ქართული ტურისტული ბიზნესი ძირითადად აზიურ ბაზრებზე გადაეწყო. დღეს მოთხოვნა სწორედ აზიური ბაზრებიდან, ჩინეთიდან, ინდოეთიდან და საუდის არაბეთიდან მოდის, რადგან როგორც ტურისტული კომპანიების ნაწილი აცხადებს, ევროპის ბაზარი ფაქტობრივად დახურულია და შექმნილი გაურკვევლობის გამო ევროპელი ტურისტი საქართველოში იშვიათად ჩამოდის. მარტიდან გამოცოცხლება შეიმჩნევა სტუმარმასპინძლობის სექტორშიც.
სასტუმროების ფედერაციის ინფორმაციით, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე გათვლა სწორედ ინდოეთის და ჩინეთის ბაზრებზე კეთდება, თუმცა როგორც შალვა ალავერდაშვილი ამბობს, ინდოეთიდან ტურისტების შემოსვლასთან დაკავშირებით საქართველოს საზღვარზე ისევ პრობლემებია.
“უფრო მეტი გათვლა ამ ეტაპზე აღმოსავლეთის ქვეყნებზე, ჩინეთსა და ინდოეთზე კეთდება არსებული რეალობიდან გამომდინარე. ჩვენ არ ვამბობთ, რომ არ გვინდა შემოვიდეს ევროპელი სტუმარი, გვინდა და ეს ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, თუმცა რეალური ცხოვრებიდან გამომდინარე წელს უფრო აღმოსავლეთის ბაზრებიდან ველოდებით ზრდას.
ინდოეთი უფრო აქტიური გახდა ამ ბოლო დრო, თუმცა საზღვრის პრობლემები ისევ ისე დგას, შედარებით გამოსწორდა სიტუაცია, თუმცა არა მთლიანად. მინდა ვითხოვო, რომ ადამიანები, რომლებიც ვიზას იღებენ და ვიზით მოდიან ამ ქვეყანაში, ეს ხალხი შემოუშვით!“-აცხადებს შალვა ალავერდაშვილი.
რადგან ევროპიდან საქართველოში მოგზაურობაზე მოთხოვნა შემცირებულია, მთავარი სამიზნე ბაზარი ტურისტული კომპანიებისთვისაც აზიური ბაზრები და კონკრეტულად ინდოეთია. “ტოპ ტურის” დამფუძნებელი ადასტურებს, რომ ინდოეთიდან საგრძნობლად არის გაზრდილი ინტერესი საქართველოს მიმართ, თუმცა ინდოელი მოგზაურებისთვის ერთის მხრივ გამოწვევაა ის, რომ ქართული მხარე რთულად გასცემს ვიზებს და მეორეს მხრივ საზღვარზე ჯერ კიდევ ხშირია ვიზის მქონე ინდოელი ტურისტების უკან გაბრუნების ფაქტები, რაც ბუნებრივია საქართველოს იმიჯზე და კონკურენტუნარიანობაზე მოქმედებს.
„ჩემი კომპანიის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ უკან ის ადამიანები გააბრუნეს, ვისაც რაიმე ნათესაური კავშირი ან ურთიერთობა ჰქონდათ პაკისტანთან. არის შემთხვევები, როცა არ აბრუნებენ, მაგრამ დიდი ხანი ხდება მათი შეყოვნება საზღვარზე. ბოლოს 112 კაცს ვუმასპინძლეთ და დაახლოებით 16-ჯერ განახორციელეს ზარი სხვადასხვა ადამიანზე და გვეკითხებოდნენ ნამდვილად თქვენი სტუმარი არის თუ არა, გადახდილი აქვს თუ არა ამა თუ იმ სერვისებზე. რა თქმა უნდა ეს იმიჯზე ძალიან ცუდად აისახება, რაც არ უნდა გავაკეთოთ, რამდენი აქტიური კამპანიაც არ უნდა ჩავატაროთ, როდესაც საზღვარზე შემოდის ტურისტი, რომელსაც აქტიური ვიზა აქვს და ის უკან ბრუნდება, აზიანებს როგორც ბაზარს, ისე ჩვენს რეპუტაციას და სამომავლოდ მათთვის ძალიან რთული იქნება გადაწყვეტილების მიღება, რომ ეწვიონ ჩვენს ქვეყანას.
როცა MICE ტურიზმის კორპორაციული დიდი ჯგუფი ჩამოდის და დაახლოებით 60-70 კაციდან 10 ბრუნდება უკან, შემდგომ უკვე თავს იკავებენ საქართველოში ჩამოსვლისგან და ირჩევენ ისეთ ბაზრებს, როგორიცაა აზერბაიჯანი, სადაც უვიზო მიმოსვლაა და ნაკლებად დაბრკოლებებს აწყდებიან, ვიდრე საქართველოში.
დიდი ინტერესია ინდოეთიდან, მაგრამ ძირითადი პრობლემაა ვიზის საკითხი. ერთია, რომ რთულად გასცემენ, გაცემის შემდეგ კი უკან აბრუნებენ საზღვრიდან“,-აცხადებს bm.ge-სთან ინტერვიუში ნონა ფოლადაშვილი.
წელსაც, სავარაუდოდ ქართულ ტურიზმში წამყვანი აზიური ბაზრები იქნება. საინვესტიციო ბანკს გალტ & თაგარტის საბაზისო პროგნოზით, წელს 5.3 მლნ ტურისტი ეწვევა საქართველოს, იმ დაშვებით, რომ მიმდინარე პოლიტიკური არასტაბილურობა ძირითადად პირველი კვარტლის ტურისტულ ნაკადებზე აისახება. ამასთან, მაღალი გაურკვევლობის მიუხედავად, გალტ & თაგარტი არც პესიმისტურ სცენარში პროგნოზირებს ტურისტული ნაკადების მკვეთრად შემცირებას, აზიის ბაზრებიდან მზარდი ნაკადების გათვალისწინებით.
