„ყველაზე კარგი ინვესტიციაა, როდესაც ინვესტორი არის ადგილობრივი რეზიდენტი, ხოლო ყველაზე ცუდი ინვესტიციაა, როდესაც ეს არის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია“ – ეკონომისტი
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მკვეთრად შემცირდა. 2024 წელს მისმა მაჩვენებელმა თითქმის 30%-ით იკლო, რასაც ეკონომისტები ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებენ, თუმცა იქვე აცხადებენ, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან მას ქვეყნისთვის მაინცდამაინც კარგი არაფერი მოაქვს.
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წელს 1 მილიარდ 333 მილიონ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 29.9%-ით ნაკლებია. 2024 წლის წინასწარ მონაცემებში აღნიშნულია, რომ შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის: სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებლის შემცირება.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ზედიზედ მეორე წელია კლების ტენდენციით ხასიათდება. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2020 წელს შემცირდა (583 მლნ-მდე), 2021-2022 წლების დინამიკა ლიდადებითი იყო (1.245 მლრდ და 2.253 მლრდ), ხოლო 2023 წელს ინვესტიციების მოცულობა 1.902 მლრდ-მდე შემცირდა.
რაც შეეხება 2024 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილებას კომპონენტების მიხედვით, სააქციო კაპიტალის მოცულობამ 483.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 60.1%-ით ნაკლებია, ხოლო რეინვესტიციამ 1 მილიარდ 170 მლნ დოლარი შეადგინა და წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 26.4%-ით ნაკლებია.
რეინვესტიციების წილი მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 2024 წელს 87.8%-მდე გაიზარდა მაშინ, როდესაც 2023 წელს ეს მაჩვენებელი 83.7% იყო.
2024 წლის წინასწარი მონაცემებით, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 58.2% შეადგინა. პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფოა – 33.6%-ით, მეორეზე – მალტა 13.2%-ით, ხოლო მესამეზე – ნიდერლანდები 11.4%-ით.
უცხოური ინვესტიციების შემცირებაში პრობლემას ვერ ხედავენ ანალიტიკოსები და ფიქრობენ, რომ ამ კუთხით აქცენტის გაკეთება არასწორია. ეკონომისტმა სოსო სიმონიშვილმა დაუფარავად აღნიშნა, რომ “პირდაპირი უცხოური ინვესტიცია არის ყველაზე ცუდი სხვადასხვა ინვესტიციებს შორის. ამიტომ კარგია, რომ მისი მოცულობა მცირდება”.
“მე ყოველთვის მაშფოთებდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა, მაგრამ არ მაშფოთებს მისი შემცირება. ამ საკითხით არის დაკავებული ეკონომიკის სამინიტრო, რომელიც ეძებს, ჩამოჰყავს უცხოელი ინვესტორები და ცდილობს, რომ მათ მიჰყიდოს, ხშირ შემთხვევაში, მიწა. არაფერი ამაზე უარესი არ შეიძლება მოხდეს ქვეყნის ისტორიაში, ამაში კარგი არაფერი არ არის. მეტიც, პირდაპირი უცხოური ინვესტიცია არის ყველაზე ცუდი სხვადასხვა ინვესტიციებს შორის, ამიტომ კარგია, რომ მისი მოცულობა მცირდება, რადგან, როგორც გითხარით, ასეთი ინვესტიცია ქვეყნისთვის არ არის სარგებლის მომტანი.
ცუდია იმიტომ, რომ უცხოელი ხდება ბიზნესის 100%-იანი წლის მფლობელი. მეორეც, უცხოელ ინვესტორს მიღებული მოგება მთლიანად გააქვს საქართველოდან და ქვეყანა კარგავს ფულს და ა.შ. წარმოიდგინეთ, უცხოელის ნაცვლად რომ იყოს აქაური, ადგილობრივი, რეზიდენტი ინვესტორი, ის უზარმაზარი მოგება დარჩებოდა საქართველოში, ქვეყანაში დატრიალდებოდა ფული და კარგი იქნებოდა მთავრობისთვისაც, ხალხისთვისაც და კადრების რესურსი დაგროვდებოდა.
პირდაპირ უცხოურ ინვესტიციაზე აქცენტის გაკეთება და საუბარი იმის შესახებ, რომ კარგია, შეუძლია ისეთ ხელისუფლებას, რომელსაც არ აინტერესებს ქვეყნის მომავალი. ხომ შეიძლება სახელმწიფომ აიღოს კრედიტი, ბევრად უფრო დაბალი პროცენტით, ვიდრე ქვეყანაში უჯდება უცხოური ინვესტორის შემოყვანა და დაბალი საპროცენტო განაკვეთით ეს თანხა მისცეს ჩვენს მეწარმეებს. საქართველოს არც ერთ მთავრობას არ გაუკეთებია ასეთი რამ, თუმცა თუ გადახედავთ სხვა ქვეყნები როგორ იქცევიან, ვნახავთ, რომ ყველა ცდილობს თავიანთი მიწა უცხოელებს არ გადასცეს.
ყველაზე კარგი ინვესტიციაა, როდესაც ინვესტორი არის ადგილობრივი რეზიდენტი, ხოლო ყველაზე ცუდი ინვესტიციაა, როდესაც ეს არის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, მით უმეტეს, როდესაც ის არის 100%-იანი”, – განუცხადა “რეზონანსს” სოსო სიმონიშვილმა.
ვრცლად: www.resonancedaily.com
