19 დეკემბერს საფრანგეთის პარლამენტის კანონმდებლებმა საკამათო კანონპროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც საფრანგეთის საიმიგრაციო პოლიტიკა მკვეთრად გამკაცრდება.
მიღწეულმა შეთანხმებამ ახლა პარლამენტის ორივე პალატა უნდა გაიაროს. შეთანხმებით, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონის მთავრობა შედარებით მემარჯვენე პოლიტიკის გატარების მომხრეებთან რიგ დათმობებზე წავიდა. გარიგების მიხედვით, საფრანგეთში მიგრანტებისთვის სოციალური შემწეობის მიღების ვადა რამდენიმე წლით გახანგრძლივდება, რაც ბავშვებისთვის დახმარებასა და ასევე საცხოვრებლით უზრუნველყოფას მოიცავს.
ამასთანავე, კანონპროექტს საიმიგრაციო კვოტები შემოაქვს, რთულდება იმიგრანტი ბავშვების ნატურალიზების პროცესი და იმ შემთხვევაში, თუკი ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი პოლიციის წინააღმდეგ მძიმე დანაშაულს ჩაიდენს, მან შესაძლოა საფრანგეთის მოქალაქეობა დაკარგოს.
აღნიშნულ შეთანხმებას შვიდი სენატორისა და შვიდი დეპუტატისგან შემდგარმა კომიტეტმა მიაღწია. თუმცა, ფრანგი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსის მარინ ლე პენის მომხრეებმა მაკრონის მთავრობის მიერ დათმობებზე წასვლა “იდეოლოგიურ გამარჯვებად” შერაცხეს.
წინა კვირას მაკრონისთვის მნიშვნელოვანი საიმიგრაციო კანონპროექტი ეროვნულ ასამბლეაში განხილვის გარეშე ჩავარდა, რის შემდეგაც მთავრობამ ზემოხსენებულ კომიტეტს საიმიგრაციო პოლიტიკაზე შეთანხმების მიღწევა დაავალა. კანონპროექტის მისაღებად მაკრონის მთავრობას კონსერვატიული პარტია Les Républicains-ის მხარდაჭერა სჭირდება, რომელსაც იმიგრაციის საკითხზე ხისტი პოლიტიკის გატარების მომხრეა.