ვალერი ჩეჩელაშვილი – “იძულება მშვიდობისთვის” ანუ რის გამოვაჭრებას ცდილობს პუტინი ტრამპისგან?!”
ისევ აზრთა სხვადასხვაობა – ოპოზიციაში აცხადებენ, რომ 31 მარტისთვის დაგეგმილი ერთობა კითხვის ქვეშაა
თორნიკე შარაშენიძე – “რატომ უნდა გავიდეს ამერიკა კავკასიიდან მარტივად და დაუთმოს რუსეთს?”
“წინ დიდი თავგადასავლები ელით” – ვის გულისხმობს “ოცნება” “ექსტრემისტულ პარტიებში” და რას უპირებს მათ
* * *
ვალერი ჩეჩელაშვილი – “იძულება მშვიდობისთვის” ანუ რის გამოვაჭრებას ცდილობს პუტინი ტრამპისგან?!”
“ვფიქრობ, ეს შეხვედრა უნდა განვიხილოთ ზოგად კონტექსტში, ეს კი მდგომარეობს იმაში, რომ აშშ-ის კონგრესში იწყება “მეგობარი აქტის” ხელახალი განხილვა, რომელიც ჯერჯერობით ისევ შეაჩერეს და ახლა უკვე მესმის, რატომაც გადაიდო მისი განხილვა. მოგახსენებთ, “მეგობარი აქტი” თავდაპირველად 2024 წლის 20 მაისს, საქართველოს პარლამენტში “აგენტების კანონზე” პრეზიდენტის ვეტოს დაძლევამდე, დარეგისტრირდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში. ეს არის საქართველოსთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელიც, ერთი მხრივ, ითვალისწინებს საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობის გაღრმავებას, მეორე მხრივ კი – სანქციების დაწესებას “საქართველოს დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაში შემჩნეული პირებისთვის”. როგორც ჩანს, სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვიტა, რომ ბოლო შანსი მიეცა “ქართული ოცნებისთვის”, – აცხადებს ფინანსთა ყოფილი მინისტრი და რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ყოფილ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვალერი ჩეჩელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “იძულება მშვიდობისთვის” ანუ რის გამოვაჭრებას ცდილობს პუტინი ტრამპისგან?!”
“რაც შეეხება ბოჭორიშვილ-დანიგანის შეხვედრას, როდესაც ასეთი მოლაპარაკება იმართება, დიპლომატიაში წესია, რომ სტრუქტურა და ლექსიკონი იმ განცხადებების, რომლებიც მისი დასრულების შემდეგ კეთდება, მხარეებს შორის თანხმდება და აშკარა დისონანსი მათ შორის არ უნდა იყოს. შეიძლება იყოს განსხვავებული აქცენტები, მაგრამ თემები და სულისკვეთება მეტ-ნაკლებად ერთნაირია ხოლმე. ჩვენ კი აქ ვხედავთ აბსოლუტურად განსხვავებულ შეფასებებს – ქართულ განცხადებაში ისეა წარმოდგენილი, რომ თითქოს ორმხრივ ურთიერთობაში კრიზისი არ არსებობს და ქვეყნები, უბრალოდ, ლაპარაკობენ იმაზე, თუ როგორ დაიცვან შემდეგში სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპი და როგორ განავითარონ ურთიერთობა. აბსოლუტურად სხვა განცხადება გაავრცელა აშშ-ის საელჩომ. მასში ჩანს ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემები და ლაპარაკია გარკვეული ნაბიჯების აუცილებლობაზე, რაც ამ პრობლემებს დაძლევს. ეს აშკარად მიუთითებს, რომ მიზნები და ამოცანები, რაც ჰქონდა მხარეებს ამ შეხვედრის წინ, აბსოლუტურად განსხვავებულია. ვიმეორებ, ეს არის მთლად ბოლო თუ არა, ერთ-ერთი ბოლო შანსი იმისთვის, რომ `ქართული ოცნება~ დაუბრუნდეს აშშ-თან სტრატეგიული თანამშრომლობის პრინციპს”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვალერი ჩეჩელაშვილი.
