კონსტანტინე ზარნაძე – კვლევები შეისწავლის გლდანის ტბის ეკოლოგიურ მდგომარეობას

კვლევები შეისწავლის გლდანის ტბის ეკოლოგიურ მდგომარეობას, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა, გლდანის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა კონსტანტინე ზარნაძემ საკრებულოს სხდომაზე გლდანის ტბის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც საკრებულოს დეპუტატმა აღნიშნა, გლდანის რაიონის მცხოვრებლებისთვის საკითხი მწვავედ დგას და აუცილებელია მისი უახლოეს მომავალში გადაწყვეტა.
„ჩვენს რაიონში გლდანის ტბის დაშრობის საკითხი ძალიან მწვავედ დგას. გამარჯვებულია კომპანია, რომელსაც ევალება ჩაატაროს კვლევა, რომელიც განსაზღვრავს, თუ რატომ შრება ტბა და როგორ უნდა მოხდეს ამ პროცესის შეჩერება. მინდა ვთხოვო ურბანულ კომისიას, რომ შემდეგ სხდომაზე მოვიწვიოთ საინიციატივო ჯგუფის წევრები და კომპანია, რომელსაც ევალება აღნიშნული კვლევის ჩატარება. ძალიან ბევრი პრობლემაა ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან ტბას აქვს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის სტატუსი. მინდა ჩვენს ოპოზიციონერ პარტიებსაც ვთხოვოთ ამ საკითხში ჩართულობა, რათა ერთად შევაჯეროთ აზრები და ტბას დავუბრუნოთ სტატუსი. მომავალი წლის ზაფხულამდე აუცილებელია ამ პრობლემის გადაჭრა, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ძალიან რთული პრობლემების წინაშე დადგეს გლდანის რაიონი“, – განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.