ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის ინტენსივობა იკლებს

ისლანდიაში, ვულკანიდან ამოფრქვეული ლავა, ახლომდებარე ქალაქისკენ მიედინება. თუმცა, ოფიციალური პირების განცხადებით, ამოფრქვევის ინტენსივობა იკლებს, რაც აჩენს იმედს, რომ დასახლებული პუნქტები უსაფრთხოდ დარჩება. სპეციალისტები ამბობენ, რომ სეისმური აქტოვობა, შესაძლოა, თვეების განმავლობაში გაგრძელდეს.
ხელისუფლების განცხადებთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვულკანის ამოფრქვევამ ავიამიმოსვლა შეაფერხოს. კუნძულზე, 2010 წელს, ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაგროვებული ფერფლის ღრუბლებმა, ფრენებიც შეაფერხა.
ორშაბათს, გვიან ღამით, რეიკიანესის ნახევარკუნძულზე, სამხრეთ-დასავლეთ ისლანდიაში, ამოფრქვევამ ჰაერში 100 მეტრზე მეტი სიმაღლის ლავა და კვამლი წარმოქმნა. ამას წინ უსწრებდა ერთკვირიანი ინტენსიური სეისმური აქტივობა.
„ამოფრქვევა არ წარმოადგენს საფრთხეს სიცოცხლისთვის. არ შექმნილა შეფერხება ფრენებზე, საერთაშორისო საფრენი დერეფნები ღია რჩება“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
გასულ თვეში, ხელისუფლებამ, ვულკანის მახლობლად მდებარე მეთევზეთა ქალაქ გრინდავიკიდან, 4000 მცხოვრების ევაკუაცია განახორციელა. ქალაქი, დედაქალაქ რეიკიავიკიდან 40 კილომეტრითაა დაშორებული. მოსახლოება სახლებს ეტაპობრივად, საფრთხის შემცირების პარალელურად დაუბრუნდება.