“აქ შეიძლება ლაპარაკი იყოს სერიოზულ, ფუნდამენტურ საკითხებზე, ასევე შედარებით პატარა ნაბიჯებზე. ფუნდამენტურია 2 საკითხი – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და აქციებზე დაკავებულთა უპირობოდ გათავისუფლება. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი კი იქნება იმ საკანონმდებლო, სამართლებრივი თუ საფინანსო წნეხის მოხსნა, რისი მომსწრენიც ვართ. ვგულისხმობ ბოლო ხანს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს და იმ უკიდურესად გაზრდილ ჯარიმებს, რომელთაც აკისრებენ აქციების მონაწილეებს. ისეთ აბსურდამდე, ანეკდოტურ ვითარებამდე მივედით, როდესაც პაატა ბურჭულაძე დააჯარიმეს იმისთვის, რომ ოპერის წინ საქართველოს ჰიმნი იმღერა. მოკლედ, ჩემი აზრით, ამ წნეხის მოხსნა იქნებოდა ხელისუფლების პირველი პოზიტიური ნაბიჯი. კიდევ ერთი კითხვაა – რატომ შეხვდა აშშ-ის ელჩი მაინცდამაინც ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს, რომელიც გადაწყვეტილების მიღების მე-3 ან მე-4 დონეა? ჩემი შეფასებით, ეს მიუთითებს, რომ რეალურად “ოცნება” არ არის მზად საიმისოდ, რომ ამერიკელების გზავნილი პოზიტიურად მიიღოს. ძალიან გამიკვირდება, თუ ამ შეხვედრის შედეგად მოვისმენთ “ქართული ოცნების” ახალ პოლიტიკურ ნარატივებს. სიმართლე გითხრათ, ძალიან მინდა ვცდებოდე…”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“ქართული ოცნება” ცდილობს დონალდ ტრამპისა და მისი გუნდის პარტნიორად წარმოაჩინოს თავი, დაამკვიდროს აზრი, რომ ტრამპი, რომელსაც სურს დაამარცხოს ეს მითური “გლობალური ომის პარტია”, “დიფ სთეითი” თუ მსგავსი შეთქმულების თეორიები, მათი თანამოაზრეა. და ამის გამოსაცდელი დრო სწორედ ახლა დადგა. გასაგებია, რომ ქალბატონი ელჩი დანიშნულია წინა ადმინისტრაციის დროს, გასაგებია, რომ ორმხრივ ურთიერთობაში პაუზა იყო. კარგა ხანია ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობა არ ყოფილა და ახლა გაიმართა ეს შეხვედრა, რაც ნიშნავს, რომ ქალბატონ ელჩს მიღებული ჰქონდა ძალიან მკაფიო ინსტრუქციები სახელმწიფო დეპარტამენტიდან. შესაბამისად, ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილები არა “გლობალური ომის პარტიის”, არა “დიფ სთეითის”, როგორც ბოლო დროს “ქართული ოცნების” კრიტიკოს ამერიკელებს უწოდებენ, არამედ ეს არის ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის კონკრეტული გზავნილები. “ქართულ ოცნებას” ახლა აქვს შესაძლებლობა დაადასტუროს, რამდენად განიხილავს საკუთარ თავს მართლაც ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის პარტნიორად”, – ამტკიცებს ყოფილი ელჩი რუსეთში.
“თუ ამას “ოცნებისგან” შესაბამისი გადაწყვეტილებები მოჰყვა, პოზიტიურ სცენარზე გადავალთ. თუ არადა, ეს იქნება არა მხოლოდ პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება, არამედ “ქართული ოცნების” მთელი იმ ნარატივის დანგრევა, რომლის შესაბამისადაც გვიმტკიცებდნენ, რომ ტრამპის პარტნიორები არიან, მას მხარს უჭერენ და მის შეფასებებსა და აზრს ყურად იღებენ. ახლა ბურთი “ქართული ოცნების” მოედანზეა… რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ ვითარებას, ორიგინალური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ მთავარია, პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია და მე ამას ფართო კონტექსტში განვიხილავ, ანუ ოპოზიციასთან ერთად არასამთავრობო სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებას, რათა წნეხი “ქართულ ოცნებაზე” გაძლიერდეს. ეს პროტესტი თავისი არსითა და სტრუქტურით უნიკალურია, ერთგვარი ნოუ-ჰაუა, რომელსაც მიაგნო ქართველმა საზოგადოებამ, სრულიად მშვიდობიანი, კონსტრუქციული და ძალიან თანამიმდევრულია. ჩემი აზრით, აბსოლუტურად ახალი ენერგია თავისუფლდება საზოგადოების წიაღში. მნიშვნელოვანია ამ ახალგაზრდული ენერგიისა და გამოცდილი ოპოზიციური ელიტების სიმბიოზი, – როდესაც ერთ კალაპოტში მოექცევა გამოცდილება და ახალი ენერგია, მაშინ ჩვენ აუცილებლად მივალთ დადებით შედეგამდე”, – დაასკვნის ვალერი ჩეჩელაშვილი.
