„ნანუკას ფონდი დააყადაღეს. დეტალები უცნობია, მიზეზებს ვარკვევ“, – წერს ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.
მოგვიანებით ნანუკა ჟორჟოლიანმა განახლებული ინფორმაცია გაავრცელა. მისი ცნობით, ანგარიშები დაყადაღებულია სასამართლოს განჩინებით, გამოიყენეს „დაუყონებლივი მექანიზმი“.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ამ საკითხზე დასმულ კითხვას ასე უპასუხეს: „სხვა უწყებებში იკითხეთ“, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კი ამბობენ, რომ არც მათ არ მოუთხოვიათ ამ შეზღუდვის დაწესება.
„ნანუკას ფონდი“ ბოლო პერიოდში მეტწილად ორიენტირებული იყო პროევროპულ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდების ოჯახების დახმარებაზე. ფონდი ასევე ეხმარებოდა იმ მოქალაქეებს, რომლებსაც პოლიცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას ედავებოდა, სასამართლო კი სოლიდურ ჯარიმებს აკისრებდა.
ნანუკა ჟორჟოლიანმა 2024 წლის დეკემბრის პირველივე რიცხვებში, როცა პროევროპული აქციები აქტიურ ფაზაში იყო, გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კომერციული ბანკებიდან მისი საქველმოქმედო ფონდის ფინანსური დოკუმენტაცია გამოითხოვა.
„შემატყობინეს რომ სუსმა, ბანკებიდან ჩემი ფონდის ფინანსური დოკუმენტაცია გამოითხოვა. აქამდეც გელოდით და თუ ერთი ადგილი გაქვთ, რომ შეამოწმებთ, გამოდით და შემაქეთ“, – წერდა ნანუკა ჟორჟოლიანი.
„ნანუკას ფონდი“ 2020 წელს დაარსებული საქველმოქმედო ფონდია. პროევროპული აქციების დაწყების პერიოდში ფონდი გამოყოფდა თანხებს დემონსტრაციებისას თავდაცვითი აღჭურვილობის – რესპირატორების, სათვალეების, აირწინაღების, ასევე ტანისამოსის – შესაძენად.




