თინა ბოკუჩავა – ნამდვილად გვაქვს შესაძლებლობა, რომ 31 მარტი გამოვიყენოთ ერთიანობის გასაჟღერებლად – თუ გაერთიანება არ შედგება, უნდა დასახელდნენ კონკრეტული აქტორები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამ გაერთიანებას

31 მარტი მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოს, როგორც დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღე, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვან თარიღად უნდა ვაქციოთ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ 31 მარტს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც ბოკუჩავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, 31 მარტი უნდა გახდეს ბოლო ვადა ერთიანობის შესახებ დისკუსიის.
როგორც ბოკუჩავა ამბობს, იმ შემთხვევაში თუ გაერთიანება არ შედგა, უნდა დასახელდეს კონკრეტული აქტორები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან გაერთიანებას.
„პრეზიდენტთან შეხვედრაზე 31 მარტის საპროტესტო აქცია განვიხილეთ. მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოს, როგორც დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღე, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვან თარიღად უნდა ვაქციოთ. ნამდვილად გვაქვს შესაძლებლობა, რომ ეს დღე გამოვიყენოთ ერთიანობის გასაჟღერებლად, თუმცა ეს არ არის დამოკიდებული „ნაციონალურ მოძრაობაზე“, არც ცალკე პარტიაზე, არც პრეზიდენტზეც, არამედ ეს დამოკიდებულია მთელ პოლიტიკურ სპექტრზე. „ნაციონალურ მოძრაობა“ მომხრე იყო ერთიანი ფრონტის, მათ შორის, არჩევნებამდეც. დღესაც მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი, მოკლე და უტყუარი გზა გამარჯვებამდე. თუ ამას სხვა პოლიტიკური ძალები ვერ აცნობიერებენ, იძულებითი ფორმით ვერავინ ვერავის აიძულებს გაერთიანებას.
31 მარტის თარიღი უნდა გახდეს ბოლო ვადა ამ დისკუსიის. მიზანშეწონილი არ არის ის, რომ ამას ყოველთვის ახლდეს იმედგაცრუება, რომ ოპოზიციამ კვლავ ვერ შეძლო გაერთიანება და ა.შ. თუ ეს გაერთიანება არ შედგება, უნდა დასახელდნენ კონკრეტული აქტორები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამ გაერთიანებას.
მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი განსხვავებები გვაქვს, ყველაზე ფუნდამენტური პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, კერძოდ, ეს არის პრეზიდენტ სააკაშვილის არ შეწყალების საკითხი. საზოგადოების კონსოლიდაციისთვის ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა და პარტიული ხაზებისა და წარსულის დავიწყება იქნებოდა სწორი ნაბიჯი. პოლიტიკური პატიმარი არ შეიძლება განისაზღვროს ვინმეს პოლიტიკური გემოვნების მიხედვით“,- განაცხადა ბოკუჩავამ.
ამასთან, მან ისაუბრა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კახეთის გზატკეცილზე მდებარე პარტიის ცენტრალური ოფისი გაყიდვის მიზეზებზე. ბოკუჩავას თქმით, გაყიდვის მიზეზი იყო – ოფისი გადმოეტანათ ქალაქის ცენტრში, სადაც ყოველდღიურად მიმდინარეობს პროტესტი და ასევე უკავშირებს ფინანსურ საკითხს.
„ჩავთვალეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია „ნაციონალურ მოძრაობა“, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა, ქალაქის ცენტრში იყოს წარმოდგენილი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ გავაგრძელებთ აქტიურ საქმიანობას, მათ შორის რეგიონებში, სადაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს ძლიერი ორგანიზაციები. თბილისში, ბრძოლა გადის რუსთაველის გამზირზე, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ვყოფილიყავით ეპიცენტრთან უფრო ახლოს.
რა თქმა უნდა, ფინანსური გადაწყვეტილებაც არის. იმისთვის, რომ ეფექტურად მივიღოთ მონაწილეობა საპროტესტო აქტივობებში. ამიტომ, სხვადასხვა ფაქტორებმა განაპირობა ჩვენი ეს გადაწყვეტილება“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ახლა ნანგრევების დასუფთავებით ვიქნებოდით დაკავებულები – ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ, ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს

შალვა პაპუაშვილი – ბაჩო ახალაია მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას – ისიც კი ვერ გაბედა, საკუთარ თავზე დაეტოვებინა პასუხისმგებლობა და მეუღლისთვის ჩამოეშორებინა

შალვა პაპუაშვილი – პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით პარლამენტის სპეციალური კომისიის მუშაობა ღია, საჯარო იქნება – საზოგადოების თვალწინ შევეცდებით გავარკვიოთ, როგორ ხდება სასურსათო პროდუქტებზე ფასების წარმოქმნა