“… ის, რომ პრეზიდენტი ტრამპი და მისი გუნდი ნოვატორული მიდგომებით გამოირჩევიან როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკაში, ცნობილია, თუმცა დაგეთანხმებით, რომ ახლა უფრო მეტი თანამიმდევრულობა და პრინციპულობა ჩანს მათ მოქმედებებში. ტრამპი უფრო შორს წავიდა, ვიდრე დიდი ბრიტანეთის პრემიერ სტრამერისა და პრეზიდენტ მაკრონის გეგმა იყო. მოგეხსენებათ, ეს გეგმა თავიდან გულისხმობდა ცეცხლის შეწყვეტას ჰაერში და ზღვაზე, ტრამპი უფრო შორს წავიდა და 30-დღიანი სრულად ცეცხლის შეწყვეტის იდეა წარმოადგინა, რასაც ზელენსკი დათანხმდა. რაც შეეხება პუტინს, მის პასუხში მე ორ რამეს ვხედავ: პირველი არის იმის დადასტურება, რომ პუტინსაც არა აქვს რესურსი ომის გასაგრძელებლად, ამიტომ იძულებულია, რომ ანგარიში გაუწიოს ამ შეთავაზებას, პირველ რიგში კი ტრამპის პოზიციას; მეორე – მას სერიოზული შიში აქვს, რომ ტრამპი დაუწესებს დამატებით, უფრო მკაცრ სანქციებს. სხვათა შორის, ამის წინა პირობაა ის, რომ ნავთობის ფასი ძალიან დაეცა, მაგალითად, თებერვალში რუსეთის შემოსავალმა ნავთობიდან 18%-ით დაიკლო. პუტინი, როგორც კარგი ვაჭარი, ცდილობს გამოსტყუოს დამატებითი ბენეფიტები ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ. ჩემი აზრით, შანსი იმის, რომ ცეცხლი შეწყდეს, საკმაოდ მაღალია”, – მიიჩნევს რესპონდენტი.
“საქმე ის არის, შემდეგ რა მოხდება. თუ სანქციები შენარჩუნდება, ეს იქნება სერიოზული წინა პირობა, რომ დაიწყოს თუნდაც ხანგრძლივი, მაგრამ დიპლომატიური პროცესი კონფლიქტის საბოლოოდ დარეგულირებისთვის. თუ სანქციები შერბილდა ეს იქნება აშშ-ის ძალიან სერიოზული, დრამატული შეცდომა. კარგი ის არის, ევროპა მზად არის თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს ნატოს სტაბილურობისა და უკრაინის სოლიდარობის საქმეში. გამოყო უკვე 800 მილიარდი და ამას რომ დავუმატოთ მათი თავდაცვის ბიუჯეტები, თანხა 2 ტრილიონამდე ადის. რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი კი წელს 145 მილიარდი ამერიკული დოლარია, რუსეთს რესურსები შეზღუდული აქვს…. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას პერსპექტივა აქვს, მაგრამ შემდგომში როგორ განვითარდება მოვლენები, დამოკიდებული იქნება ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაზე, თუ რამდენად მკაცრი და თანამიმდევრული იქნება ის რუსეთთან, რამაც უნდა უბიძგოს რუსეთს კონსტრუქციულ დიპლომატიურ მოლაპარაკებებში მონაწილეობისკენ. უმნიშვნელოვანესი იქნება, უსაფრთხოების როგორ გარანტიებს მისცემენ უკრაინას; როგორ წარიმართება უკრაინის აღდგენის პროცესი, ასევე მნიშვნელოვანი იქნება სამხედრო დამნაშავეთა დასჯა”, – დასძენს ყოფილი ელჩი.
