოებით 80%-მდე კლება მქონდა. თუმცა, ბოლო ორი თვეა ფეხზე წამოვდექით, დაინტერესებაც და გაყიდვებიც გაიზარდა. იმედი გვაქვს, რომ წლევანდელი წელი უკეთესი იქნება“, – ამბობს მარიამ სანებლიძე.
„ლორუკას“ დამფუძნებელი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ბოლო ორი თვეა კომპანიას გაყიდვები და მოთხოვნა გაეზარდა. შესაბამისად, უკეთესის იმედით, წელს „ლორუკა“ წარმადობის 20%-ით ზრდას გეგმავს. ამასთან მოლაპარაკებებს ორ ტურისტულ ობიექტთან აწარმოებს და სავარაუდოა, რომ წელს ამ ობიექტებშიც შევლენ. ამის მიუხედავად, სანებლიძე დასძენს, რომ როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკური რყევების გათვალისწინებით, რთულია რამის პროგნოზი, რადგან აღნიშნული ფაქტორები ბიზნესის განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს და ხელს უშლის.
ლორის მწარმოებელი ქართული კომპანია „ლორუკა“ 3 წლის წინ 20 ათას ლარიანი ინვესტიციით დაფუძნდა, სადაც ჯერჯერობით მუდმივად 2 ადამიანია დასაქმებული და მომხმარებლებს 4 სახეობის პროდუქციის შეძენას ონლაინ, მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს.