როგორ ნაწილდება სარეკლამო მედიაბაზარი – ანალიზი

საქართველოს მედიაბაზარი სწრაფი ცვლილებებისა და ინოვაციების პროცესს გადის. ჩვენი ანალიტიკური სტატია მიმოიხილავს იმ შესაძლებლობებს, რომლებიც განსაზღვრავს ადგილობრივ მედიალანდშაფტს და ხელს უწყობს სტრატეგიულად გამართლებულ გადაწყვეტილებათა მიღებას.
ციფრული მედიის მიმოხილვა
ციფრული მედიასექტორი აქტიურად განაგრძობს განვითარებას. 2024 წლის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის 91,5%-ს აქვს ინტერნეტთან წვდომა. ამ მონაცემის მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის მობილურ ინტერნეტზე. 2023 წელთან შედარებით 2024 წელს მობილური ინტერნეტის პენეტრაცია 12%-ით გაიზარდა.
კვლევები ადასტურებს, რომ სოცმედია არის ერთ-ერთი მთავარი მედიუმი ინფორმაციის გავრცელების კუთხით. განსაკუთრებით აქტიურად გამოყენებადი პლატფორმები საქართველოში არის Facebook, Instagram, TikTok და YouTube. აღნიშნულ სივრცეს ბრენდები წარმატებით იყენებენ უკვე წლებია, თუმცა, წინა წლებთან შედარებით, აშკარაა ტენდენცია, როცა სარეკლამო არხებად მხოლოდ სოციალურ მედიას იყენებენ ისეთი კომპლექსური ვიდეორგოლების განსათავსებლად, რომლებიც ადრე სატელევიზიო რეკლამისთვის იყო განკუთვნილი. ციფრული რეკლამის წილი მთლიანი მედია დანახარჯებში 2024 წელს 51%-ს შეადგენდა, რაც 1.96% ზრდას გვიჩვენებს 2023 წელთან შედარებით.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს ხელოვნური ინტელექტის (AI) როლის ზრდა მარკეტინგულ და კრეატიულ პროცესებში. კვლევების მიხედვით, საქართველოს ტექნოლოგიური სექტორი ხშირად იყენებს AI-ს კომპონენტებს, მათ შორის რეკლამასა და მედიაკონტენტის ავტომატიზაციაში.
სატელევიზიო მედიის მიმოხილვა:
საქართველოს ბაზარზე ტელევიზია კვლავ დომინანტ მედიუმად რჩება, თუმცა ციფრული მედიის მნიშვნელოვანმა ზრდამ გავლენა მოახდინა სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე. 2024 წელს სატელევიზიო ბაზრის დანახარჯებმა წინა წელთან შედარებით მხოლოდ 1%-ით მოიმატა.
სატელევიზიო რეკლამის ტოპ განმთავსებლები კატეგორიების მიხედვით
სატელევიზიო რეკლამის განმათავსებლების კატეგორიები საკმაოდ მრავალფეროვანია. გამოირჩეოდა კატეგორია „ინდუსტრია და სერვისები”, რომელიც მთლიან სატელევიზიო სარეკლამო ინდუსტრიაში 19%-ს იკავებს. ამ კატეგორიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ დეველოპერული კომპანიები რომელთაც კატეგორიის 42% უჭირავთ.
დეველოპერული კომპანიების ტოპგანმთავსებლების პირველ და მეორე ადგილს „არქი ჯგუფი” და „ორბი ჯგუფი” ინაწილებენ, 57%-იანი წილით.
სასმელების კატეგორიაში 2024 წელსაც უპირობო ლიდერობას ინარჩუნებს „კოკა-კოლა” 37%-იანი SOV-ით. „ბორჯომს“ კატეგორიაში 9%-იანი SOV უჭირავს, ხოლო „პეპსის” 4%.
სამომხმარებლო კუთხით, 2024 წელს სატელევიზიო ყურებადობა წინა წელთან შედარებით 2%-ით არის გაზრდილი. საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების გავლენა ტელევიზიის ყურებადობაზე განსაკუთრებით ჩანს აპრილ-მაისისა და ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში. საზოგადოების გაზრდილი ინტერესი ინფორმაციის მიღების მიმართ ბუნებრივია, რომ აისახება ტელევიზიის ყურებადობის ზრდაზე. ის, რომ ციფრული ეპოქის პირობებში, სატელევიზიო ყურებადობა არის გაზრდილი, კიდევ ერთხელ მიანიშნებს ტელევიზიის მნიშვნელოვან როლს საზოგადოებაში.