ისევ აზრთა სხვადასხვაობა – ოპოზიციაში აცხადებენ, რომ 31 მარტისთვის დაგეგმილი ერთობა კითხვის ქვეშაა
“ოპოზიციაში უკვე არის მინიშნებები იმაზე, რომ შესაძლოა 31 მარტისთვის დაგეგმილი დიდი ერთობა ჩაიშალოს, რადგან მათ წრეში არიან ძალები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის გარეშემო გაერთიანებას ეწინააღმდეგებიან. ანალიტიკოსებს უჭირთ კონკრეტული პირებისა და პოლიტიკური აქტორების დასახელება, თუ ვინ შეიძლება ამ ერთობის წინააღმდეგი იყოს, თუმცა მიზეზებზე საუბრისას აღნიშნავენ, რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან” გაერთიანება არავის უნდა. “არ ვიცი ვინაა ამ ერთობის წინააღმდეგი, მაგრამ ვიცი რასაც უფრთხიან. უფრთხიან სწორედ იმას, რომ ამომრჩევლებმა ისევ ერთ ქვაბში არ მოხარშონ, დავუშვათ, “ნაციონალური მოძრაობა” და დანარჩენი ოპოზიციური პარტიები”, – განაცხადა ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ “რეზონანსთან”. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ასევე ფიქრობს, რომ ბარიერგადალახულ პარტიებს “ნაცმოძრაობასთან” გაერთიანება არ სურთ”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ისევ აზრთა სხვადასხვაობა – ოპოზიციაში აცხადებენ, რომ 31 მარტისთვის დაგეგმილი ერთობა კითხვის ქვეშაა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ თუ გაერთიანება არ შედგება, უნდა დასახელდნენ კონკრეტული აქტორები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამ გაერთიანებას. “31 მარტის თარიღი უნდა გახდეს ბოლო ვადა ამ დისკუსიის. მიზანშეწონილი არ არის ის, რომ ამას ყოველთვის ახლდეს იმედგაცრუება, რომ ოპოზიციამ კვლავ ვერ შეძლო გაერთიანება და ა.შ. თუ ეს გაერთიანება არ შედგება, უნდა დასახელდნენ კონკრეტული აქტორები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამ გაერთიანებას. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი განსხვავებები გვაქვს, ყველაზე ფუნდამენტური პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, კერძოდ, ეს არის პრეზიდენტ სააკაშვილის არ შეწყალების საკითხი. საზოგადოების კონსოლიდაციისთვის ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა და პარტიული ხაზებისა და წარსულის დავიწყება იქნებოდა სწორი ნაბიჯი”, – განაცხადა ბოკუჩავამ, რომლის თქმით, “პოლიტიკური პატიმარი არ შეიძლება განისაზღვროს ვინმეს პოლიტიკური გემოვნების მიხედვით”. რამაზ საყვარელიძის აზრით, ბარიერგადალახულ პარტიებს ურჩევნიათ მარტო დარჩნენ, ვიდრე ვინმესთან გაერთიანდნენ”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ოპოზიციაში ბევრი მეგულება ისეთი, რომელიც შეიძლება ამ ერთობის წინააღმდეგი იყოს, უპირველეს ყოვლისა ის ოთხი პარტია, რომელებმაც ბარიერს გადააბიჯეს. საერთოდ ეგრეა – გაჭირვების დროს გვინდა, რომ ხელი ჩავჭიდოთ ადამიანებმა ერთმანეთს, მაგრამ როცა დალხენილი ვარ და მიმაჩნია, რომ ჩემზე ღონიერი არავინაა, “ვაშა”-ს ვიძახი და სხვებს კეთილი თვალით კი ვუყურებ, თუმცა გაერთიანების სურვილი აღარ მაქვს. ინდივიდუალური წესები ეგეთია და მგონი პოლიტიკოსებიც ასეთი წესი მოქმედებენ. ყველაზე გაჭირვებულები კი ისინი არიან, ვინც იმ ოთხის იქით დარჩნენ. ასეთია “გირჩი”, რომელიც მეეჭვება ამ გაერთიანების მომხრე იყოს, მას უფრო დიდი გეგმები აქვს. შესაძლოა ამის მიზეზი ისიც იყოს, რომ “ნაცმოძრაობასთან” ერთად არ უნდათ. გაერთიანება იმ ადამიანებთან, რომლების (ხელისუფლებაში) მოსვლა ხალხს არ სურდა და სწორედ ამიტომ მისცეს ხმა “ქართულ ოცნებას”, ბუნებრივია, ეს მათთვის წამგებიანია. გარდა ამისა, არც ვინმე ჩანს ისეთი, რომელიც ამ გაერთიანებისთვის მომგებიანი იქნება, იგივე სალომე ზურაბიშვილი. მას არ აქვს ის რეიტინგი, რომ ჩავთვალოთ, რომ ვინც მასთან ახლოს დადგება, მისი შარავანდედი მასაც გადაედება”, – დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
