რესტორანში სადილი 3.94%-ით გაძვირდა

მიმდინარე წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.4 პროცენტი შეადგინა. საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 2025 წლის თებერვალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2 პროცენტს გაუტოლდა.
2025 წლის თებერვალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რესტორანში სადილი 3.94%-ით გაძვირდა. – ამას აჩვენებს საქსტატის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, რესტორანში ხინკლის ფასი თებერვალში წლიურად 13.73%-ითაა გაზრდილი. მიზეზი ისაა, რომ გაზრდილია იმ ინგრედიენტების ღირებულება, რომელიც ხინკლის მომზადებისთვისაა საჭირო: ძროხის ხორცის ფარში 2.5%-ით გაძვირდა, ძროხის ხორცი – 2,37%-ით, მწვანილი – 45.84%-ით, ხახვის ფასი 8.52%-ითაა მომატებული; ფქვილის ღირებულება 1.76%-ითაა გაზრდილი, თუმცა, გაიაფებულია ღორის ხორცი. საქსტატის მიხედვით ღორის ხორცზე ფასი 3,61%-ითაა შემცირებული.
გაძვირებულია ხაჭაპურიც: 2025 წლის თებერვალში წლიურად 2.99%-ითაა გაძვირებული ხაჭაპური კაფეში, ხოლო 4.09%-ითაა ხაჭაპურის ფასი გაზრდილი საცხობებში;
ფასი გაზრდილია ლუდზეც: 2025 წლის თებერვალში წლიურად 9.18%-ით გაძვირდა ლუდი ბარში;
გაზრდილი ფასები ხვდება მომხმარებლებს ყავაზეც კაფეებში: 2025 წლის თებერვალში წლიურად ყავა კაფეში 6.29%-ითაა გაძვირებული.