ყურებადობა:
სატელევიზიო ყურებადობის მონაცემებით მაყურებელთა 46% მამაკაცია, ხოლო 54% ქალი. საერთო აუდიტორიის 27% თბილისში ცხოვრობს. ასაკობრივი განაწილებით, 37% 56-74 წლის მოსახლეობას წარმოადგენს, 8% – 75 წელს გადაცილებულ პირებს, ხოლო ყველაზე მცირე წილი – 6%, 10 წლამდე ასაკის ბავშვებზე მოდის. დასაქმების მიხედვით, ტელემაყურებელთა 64% უმუშევარია, ხოლო 36% დასაქმებული.
სოციო-ეკონომიკური მონაცემები:
სოციო-ეკონომიკური სტატუსის თვალსაზრისით, ტელეაუდიტორიის უმრავლესობას 47% საშუალო სტატუსი აქვს, 36%-ს დაბალი, ხოლო მაღალი სოციო-ეკონომიკური სტატუსის მქონე მაყურებლები საერთო აუდიტორიის მხოლოდ 17%-ს შეადგენენ.
ყურებადობის დროის განანაწილება:
თბილისში, საშუალოდ, მაყურებლები 03:47 საათს ატარებენ სატელევიზიო ეკრანებთან. აღმოსავლეთ საქართველოში ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია – 04:22 საათი. დასავლეთ საქართველოში კი ყურებადობის საშუალო ხანგრძლივობა 04:41 საათს აღწევს.
მიუხედავად ისეთი გამოწვევებისა, როგორიცაა ციფრულ პლატფორმებთან კონკურენცია თუ ახალგაზრდული აუდიტორიის დაკარგვა, ტელევიზია საქართველოს მედიალანდშაფტში მნიშვნელოვანი მოთამაშეა და ბაზრის დანახარჯების 28%-ს იკავებს.
კატეგორიებს FOOD ( SOV-ით 19%) და INDUSTRY & SERVICES ( SOV-ით 18%) სექტორების მაღალი წილი უჭირავთ, რაც მიუთითებს ამ სექტორების დომინანტურ პოზიციას და ხაზს უსვამს მნიშვნელოვან წვლილზე ეკონომიკაში. უფრო დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ „სატელევიზიო ბაზრის რუკა”.
გარე რეკლამის ტენდენციები და გამოწვევები 2025 წელს
მსოფლიოში ციფრული რეკლამის მზარდი მოთხოვნის მიუხედავად, გარე რეკლამა აქტუალობას არ კარგავს. თუმცა, თუ გადავხედავთ მსოფლიო ტრენდს, გარე რეკლამაც თავისებურ ტრანსფორმაციას განიცდის. ეს უკანასკნელი გამოწვეულია მომხმარებელთა ქცევის ცვლილებით.
სტანდარტული OOH (Out of Home) გარე რეკლამა ადგილობრივ ბაზარზე კვლავ დომინანტურ პოზიციას ინარჩუნებს, თუმცა DOOH (Digital Out-of-Home) რეკლამის წილიც მუდმივად მზარდია. 2025 წლის მსოფლიო ტენდენციების მიხედვით, აუთდორში პროგრამატიკული რეკლამისადმი მოთხოვნა სულ უფრო მატულობს, რაც საშუალებას აძლევს ბრენდებს, უფრო ეფექტურად მიაწვდინონ მესიჯები მიზნობრივ აუდიტორიას. ინტერაქციული ეკრანები და AI-ზე დაფუძნებული პერსონალიზაცია კი რეკლამას კიდევ უფრო უნიკალურსა და მიმზიდველს ხდის.
OOH (Out-of-Home) რეკლამის ინტეგრაცია ციფრულ და სოციალურ მედიაპლატფორმებთან ბოლო პერიოდში ერთ-ერთ მთავარ ტრენდად იქცა. ადგილობრივ ბაზარზე ძირითადად QR კოდებს იყენებენ, ხოლო გლობალური კამპანიების ფარგლებში ხშირად გვხვდება AR (Augmented Reality) ინტეგრაცია, რომელიც ფიზიკური და ციფრული სამყაროების გაერთიანებით მომხმარებლებს უშუალოდ ბრენდებთან ინტერაქციის საშუალებას აძლევს.
სატელევიზიო სტატისტიკიური ინფორმაციის წყარო: TMI ტრი მედია ინტელიჯენსი.
მოითხოვეთ წვდომა 2024 წლის სრულ მედია მიმოხილვაზე:
წყარო: marketer.ge