“ოპოზიციურ საზოგადოებაში არსებობს გარკვეული ჩამოყალიბებული მყარი შეხედულებები, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ამომრჩეველთა საკმაოდ დიდი ნაწილი, რომელმაც ხმა უნდა მისცეს, ეწინააღმდეგება ამ დიდ ერთობას, ანუ “ნაციონალების”, “ახლების” და სხვების ერთად ყოფნას. მით უმეტეს, როცა კეთდება საკმაოდ ბუნდოვანი განცხადებები ოპოზიციური ლიდერების მხრიდან. ვერ გაიგებ – ლაპარაკი არის, დავუშვათ, 31 მარტის აქციის ერთად ორგანიზებაზე, თუ ზოგადად ოპოზიციის გაერთიანებზე? საზოგადოების ამ ნაწილს ზუსტად ბოკუჩავას და “ნაციონალური მოძრაობის” მიუღებლობა აქვს. ბოკუჩავა არაფერს კარგავს, სხვები კარგავენ ამ გაერთიანებით. როცა ოპოზიცია რაიმე ერთობაზე თუ კოორდნიაციაზე ლაპარაკობს, უნდა იყოს ძალიან გამჭვირვალე, თუ რა ერთობას გულისხმობს, რისთვის და რატომ. თუ ეს არის მიმავალი გზა იქითკენ, რომ საბოლოო ჯამში დიდი ერთობა ჩამოყალიბდეს, მაშინ ეს სხვა ერთობაა. მკითხაობას ვერ დავიწყებ, არ ვიცი ვინაა ამ ერთობის წინააღმდეგი, მაგრამ ვიცი რასაც უფრთხიან. უფრთხიან სწორედ იმას, რომ ამომრჩევლებმა ისევ ერთ ქვაბში არ მოხარშონ… ესაა რეალობა და ამას როგორ უნდა უშველოს ოპოზიციამ, ამაზე უნდა დასხდნენ და იფიქრონ. მარტო მოწოდებებით საქმე არ კეთდება”, – დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
თორნიკე შარაშენიძე – “რატომ უნდა გავიდეს ამერიკა კავკასიიდან მარტივად და დაუთმოს რუსეთს?”
_ ფაქტია, ბრძოლის ველზე პუტინს უპირატესობა აქვს და ეს მის სასარგებლოდ მუშაობს. პუტინს ძლიერი კარტები უჭირავს – დაინახა, რომ ომი გამოფიტვაზეა და უპირატესობა აქვს. ეკონომისტებმა იციან, რა შეიძლება მოიფიქროს ამერიკამ, მაგრამ ძალიან მეეჭვება, რაიმე დამანგრეველი სანქცია მოიგონონ. ასე რომ, ვფიქრობ, რუსეთი შეიძლება კომპრომისზე წავიდეს, მაგრამ არაფრით დათანხმდება იმას, რომ იქ ნატოს ძალები განლაგდნენ. რუსები პრინციპულად ითხოვენ, რომ დონეცკი, ლუგანსკი, ხერსონი და ზაპოროჟიე მთლიანად მიითვისონ. ახლა მათ მთლიანად ვერ აკონტროლებენ, მაგრამ მითვისება სურთ. მძიმე პროცესი იქნება, ალბათ, რამდენიმე თვე კიდევ გაიწელება”, – აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, “ჯიპა”-ს პროფესორი თორნიკე შარაშენიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რატომ უნდა გავიდეს ამერიკა კავკასიიდან მარტივად და დაუთმოს რუსეთს?”
“ტრამპი რუსეთისგან შემხვედრ ნაბიჯს ელოდება. მან თხოვნით მიმართა პუტინს, რომ არ გაანადგუროს ალყაში მოქცეული უკრაინელები. იმედია, პუტინი დათანხმდება და შესაძლოა სანქციებზე შეზღუდვების მოხსნა იყოს შემხვედრი ნაბიჯი. მაგრამ საკითხავია, რუსეთს მართლაც აზიანებს და ეშინია იმ სანქციების, რაზეც ახლაა საუბარი? შესაძლოა არც არაფერს ნიშნავს და მზად არის აიტანოს, მაგრამ საქმე ბოლომდე მიიყვანოს, მაგალითად, დონეცკის ოლქში, სადაც ბოლო დროს წინსვლა აქვს. წინსვლა არა აქვს ხერსონში, ზაპოროჟიეში, მაგრამ აქვს დონეცკში და შეიძლება ურჩევნია ტერიტორიები წაიღოს. ჩვენ ხომ არ ვიცით, რა ხდება რუსეთის ეკონომიკაში? მეოთხე წელია გვეუბნებიან, ჩამოინგრევაო, მაგრამ არ ჩამონგრეულა… რაც შეეხება იმას, რომ რუსების მიერ კურსკის აღება დაემთხვა ამერიკის მიერ რამდენიმე დღით უკრაინისითვის სატელიტური უზრუნველყოფის გათიშვას და იმის ვარაუდი, რომ ეს გათიშვა შეთანხმებული იყო, რათა კურსკი აღარ ყოფილიყო გაჭედილი მოლაპარაკებაში – ამაში ლოგიკა ნამდვილად არის და როგორც ჩანს, ამისთვის გამოიყენეს ის სცენა, რაც გათამაშდა თეთრ სახლში”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თორნიკე შარაშენიძე.
