სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტების პროტესტი მოყვა უნივერსიტეტის სააქტო დარბაზის დათმობას სტუდენტური იუმორისტული შოუს ჩაწერისთვის, რომელიც პროპაგანდისტულ ტელეარხ პოსტ ტვ-ს ეთერში გადის. რამდენიმე სტუდენტი, ვინც ბანერებით გამოხატა თავის უკმაყოფილება უნივერსიტეტის ეზოში, გაბრაზებული იყო იმის გამო რომ უნივერსიტეტის მხრიდან მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია, თუკი ამ იუმორისტული შოუს ჩაწერა იგეგმებოდა მათ სივრცეში. იუმორისტული შოუს გადასაღებად სამედიცინოს ეზოში მობილიზებული იყო ტელეკომპანიების, პოსტ ტვ-სა და იმედის გადამღები ჯგიფების ავტომობილები და ტექნიკა.
“უნივერსიტეტის გვერდზე არ იძებნება არანაირი ინფორმაცია დღევანდელ „ფესტივალთან“ დაკავშირებით, მათ არ გაავრცელეს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ უნივერსიტეტის დარბაზს უთმობდნენ „პოსტივის“ პროექტს „ქართული ლიგა-ს“. უნივერსიტეტი გვეკუთვნის სტუდენტებს! თსსუ-ში პროპაგანდისტი შალვა რამიშვილისა და „ტვ ნაძეჟდას“ ადგილი არ არის!” – დაწერეს სტუდენტური გაერთიანება მომავლის მკურნალებმა ფეისბუკზე.
როგორც რადიო თავისუფლებას უნივერსიტეტის პრესსამსახურში უთხრეს, მათ სივრცე ახალგაზრდულ ფესტივალს დაუთმეს იმის გამო, რომ სიცილის ლიგაში წლებია მონაწილეობს სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების გუნდიც, “კოზანოსტრა”, ინფორმაცია კი ფართო აუდიტორიისთვის იმიტომ არ გაავრცელეს, რომ თავად არ იყო უნივერსიტეტი ამ ღონისძიების ორგანიზატორი და მხოლოდ ფართის დათმობით შემოიფარგლებოდა მათი მონაწილეობა ამ შოუს ჩაწერის პროცესში. პრესსამსახურის ინფორმაციით, უნივერსიტეტს სივრცის დათმობის თხოვნით სიცილის ლიგის პრეზიდენტმა, ნიკოლოზ მახვილაძემ მიმართა.
