კანდიდატის სტატუსს ვადარებ გასაღებს მანქანის გარეშე და თუ ჩვენ არ ავირჩიეთ მთავრობა, რომელიც პირობებს შეასრულებს და რეფორმებს გაატარებს, გასაღები დარჩება გასაღებად , – ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არის შესაძლებლობა, რომლის არგამოყენება არის დანაშაულია.
„კანდიდატის სტატუსს უნდა შევხედოთ როგორც შესაძლებლობას. სტატუსს ვადარებ გასაღებს მანქანის გარეშე, თუ ჩვენ არ ავირჩიეთ მთავრობა, რომელიც პირობებს შეასრულებს და რეფორმებს გაატარებს, გასაღები დარჩება გასაღებად. ეს არის შესაძლებლობა, რომლის არგამოყენება დანაშაულია. თუ გადაწყვეტ, მოიქცე თურქეთივით, იქნები თურქეთივით, აქაც არავითარი პერსპექტივა არ გვაქვს, რადგან დემოკრატიას, რომ თავი დავანებოთ, ბოლო 40 წელში თურქეთი ე.წ. მესამე ქვეყნიდან გახდა წამყვანი ინდუსტრიული ქვეყანა მსოფლიოში, საუკეთესო ჯარით. „ქართული ოცნების“ პირობებში ეს ჩვენ საერთოდ არ „გვეჭყანება“, სამწუხაროდ. 90-იანი წლების დასაწყისში, ვინც კი გეოლოგი ან რაიმე ტექნიკური პროფესიის ადამიანი ყოფილა, ან ოჯახში ამ პროფესიის წევრი ჰყავს, დამერწმუნება, რომ 90-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა საქართველოს განვითარების პირობები გაცილებით წინ იყო, ვიდრე მაშინდელი თურქეთის“, – განაცხადა ანა დოლიძემ.