პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ამბობს, რომ საჭიროა რეზერვისტების მომზადება მაშინ, როდესაც რუსეთიდან მომავალი საფრთხე იზრდება. მისი თქმით, მთავრობა 2027 წლიდან აპირებს, ყოველწლიურად 100 ათასამდე მოხალისეს ჩაუტაროს სამხედრო წვრთნა.
„დარწმუნებული ვარ, მოხალისეების დეფიციტი არ იქნება. ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა დაინტერესებულმა პირმა შეძლოს წვრთნაში მონაწილეობის მიღება”, – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
დონალდ ტუსკის თქმით, სამხედრო წვრთნას გაივლიან მინისტრები და მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც და საჯარო მოხელეებმა ინფორმაცია ამის თაობაზე უკვე მიიღეს.
გასულ კვირას, პოლონეთის პრემიერმა თქვა, რომ პოლონეთს სჭირდება 500 ათასამდე სამხედრო, რაც ამჟამინდელზე დაახლოებით ორჯერ მეტია.
წყარო: euronews georgia