“ბოლო დროს პუტინი ტრამპს ძალიან დადებითად ახსენებს. ესე იგი, ძალიან კარგად ესმის, რომ ტრამპის ხელში უნდა დაამთავროს ომი. ტრამპის ხელში რუსეთმა შეიძლება მიიღოს საკმაოდ ბევრი, რადგან ტრამპი აშკარად არ განიხილავს რუსეთს დიდ საფრთხედ არც ამერიკისთვის და არც მთლიანად დასავლეთისთვის. აბსოლუტურად მესმის მათი, ვინც უკრაინის ხელისუფლებაშია, ომის მოგების იმედი ჰქონდათ, თავიდან, 2022-ში მართლაც ბევრს მიაღწიეს, მაგრამ 2023 წლის ზაფხულზე, როდესაც დიდი კონტრშეტევა ჩაუვარდათ და ომი საბოლოოდ გადაიზარდა გამოფიტვის ომში, ეს ყველაფერი გასაგები გახდა. ამის მერე კი ასე მარტივი არ არის, თქვა, ვწყვეტ ომს და ის ტერიტორიები, რაც რუსეთმა წაიღო, დავუტოვოო. წინასწარ ვინ იცოდა, რა მოხდებოდა, მით უმეტეს, როდესაც კიევმა მოიგერია რუსები და უკრაინის სამ დღეში დაკავება და უკრაინის ხელისუფლების დამხობა ჩაუვარდათ”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“მეორე კრიტიკული მომენტი იყო პრიგოჟინის გალაშქრება მოსკოვზე და ეს რომ გადალახეს, ყველაფერი გასაგები გახდა. პრინციპში, პუტინის ხელში რუსეთის მთავრობამ ძალიან რთული ამოცანა გადაჭრა, ლამის დანგრევის პირას იყო სახელისუფლებო ვერტიკალი იმ შოკის ფონზე, რაც კიევში მიიღეს. ეს გადაიტანეს და ისიც მოახერხეს, რომ ომი, რომელიც თავიდან ბლიცკრიგად ჰქონდათ ჩაფიქრებული, გადაიყვანეს გამოფიტვის ომში და შესაბამისად, მთელი ქვეყნის ეკონომიკაც და შეიარაღებული ძალებიც საამისოდ გადააწყვეს. უკრაინას ომის მოგების შანსი ჰქონდა 2022-ში და ის დაიკარგა 2023-ში, როდესაც კონტრშეტევა ჩავარდა. საერთოდ, ზელენსკი ხშირად ხელმძღვანელობს წმინდა პოლიტიკური მოსაზრებებით, რაც ომის მოსაგებად საკმარისი არ არის. ამიტომაც იყო, რომ ერთხელ ალყაში იმიტომ მოექცა უკრაინული შენაერთი, იმიტომ, რომ უკან დახევაზე ბრძანება არ გასცა. პრინციპში, კურსკთანაც იგივე მოხდა, აქაც, როგორც ჩანს, იყო წმინდა პოლიტიკური გადაწყვეტილება”, – მიიჩნევს ჯიპას პროფესორი და შეკითხვაზე – “აშკარად ჩანს, რომ ევროპა არ არის მოლაპარაკებების მხარე და შეძლებს თუ არა ამერიკის გარეშე უკრაინის დაცვას?” – პასუხობს:
“არის ერთი გენიალური ქართული ანდაზა – “სანამ პეტრე მოვიდოდა, პავლეს ტყავი გააძვრესო”. ვიდრე ევროკავშირის ბიუროკრატია რამეს გადაწყვეტს, მერე ფულს გამოყოფს და ამის მერე ამ ფულის ათვისებას დაიწყებენ და ამით შექმნიან შეიარაღებულ ძალებს – მინიმუმ, 5-წლიანი პერსპექტივაა. ვიდრე ევროკავშირი ამას გააკეთებს, პავლემ რა უნდა ქნას, რამდენ ხანს იომოს? ევროკავშირის მასშტაბით მსგავსი შეთანხმება არ შედგება, რადგან ძალიან ბევრი ქვეყანა არ გრძნობს საფრთხეს რუსეთისგან. მხოლოდ პოლონეთი გრძნობს და ამიტომაც აცხადებს ახლა საყოველთაო გაწვევას. გერმანიაში კი კეთდება ხმამაღალი განცხადებები, მაგრამ გერმანიაში ეკონომიკური კრიზისია და ლოგიკური შეკითხვაა, ფული საიდან უნდა მოიტანოს, რას უნდა მოაკლოს, ჯანდაცვას თუ პენსიებს? იბადება კითხვა, – გერმანიის მოსახლეობას მართლა სჯერა, რომ რუსული ტანკები ჯერ ბალტიისპირეთს გაივლიან, მერე პოლონეთს და შეცვივდებიან გერმანიაში?”
