საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მომხმარებლის დაცვის III საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ქ. ზუგდიდში გამართულ შეხვედრაზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. შეხვედრას ესწრებოდნენ მომხმარებელთა დაცვის სექტორში მოქმედი ორგანიზაციების წარმომადგენლები. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და მარეგულირებელი უწყებების ხელმძღვანელმა პირებმა.
დავით ნარმანიამ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ახალ რეგულაციებზე, რომლებიც ხელს უწყობს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.
„სემეკმა დანერგა ახალი რეგულაცია, რომელიც შეეხება მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის ერთიანი სისტემის დანერგვას. კერძოდ, სემეკის მიერ დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ ცვლილებები განხორციელდა, რომლის თანახმადაც, მიუხედავად იმისა თუ ვინ დარეგისტრირდება მრავალბინიანი სახლის ცენტრალური გათბობის მფლობელ მომხმარებლად – ფიზიკური თუ იურიდიული პირი ან ამხანაგობა, ბუნებრივი გაზის საანგარიშსწორებო მრიცხველზე განხორციელდება საყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარებული ბუნებრივი გაზის ინდივიდუალური წილის გამოთვლა და დარიცხვა. ამისთვის, საჭირო იქნება ბუნებრივი გაზის განაწილების კომპანიისთვის განცხადებით მიმართვა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მან ასევე ისაუბრა გამარტივებულ მომსახურებებზე. სემეკის თავმჯდომარის თქმით, სემეკის მიერ დანერგილი *303#-ის მომსახურების საშუალებით, რომელიც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, რომ მოკლე დროში მობილური ტელეფონის საშუალებით მიიღოს კომუნალური ინფორმაცია, 7 მილიონამდე ტრანზაქცია განხორციელდა.
„უნდა აღინიშნოს, რომ სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რომელიც მომხმარებლისთვის გამარტივებული მომსახურების შეთავაზებას ისახავს მიზნად, მომსახურებით დღემდე 113-მდე მოქალაქემ ისარგებლა. სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა: ელექტროენერგეტიკის სექტორში კომპანიასთან გააფორმონ მიწოდების ხელშეკრულება; ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში დარეგისტრირდნენ მომხმარებლად და გადაამოწმონ დავალიანება; დააფიქსირონ სოციალური სტატუსის შესახებ ინფორმაცია. მოითხოვონ: დარიცხვის გადამოწმება; პირადი ინფორმაცია ბრუნვის ისტორიიდან; მრიცხველის ადგილზე შემოწმება; მომარაგების დროებით გათიშვა/აღდგენა; ტექნიკური ხარისხის ადგილზე შემოწმება მაღალ ან დაბალ ძაბვაზე/წნევაზე, ძაბვის/წნევის ცვალებადობაზე; ხშირ წყვეტაზე და სასმელი წყლის ხარისხზე. კომუნალური კომპანიის მომსახურებით უკმაყოფილების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ სემეკს საკითხის შესწავლისა და რეაგირების მოთხოვნით. ამასთანავე, სემეკის პასუხის მატერიალური ფორმით მიღება შესაძლებელია ამავე სივრცეში“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ.
10-15 მარტს ექვსი მარეგულირებელი უწყების – სემეკის, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, კომუნიკაციების კომისიის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით მომხმარებლის დაცვის III საერთაშორისო კვირეული იმართება. კვირეულის მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება.
