3 წლის განმავლობაში ლარის კურსი დოლართან მიმართებით უცვლელი დარჩება – ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის საბაზისო მაკროეკონომიკური სცენარის მიხედვით, 2024 წელს, 2025 წელს და 2026 წელს ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის როგორც ეფექტური, ისე დოლარის მიმართ, მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.
„საბაზო სცენარში, 2023-2024 წლებში საქართველოს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური აქტივობის აღდგენა არაერთგვაროვნად მიმდინარეობს. მომდევნო წლიდან დან მიგრაციის, ფინანსური შემოდინებებისა და სავაჭრო ნაკადების ნორმალიზების კვალდაკვალ მეზობელი ქვეყნების უმრავლესობაში ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება არის მოსალოდნელი. თუმცა საერთაშორისო ბაზარზე აზერბაიჯანის გაზრდილი როლი მის ეკონომიკის მდგრადობას დამატებით შეუწყობს ხელს. შესაბამისად 2024-ში მისი ეკონომიკა სტაბილურად გაიზრდება, თუმცა მიმდინარე წელთან შედარებით ნაკლები ზრდით ხასიათდება. სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების უმრავლესობაში მიმდინარე წელს ინფლაცია კვლავ მაღალ ნიშნულზე იყო, თუმცა შემცირების ტრაექტორია შეიძინა. მიუხედავად ამისა, მომდევნო წელსაც აღნიშნულ ქვეყნებში ინფლაცია კვლავ მიზნობრივ დონეზე მაღლა შენარჩუნდება.
გამყარებული ეროვნული ვალუტის შედეგად გაუარესებული კონკურენტუნარიანობისა და რეგიონალური რისკების გათვალისწინებით, ქვეყანაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაღრმავება არის მოსალოდნელი. აღნიშნული კი, შემდგომ პერიოდში ფულადი გზავნილების ნაკადების მოსალოდნელი ნორმალიზების გათვალისწინებით, ეროვნულ ვალუტაზე გაუფასურების წნეხს ქმნის. თუმცა 2023-2024 წლებში საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის ასამაღლებლად განხორციელებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების ფონზე, ქვეყანაში ტვირთბრუნვის ზრდა და სატრანზიტო პოტენციალის გაფართოება არის მოსალოდნელი. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, ლარის ნომინალური გაცვლითი კურსის როგორც ეფექტური, ისე აშშ დოლარის მიმართ, მნიშვნელოვანი ცვლილებები საშუალოვადიან პერიოდში არ შეინიშნება“, – ნათქვამია მიმოხილვაში.
რაც შეეხება ოპტიმისტურ სცენარს, აქ მოსალოდნელია 2024 წელს ლარის 3%-ით, ხოლო 2025 წელს 2%-ით გამყარება. პესიმისტური სცენარის მიხედვით, რომელიც ქვეყანაში ფულადი გზავნილების შემოდინების შენელებას და გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობების გაჭიანურებას გულისხმობს, ლარის გაცვლითი კურსი 15%-ით გაუფასურდება.