“რაც შეგვეხება ჩვენ, 2008 წლის შემდეგ აქ რუსული ბაზა რომ გიდგას, ამით ხომ ძალიან ბევრი რაღაცაა ნათქვამი? რუსეთი ამის გამო მშვიდად არის, ფიქრობს, ჩემი ბაზა პირდაპირ თბილისზეა დამიზნებულიო… გასაგებია, რომ საქართველოში ყველაფერზე რეაქცია გვაქვს, სირიაში რომ ომი დაიწყო, შეგვეშინდა, ვაიმე, ჩვენ არ გაგვცვალონო, ავღანეთიდან ჯარი გამოიყვანა ამერიკამ და, ავტეხეთ პანიკა, ვაიმე, ჩვენთან რა იქნებაო. სულ შფოთია იმაზე, რომ ვინმეში ჩვენ არ გაგვცვალონ. ცხადია, ეს ომი ბევრ რამეს შეცვლის, მაგრამ არა მგონია, მთელ რეგიონს შეეხოს, რომ დაიწყოს გავლენის სფეროების გადანაწილება. რატომ უნდა გავიდეს ამერიკა კავკასიიდან მარტივად და დაუთმოს რუსეთს? ვფიქრობ, აქ ისეთივე სიტუაცია შენარჩუნდება, როგორიც არის. საქართველო, ასე თუ ისე, მაინც დასავლეთზე იქნება ორიენტირებული, მაგრამ აქ რუსები დგანან სამხედრო ბაზით და ამით საქართველოს ნატოში ინტეგრაცია დაბლოკილია. რუსეთისთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი და ამიტომაც არ ადარდებთ საქართველოს საკითხი”, – დასძენს თორნიკე შარაშენიძე.
“წინ დიდი თავგადასავლები ელით” – ვის გულისხმობს “ოცნება” “ექსტრემისტულ პარტიებში” და რას უპირებს მათ
“ნაწილი ოპოზიციისა კატეგორიულ უარს აცხადებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე, ნაწილი კი ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა. როგორც “ოცნებაში” აცხადებენ, “უმჯობესი იქნება, თუ ექსტრემისტული პარტიები არჩევნებზე არ გამოვლენ”, ამასთან, იმედს გამოთქვამენ, რომ ოპოზიცია ჩაერთვება პროცესში. ანალიტიკოსი გია აბაშიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ “ექსტრემისტულ პარტიებში” იგულისხმება ის ძალები, ვინც “ღიად, თუ ფარულად კანონიერი ხელისუფლების დამხობას მოითხოვს”. ამბობს, რომ “ნაცმოძრაობის” სამართლებრივი შეფასების პროცესი ადგილობრივ არჩევნებს უბრალოდ დაემთხვა და “არანაირ თანხვედრაში არაა”, თუმცა არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტამდეც კი მივიდეს პროცესი და პარტია აიკრძალოს. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ფიქრობს, რომ ოპოზიცია, საკუთარი განცხადებების მიუხედავად თვითმმართველობისა არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “წინ დიდი თავგადასავლები ელით” – ვის გულისხმობს “ოცნება” “ექსტრემისტულ პარტიებში” და რას უპირებს მათ.
“ექსტრემისტული პარტია არის განსაზღვრებით ის პარტია, რომელიც ღიად თუ ფარულად კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივად დამხობას მოითხოვს. სამწუხაროდ, მრავალი წლის განმავლობაში არაერთხელ გაგვიგია, რომ პარლამენტის შენობის გარეთ მოწყობილ აქციებზე ნაცტელევიზიებიდან თუ სხვადასხვა საჯარო სივრციდან არა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკოსების, არამედ მათი მომსახურე არასამთავრობოების წარმომადგენლებისგან, რომ ლეგიტიმური მთავრობის დემონტაჟი უნდა მომხდარიყო და ძალაუფლება ხალხს გადასცემოდა – რაღაც ასეთი კომუნისტური ლოზუნგები იყო, ამას აუცილებლად რეაგირება სჭირდება. “ნაცმოძრაობის” წარსული დანაშაულები, პირველ რიგში სამშობლოს ღალატს ეხება – 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთის ოკუპაციის აშკარად და მოღალატეობრივად წაქეზება და სხვა სისტემური დანაშაული საქართველოს მოქალაქეების მიმართ, ამას კომისია პარლამენტის დონეზე გამოიძიებს და უდიდესი ალბათობით, შემდგომი სისხლის სამართლებრივი რეაგირებისთვის მასალები პროკურატურას გადაეცემა”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.
