იტალია გააგრძელებს მუშაობას ევროპასთან და აშშ-სთან ერთად უსაფრთხოების გარანტიების განსაზღვრაზე, თუმცა უკრაინაში შესაძლო სამხედრო მისიაში მონაწილეობას არ გეგმავს
იტალიის მთავრობა განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ადასტურებს, რომ არ გეგმავს უკრაინაში სამხედრო მისიაში მონაწილეობას რუსეთთან პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების მხარდასაჭერად.
განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ „მსურველთა კოალიციის“ ვირტუალურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
იტალიის მთავრობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მხოლოდ სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას შეუძლია უზრუნველყოს უკრაინის მომავალი სუვერენიტეტი და უსაფრთხოება.
„პრემიერ-მინისტრმა მელონიმ დაადასტურა, რომ იტალია აპირებს გააგრძელოს მუშაობა ევროპელ და დასავლელ პარტნიორებთან და აშშ-სთან ერთად საიმედო და ეფექტური უსაფრთხოების გარანტიების განსაზღვრაზე, თუმცა, დაადასტურა, რომ იტალიის მონაწილეობა შესაძლო სამხედრო მისიაში არ იგეგმება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა დღევანდელი ვირტუალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ „მსურველთა კოალიციის“ ძალისხმევა შედის ოპერაციულ ფაზაში, 20 მარტს ბრიტანეთში სამხედრო მაღალჩინოსნები შეიკრიბებიან და იმსჯელებენ, თუ როგორ შეიძლება გაძლიერდეს მომავალი სამშვიდობო შეთანხმება.
წყარო: 1tv.ge
