თბილისში, აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი მონაწილის და პარლამენტთან რკინის ჯებირის დაზიანების ბრალდებით დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილის ოჯახი და ადვოკატი მის მიმართ ზეწოლასა და იძულებაზე საუბრობენ. მათი ცნობით, მსჯავრდებული მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაყავთ გლდანის პენიტენციური დაწესებულებიდან რუსთავის ციხეში. ადვოკატის ცნობით, დახმარების სათხოვნელად მას ომარ ოკრიბელაშვილი თვად დაუკავშირდა 15 მარტის დილას და დახმარება სთხოვა.
“აკანკალებული ხმა ჰქონდა. 10-მდე ბადრაგი შეცვივდა ომარის კამერაში. ეუბნებიან, რომ მე-12 დაწესებულება ღიაა და იქ, თითქოს, უკეთეს პირობებში იქნება. ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
მე-12 დაწესებულებაში კარგად ვიცი რაც ხდება. შეიძლება არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას ჰქონდეს ადგილი. იმ დროს, როცა პრეზიდენტთან შეწყალების თხოვნა გვაქვს შეტანილი და შეიძლება 1 თვეში გარეთ ვიხილოთ როგორც ომარი, ისე საბა 9 [საბა მეფარიშვილი, რომელიც ომარის იდენტური ბრალდებით არის დაკავებული – რ.თ], მათი გადაყვანა აქედან არ უნდა მოხდეს” – უთხრა მედიას ოკრიბელაშვილის ადვოკატმა დავით გამყრელიძემ. ის ითხოვს არ შეუცვალონ ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებულ ორ ახალგაზრდას დაწესებულება, სადაც სასჯელს იხდიან, რადგან გლდანში ისინი უკვე შეეჩვივნენ პირობებს და აქ მათი მონახულება უფრო მარტივია მათი მშობლებისთვისაც, რომლებიც რეგიონებში ცხოვრობენ.
“მოუწოდებ პენიტენციურ დაწესებულებას, არ განხორციელდეს ომარ ოკრიბელაშვილზე ზეწოლა და დატოვონ აქ, მე-8 დაწესებულებაში” – ამბობს ადვოკატი.
“პირველი ადვოკატს დაურეკა, მერე მე დამირეკა, მამი მიშველე რამენაირადო, იქ რა მოხდა ჩვენ არ ვიცით, ფსიქოლოგიური ზეწოლა მოხდა თუ ფიზიკური, უნდა გადახვიდეო; სრული უფლება აქვს პატიმარს მოითხოვოს არ გადაიყვანონ სხვაგან – ამიტომ მოხდა ეს აჟიოტაჟი. ხალხმა ყველამ უნდა გაიგოს, რა ხდება საქართველოში” – ამბობს გლდანის ციხესთან მყოფი ოკრიბელაშვილის მამა. ოჯახმა დღის ორ საათის მდგომარეობით არ იცის პატიმრის ადგილსამყოფელი.
რადიო თავისუფლება ცდილობს პენიტენციური დაწესებულებიდან და იუსტიციის სამინისტროდან, რომელიც პენიტენციურის ზემდგომი უწყებაა, მიიღოს პასუხი ოკრიბელაშვილის ადგილმდებარეობის შესახებ, თუმცა უწყებების პრესსამსახურებისგან მასალის გამოქვეყნების დროისთვის კონკრეტული ინფორმაციის მიღება ვერ შევძელით.
დავით ოკრიბელაშვილსაც და საბა მეფარიშვილსაც შეწყალების თხოვნით მიმართული აქვთ მიხეილ ყაველაშვილისთვის.
მათ წაყენებული ბრალი 20 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაზე აღიარეს, რის შემდეგაც საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.
საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი. მათ სასჯელის სახედ 3 წელი განესაზღვრათ, თუმცა 2024 წლის 17 სექტემბრის ამნისტიის შედეგად, მათ ეს სასჯელი 2 წელი და 6 თვე გაუხდათ. აქედან მსჯავრდადებულებს 1,5 წელი რეალური სასჯელის მოხდა მოუწევთ, 1 წელი კი პირობითი სასჯელი განესაზღვრათ, შესაბამისად ორივე მათგანი პენიტენციურ დაწესებულებაში კიდევ 10 თვეს გაატარებს.
ფორუმი