“თავად კომისიის წევრებმა და სამუშაო ჯგუფების მონაწილეებმა, არაერთხელ განაცხადეს, რომ ისინი არ უყურებენ არანაირ საარჩევნო კალენდარს იქიდან გამომდინარე, რომ თითოეული საქმე უნდა იყოს გამყარებული ძალიან სოლიდური მტკიცებულებებით და ეს ასეც იქნება. შესაბამისად, როდის დაამთავრებენ ისინი მუშაობას, ზაფხული იქნება, შემოდგომა, თუ ამ წლის რომელიმე სხვა თვე, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. არანაირ პარალელურ რეჟიმში და თანხვედრაში არ მიდის საარჩევნო პროცესებთან. ის ცალკე სხვა მომენტია, მაგრამ როგორც კი დამთავრდება მათი მუშაობა და გამოიკვეთება პოლიტიკურ-მორალური დანაშაული წინა ხელისუფლების ჩინოსნების მხრიდან, ბუნებრივია იქ დადგება პროკურატურის რეაგირების საჭიროება და საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტი იმასთან დაკავშირებით, რომ ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი პარტია უნდა აიკრძალოს, როგორც ხდება ნებისმიერ ქვეყანაში”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“ანტიქართულ ძალებს წინ ძალიან დიდი თავგადასავლები ელით. მათი მხრიდან ძალიან სასაცილოა ე.წ. მორიგი ბოიკოტი, რომ ვითომ ადგილობრივ არჩევნებში არ მიიღებენ მონაწილეობას. ერთია, რომ მოახლოებულ მართლმსაჯულებას გრძნობენ და მეორეა, რეიტინგები კიდევ უფრო დაუვარდათ გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. რაც პაპუაშვილმა განაცხადა, სავსებით სამართლიანია, ეს საზოგადოების უდიდესი ნაწილის აზრიცაა, რომ ანტიქართული ძალები ქართულ პოლიტიკაში არ უნდა მოქმედებდნენ. მეტიც, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა თქვა, რომ ლორა თორნტონს საერთოდ უნდა აეკრძალოს საქართველოში შემოსვლა. დიახაც, არა მხოლოდ ანტიქართულ და ანტისახელწიფოებრივ ამერიკელ ლორა თორნტონს, არამედ სხვა დასავლელ პოლიტიკურ აქტორებსაც, რომლებიც ღიად და დაუფარავად მტრობენ ჩვენ სახელმწიფოს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაეკეტოთ საქართველოს საზღვარი და გამოცხადდნენ პერსონა ნონ გრატად. კმარა ამდენი ტოქსიკური პარაზიტის ატანა საქართველოს მიწა-წყალზე”, – დაასკვნის გია აბაშიძე.
“შალვა პაპუაშვილის თქმით, “დადგება ოქტომბერი და ისე მიიღებენ მონაწილეობას, მზე მაღლა იქნება და ასეც მოხდება” და მიიჩნევს, რომ “უმჯობესი იქნება თუ ექსტრემისტული პარტიები არჩევნებზე არ გამოვლენ”. “ეს მისცემს ქართულ დემოკრატიას საშუალებას, რომ სრული დემოკრატიული გადატვირთვა მოხდეს და ყველანაირი ექსტრემისტული პოლიტიკურ დაჯგუფება ჩამოსცილდეს ქართულ პოლიტიკას. პირველი კარგი ნაბიჯი გადადგეს იმით, რომ საკუთარ მანდატებზე უარი თქვეს და ეს რა თქმა უნდა, დავუკმაყოფილეთ. ამით საქართველოს პარლამენტი დიდწილად გათავისუფლდა რადიკალური და ექსტრემისტული პოლიტიკური ჯგუფებისგან, რომლებიც იმართებიან გარედან. დარჩენილია გახარიას მარგინალური ჯგუფი, იმედია, ისინიც გავლენ პარლამენტიდან. სხვებიც თუ არ მიიღებენ მონაწილეობას, ესეც კარგი იქნება”, ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე, რომლის აზრით, “ჩვენს პოლიტიკურ ლანდშაფტს სჭირდება გადატვირთვა ექსტრემისტული, რადიკალური და ეროვნული ინტერესების მოღალატე ჯგუფებისგან”, – აღნიშნავს გამოცემა.
